მხატვრული თარგმანი და მასთან დაკავშირებული ფილოლოგიური კვლევა (ედგარ პოს ერთი ლექსის ქართული და რუსული თარგმანების მასალაზე)

მხატვრული თარგმანის როგორც ფენომენის სირთულეს მოწმობს მასთან მჭიდროდ დაკავშირებული მეცნიერების დარგები: ლინგვისტიკა, ტექსტის ლინგვისტიკა, სემასიოლოგია, სტილისტიკა, პრაგმატიკა, ლიტმცოდნეობა,  ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ისტორია და სხვანი, ასევე თარგმანის თეორიისა და თარგმანის ლინგვისტიკის ცალკე დისციპლინებად ჩამოყალიბება. იმის საილუსტრაციოდ, თუ რაოდენ საპასუხისმგებლოა ლიტერატურული ნაწარმოების თარგმნა, დავასახელებ რამდენიმე მოთხოვნას, რომელსაც მხატვრული თარგმანი უნდა აკმაყოფილებდეს: მთარგმნელის ამოცანა, უპირველეს ყოვლისა, დედნის როგორც შინაარსის, ისე ფორმისა და მხატვრული მხარის სწორად გადმოტანაში მდგომარეობს. მან უნდა მოახერხოს დედნის შინაარსობრივი კატეგორიების – შინაარსობრივ-ფაქტობრივი, შინაარსობრივ-კონცეპტუალური, შინაარსობრივ-ქვეტექსტური [Гальперин, 1981:27] და შინაარსობრივ-ხატობრივი ინფორმაციის [მერაბიშვილი, 2005:196] – ადეკვატურად ტრანსფორმირება. ასევე, თარგმანში რეპროდუქცირებული უნდა იყოს დედნის ავტორის სტილი [ფანჯიკიძე, 1988:29] და იგი დედნის ტოლფას ემოციურ-ესთეტიკურ ეფექტს უნდა ახდენდეს სამიზნე მკითხველზე. პოეტური თარგმანის შემთხვევაში ამას ემატება ლექსის პარამეტრების - რითმის, რიტმის, მეტრის, ასევე მელოდიის შენარჩუნება.

ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ დედნის ტექსტის სწორი ინტერპრეტაცია, რაც მისი სწორად თარგმნის საწინდარია, ზოგჯერ მხოლოდ მიკროკონტექსტის მეშვეობით ვერ ხერხდება და საჭირო ხდება მაკროკონტექსტის  ანუ გარე ტექსტის მოშველიება – „დედნის ავტორის მთელი შემოქმედების შესწავლა, მის მსოფლმხედველობაში გარკვევა, სათარგმნი ნაწარმოების შექმნის ისტორიის მოძიება“ [ფანჯიკიძე, 1988:11]. ზოგჯერ ესეც არ არის საკმარისი და ავტორისეული ალუზიები მთარგმნელისაგან მსოფლიო ლიტერატურის, ისტორიისა თუ მითოლოგიის გადახედვას მოითხოვს. სწორედ ამიტომ მიიჩნევენ, რომ „მხატვრული თარგმანი შემოქმედებაა, ოღონდ ფილოლოგიურ შრომასთან შერწყმული შემოქმედება“ [ფანჯიკიძე, 1988:3]. უფრო კონკრეტულად, იქედან გამომდინარე, რომ ჩემი ნაშრომი პოეტური თარგმანის განხილვას ისახავს მიზნად, აქვე მოვიყვან ლ. გინზბურგის სიტყვებს: „თარგმანში პოეზია ხვდება ფილოლოგიას, შთაგონებული აღტყინება - რუდუნებით შესრულებულ გამოკვლევას“ [მერაბიშვილი, 2005:9]. 

როგორც უკვე აღვნიშნე, წინამდებარე ნაშრომი მხატვრული ლიტერატურის, კერძოდ, პოეზიის თარგმნას ეხება, რასაც ეჭვქვეშ აყენებდა არაერთი ცნობილი ავტორი თუ თეორეტიკოსი. მაგალითად,  გამოჩენილი უელსელი პოეტი რ. ს. ტომასი ლექსის თარგმნას სახეზე ცხვირსახოცაფარებული ადამიანის კოცნას ადარებდა [House, 2013:3]; გერმანელი ენათმეცნიერი ვილჰელმ ჰუმბოლდტი წერდა, რომ „ყოველგვარი თარგმანი განუხორციელებელი პრობლემის გადაჭრის მცდელობაა“; სერვანტესი თარგმანს უკუღმა პირიდან დანახულ ხალიჩას ამსგავსებდა; რუსი პოეტი და კრიტიკოსი ვ. ბრიუსოვი კი თვლიდა, რომ ,,პოეტური ქმნილების ერთი ენიდან მეორეზე გადატანა შეუძლებელია, მაგრამ ასევე შეუძლებელია უარი თქვა ამ ოცნებაზე“ [მერაბიშვილი, 2005:13].

ვინაიდან, მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი სირთულეებისა,  თავადაც ვერ ვთქვი უარი ამ ოცნებაზე, მოცემულ სტატიაში მინდა ედგარ ალან პოს ერთი ლექსის საკუთარ თარგმანზე ვისაუბრო, რომელსაც შევუპირისპირებ დედანსა და სხვა არსებულ თარგმანებს. ეს ნაწარმოები გახლავთ ედგარ პოს მიერ მისი თანაკლასელის დედის – მისის ჯეინ სტენარდისადმი მიძღვნილი სამსტროფიანი ლექსი „To Helen“, რომელიც პირველად 1831 წელს გამოქვეყნდა.  ცნობილია, რომ მოგვიანებით თავად პოეტს განუცხადებია, რომ მისის სტენარდი მისი პირველი სიყვარული იყო,  თუმცა არსებობს მოსაზრებაც, რომ 14 წლის ყმაწვილი კი არ ეტრფოდა თანაკლასელის დედას, არამედ მადლიერებით იყო მისადმი განმსჭვალული, რადგან სწორედ ამ ქალმა წაახალისა პირველად, რომ ლექსები ეწერა. 

ლექსის სათაურიდანვე იწყება მხატვრული შედარება, რომელიც მთელ სტროფს – 5 სტრიქონს მოიცავს. პოეტი თავისი შთაგონების წყაროს ჰელენად მოიხსენიებს, გულისხმობს რა მშვენიერ ელენეს, რომელიც ბერძნულ მითოლოგიაში მიწიერ ქალთა შორის ულამაზესად ითვლება.  ლექსის პირველი სტროფი ასე ჟღერს:

Helen, thy beauty is to me
Like those Nicéan barks of yore,
That gently, o'er a perfumed sea,
The weary, way-worn wanderer bore
To his own native shore [An Anthology… 1972:263].

ლექსის ამ ნაწილში პოეტი ჰელენის მშვენიერებას ძველი დროის ნიკეურ იალქნიან ხომალდს ადარებს, რომელსაც  დაღლილი მგზავრი სურნელებით  გაჟღენთილ ზღვაში ფრთხილად მიჰყავდა სამშობლოსაკენ. ეს უთუოდ მინიშნებაა იმაზე, რომ ქალის სილამაზემ ლექსის ლირიკულ გმირს იგივე  განაცდევინა, რასაც დაღალული მგზავრი სამშობლოში დაბრუნებისას განიცდის – სიხარულს, სიმშვიდესა და უსაფრთხოების გრძნობას. 

მაგრამ ვინ იგულისხმება დაღალულ  მოგზაურში? ამ ალუზიის თაობაზე მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგი მიიჩნევს, რომ მასში გაიუს ვალერიუს კატულუსი (რომაელი ლირიკოსი პოეტი, რომელიც ძვ. წ. აღ. 84-54 ს-ში მოღვაწეობდა) იგულისხმება, რომლის შესახებაც პოს, რომელიც სკოლაში ლათინურს კარგად სწავლობდა, წესით უნდა სცოდნოდა. ცნობილია, რომ კატულუსმა  გარკვეული დრო დაჰყო ნიკეაში და შინ ხის ხომალდით გაცურა. შესაძლოა,  ყვავილებისა და ხეხილის სურნელი მასთან ნიავმა მახლობელი კუნძულებიდან მოიტანა. ამ ვარაუდის მომხრენი ასახელებენ კატულუსის ლექსებს, რომლებშიც იგი ამბობს, რომ მოგზაურობამ დაღალა და შინ დაბრუნებას ნატრობს.
    
უფრო გავრცელებული შეხედულებით, ხსენებულ მგზავრში ბერძენი გმირი ოდისევსი, იგივე ულისე უნდა იგულისხმებოდეს. ამ მოსაზრებას ამყარებს რამდენიმე არგუმენტი: ოდისევსი იბრძოდა ტროას ომში, ნიკეადან არცთუ შორს; ომის შემდგომ იგი მთელი ათი წელი მოუნდა შინ დაბრუნებას, რაც ნამდვილად დამღლელი იქნებოდა; ოდისევსიც, მრავალი სხვა გმირის მსგავსად, შეყვარებული იყო მშვენიერ ელენეზე და მასზე დაქორწინება სურდა.

ზოგი მკვლევრის აზრით, აქ საუბარია დიონისეზე – მევენახეობის, მეურნეობისა და მეღვინეობის, მცენარეულობის მფარველ ღვთაებაზე, რომელიც  ნისას მთაზე ნიმფებმა გაზარდეს და შინ, ოლიმპოს მთაზე ბრუნდებოდა.  

საინტერესოა როგორ არის გადმოტანილი დედნისეული ალუზიები ლექსის პირველი სტროფის რუსულ და ქართულ თარგმანებში. დავიწყოთ რუსული თარგმანებით. მათ შორის საყურადღებოა კონსტანტინ ბალმონტის მიერ შესრულებული თარგმანი, რომელიც დედნისადმი შესაშური ერთგულებით გამოირჩევა, ისევე როგორც გამართული რითმებით. მეტრი ცოტათი გაზრდილია, რის გამოც ჭირს დედნისეული მელოდიური სიმსუბუქის ეფექტის მიღწევა, მაგრამ თარგმანის ჟღერადობა და რიტმი მაინც გადმოსცემს ლექსის ამაღლებულ ტონს. აი, ისიც:

О, Елена, твоя красота для меня 
Как Никейский челнок старых дней,
Что, к родимому краю неся и маня
Истомленного путника мчал все нежней                        
Над волной благовонных морей [balmont.lit-info.ru].

სამწუხაროდ, ასეთივე სიზუსტით არ გამოირჩევა ვალერი ბრიუსოვის მიერ შესრულებულ თარგმანი:

Елена! Красота твоя – 
Никейский челн дней отдаленных,
Что мчал меж зыбей благовонных
Бродяг, блужданьем утомленных,
В родимые края! [По, 1924:2].

აქ ნათქვამია, რომ ნიკეურ ხომალდს შინ ხეტიალით დაღლილი მაწანწალები მიჰყავდა, რაც ამ ამაღლებული სტილით გამორჩეულ ლექსს არ შეეფერება და სულ სხვა ხატს ქმნის მკითხველის წარმოსახვაში. დედნისეული ალუზია უგულებელყოფილია. მოგზაურობით დაღლილი ერთი გმირის ნაცვლად წარმოგვიდგება მაწანწალების მთელი ჯგუფი. რითმული მხარეც ვერ არის ძლიერი.

განვიხილოთ ბორის ტომაშევსკის თარგმანი:

Мне красота твоя, Елена, - 
Никейских странствий корабли...
Они к отчизне вожделенной
Пловца усталого несли
По волнам до земли [По, 1976:51].

როგორც ვხედავთ, ალუზიები შენარჩუნებულია. თარგმანი ზუსტია და გამართულია რითმისა და მეტრის თვალსაზრისითაც. ჟღერადობაც დედანთან მიახლოვებულია.

გადავიდეთ რომან დუბროვკინის თარგმანზე: 

Елена, красота твоя,
Как челн никейский, легкокрыла,
К морям благоуханным я
Плыву в отцовские края! –
Ты древность для меня открыла [По, 1988:105].

ამ თარგმანში, რომელიც უდავოდ  ლამაზად და ამაღლებულად ჟღერს, დაკარგულია მოგზაურის ალუზია. დედნისეული გავრცობილი მხატვრული შედარება შეკვეცილია და მოგზაურის ადგილს თავად ლირიკული გმირი იჭერს – სწორედ ის ბრუნდება მამაპაპისეულ მიწაზე. ამ შეუსაბამობის განეიტრალებას მთარგმნელი ცდილა ფრაზით Ты древность для меня открыла, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ავტორი საკუთარ თავს უძველესი დროის გმირთან აიგივებს, თუმცა ეს ფრაზა დაკარგული ალუზიის კომპენსაციას მაინც ვერ ახდენს. 

ხელთ მაქვს კიდევ ერთი ანონიმური რუსული თარგმანი, რომელიც ინტერნეტიდან მოვიპოვე და რომელშიც, სამწუხაროდ, მთელი სურათი შეცვლილია. აქ ზღვასთან ბრძოლით დაღლილი გმირის მშვიდი და უსაფრთხო მოგზაურობის ნაცვლად თვალწინ გვეხატება აბობოქრებულ ზღვაში თავისუფლებისაკენ თავდაუზოგავი სწრაფვა ხომალდით (იახტით), რომელსაც სახელად ოცნება ჰქვია. ანუ ლირიკული გმირის ოცნება თავისუფლების მოპოვებაა და არა დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ შინ დაბრუნება. 

Хелен, твоя живая красота
Подобна яхте в буйном море.
Её движенья простота
Уже несёт меня на волю...
И имя яхте той - мечта [https://www.deviantart.com].

რაც შეეხება მოცემული ლექსის ქართულ თარგმანებს, მხოლოდ ერთის მოძიება შევძელი, რომელიც ლეილა გამსახურდიას ეკუთვნის, და თავადაც ვთარგმნე იგი.

მოვიყვან ლ. გამსახურდიას თარგმანის პირველ სტროფს:

მშვენება ელენე შენი
მაგონებს ხომალდს ძველ ნიკეის,
რომლითაც მგზავრმა დიდ ჭირთა თმენით
სურნელოვანი ზღვა გადასერა
და მშობელ ნაპირს მიადგა გემით [პო, 2001:46].

აქ შეიმჩნევა მცირეოდენი გაუმართაობა რითმისა და მეტრის მხრივ. დედნისადმი ერთგულების თვალსაზრისით თარგმანი ზუსტია, მაგრამ ერთ დეტალზე მაინც მინდა ყურადღება გავამახვილო. დედანში ხომალდს ნაზად მიჰყავს უკვე დაღლილი მოგზაური, ამ თარგმანის მიხედვით კი, მან „ჭირთა თმენით“ გადაცურა სურნელოვანი ზღვა, რაც შეუსაბამობას იწვევს. ჩემი აზრით, ჭირი უკვე ჩავლილია და მას ეს ხომალდი სიმშვიდითა და უსაფრთხოების განცდით ავსებს, თანაც ზღვა სურნელოვანია და არა აღელვებული და ძნელად გასამკლავებელი. 

გთავაზობთ ლექსის ზემოთ განხილული მონაკვეთის  საკუთარ, ჯერ გამოუქვეყნებელ თარგმანს:

ჰელენ, ეგ ხიბლი სიმშვიდით მავსებს,
ვით მგზავრს დაღალულს, დიდი ხნის წინათ,
ცურვა სურნელით გაჟღენთილ ზღვაზე
ნიკეურ გემით, რომ აპოვნინა
კვლავ თვისი ბინა.

შევეცადე ზუსტად გადმომეტანა დედნისეული რითმა, შემერჩია შესაბამისი მეტრი და შემენარჩუნებინა ჟღერადობა შინაარსის შეცვლისა და დანაკარგების გარეშე. ვერ მოვახერხე გამომეყენებინა სიტყვა „მშობლიური“ ან „სამშობლო“ ფრაზის his own native shore შესატყვისად, რადგანაც რითმაში ვერ ჩავსვი, მაგრამ, იმედი მაქვს, ფრაზა „აპოვნინა კვლავ თვისი ბინა“ გამოხატავს იმ აზრს, რომ მოგზაური სამშობლოში დაბრუნდა, რასაც ხელს უწყობს სიტყვები „კვლავ“ და „თვისი“, თორემ ბინა შეიძლება სხვაგან, სამშობლოს გარეთაც დაიდოს ადამიანმა.

გადავიდეთ მეორე სტროფზე:

On desperate seas long wont to roam, 
  Thy hyacinth hair, thy classic face, 
Thy Naiad airs have brought me home 
To the glory that was Greece,       
And the grandeur that was Rome [An Anthology…1972:263].

აქ ნათქვამია, რომ აბობოქრებულ ზღვებში ცურვასმიჩვეულ მოგზაურს ჰელენის ჰიაცინტის, იგივე სუმბულისფერი (მოწითურო ოქროსფერი, ყვავილის ფორმის გათვალისწინებით, შესაძლოა ხვეულიც) თმა, მისი კლასიკური ნაკვთები და ნაიადას (ბერძნულ მითოლოგიაში წყლის ნიმფა) იერი იმ  სამყაროს აზიარებს, რომელსაც საბერძნეთის დიდება და რომის სიდიადე ჰქვია. აღსანიშნავია, რომ ჰიაცინტიც ბერძნული მითოლოგიის მშვენიერი პერსონაჟია. აქ brought me home შინ დაბრუნებას კი არ უნდა ნიშნავდეს, არამედ ახლოს გაცნობას, რადგან, ლოგიკურად, გამოყენებულია არა პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ – როგორც იდიომატური გამოთქმა. 

დავიწყოთ ისევ ბალმონტის თარგმანით:

По жестоким морям я блуждал, нелюдим,
Но классический лик твой, с загадкою грез,
С красотой гиацинтовых нежных волос,
Весь твой облик Наяды - всю грусть, точно дым,
Разогнал - и меня уманила Наяда
К чарованью, что звалось - Эллада,
И к величью, что звалося – Рим [balmont.lit-info.ru].

თარგმანი გავრცობილია, კერძოდ, გვაქვს ხუთტაეპიანის ნაცვლად შვიდტაეპიანი სტროფი. გავრცობაში ასევე ვგულისხმობ სიტყვებისა და ფრაზების დამატებას რითმის გამო, მაგრამ ეს დამატებული სიტყვები დედნის აზრს არ ცვლის და არ ამახინჯებს. ამიტომ შეიძლება ითქვას, მთარგმნელი დედნის ერთგული რჩება.

ახლა ვნახოთ როგორ არის გადმოტანილი მოცემული სტროფი ბრიუსოვის თარგმანში:

В морях Скорбей я был томим,
Но гиацинтовые пряди
Над бледным обликом твоим
Твой голос, свойственный Наяде,
Меня вернули к снам родным:
К прекрасной навсегда Элладе
И к твоему величью, Рим! [По, 1924:2].

აქაც შვიდი სტრიქონი გვაქვს. ამ თარგამანში კლასიკური ნაკვთები სახის სიფერმკრთალედ გადმოვიდა, რაც ასევე ამაღლებულად ჟღერს და ქალის სინატიფეს, დახვეწილობას უსვამს ხაზს. მაგრამ რატომ ამსგავსებს მას ლირიკული გმირი ნაიადას ხმით და არა იერით, როგორც დედანშია, გაუგებარია. ამასთან, brought me home ეტყობა პირდაპირი მნიშვნელობით არის გაგებული, რასაც მოწმობს ფრაზა вернули к снам родным.

საინტერესოა ტომაშევსკის თარგმანი:

Я плыл сквозь шторм, мечтой  томимый:
Наяды взор, античный лик...
   Влекомый им неодолимо,
Я славу Греции постиг
   И грозное величье Рима [По, 1976:51].

აქ სწორად არის გადმოცემული დედნისეული აზრი, თუმცა დაკარგულია ჰიაცინტის/სუმბულის თმის ხატი, მის ნაცვლად სხვა ფრაზაა ჩამატებული. ადეკვატური შესატყვისი აქვს მოძებნილი  იდიომს brought me home სიტყვის постиг სახით.

განვიხილოთ დუბროვკინის თარგმანიც:

Твои античные черты
С игривой прелестью наяды
Для нас классически чисты:
К величью Рима и Эллады
Скитальца возвращаешь ты [По, 1988:106].

ჰიაცინტის თმა არც აქ არის ნახსენები. აქ ნათქვამია, რომ ჰელენის ანტიკური ნაკვთები  მოგზაურს რომისა და საბერძნეთის დიდებაში აბრუნებს, რაც, თუ წინა სტროფში მოცემულ მხატვრულ შედარებას გავითვალისწინებთ, ჩემი აზრით, მისაღებია. 

ანონიმურ თარგმანში ამჯერადაც დაკარგულია ალუზიები. საბერძნეთისა და რომის დიდება გადმოცემულია ფრაზით К земле святого покаянья. თანაც მოქმედება დაუსრულებელია, ანუ ნათქვამია, რომ ლირიკული გმირი კი არ ეზიარება ამ დიდებას, გზას აგრძელებს წმინდა მიწისკენ. 
И вдруг... шторм в море утихает.
Твоё лицо, твои власы, твоё дыханье...
Твой образ море восхищает.
И продолжает путь свой странник
К земле святого покаянья [https://www.deviantart.com].

ალუზიები სრულად შენარჩუნებულია ლ. გამსახურდიას თარგმანში. თუმცა დაკარგულია დედნისეული აზრობრივი კავშირი: ბობოქარ ზღვებში დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ, ანტიკურ დიდებას პოეტი ქალის დახვეწილმა, კლასიკურმა  სილამაზემ აზიარა.

ბევრი მივლია შფოთიან ზღვებით;
ნატიფი სახით, სუმბულის თმებით
და სინარნარით ნაიადების,
შენ ხარ ხატება ანტიკურ რომის
და საბერძნეთის წარსულ  დიდების [პო, 2001:46].

აქვე მოვიყვან საკუთარ თარგმანსაც

მღელვარე ზღვაში უსასოდ შთენილს
თმით ჰიაცინტის, მწყაზარი სახით
და ნაიადას იერით თქვენით
დიდებულება მე  დამანახეთ
რომის, ათენის.

შევეცადე არაფერი დამეკარგა. გამოყენებული მაქვს მეტონიმია: რითმის გამო საბერძნეთი ჩავანაცვლე ათენით. 

გადავიდეთ ბოლო, მესამე სტროფზე:

Lo! in yon brilliant window-niche
How statue-like I see thee stand, 
The agate lamp within thy hand! 
Ah, Psyche, from the regions which 
Are Holy-Land! [An Anthology… 1972:263].

ამჯერად პოეტი თავისი შთაგონების წყაროს უკვე ფსიქეას ადარებს. ფსიქეა ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ადამიანის სულს განასახიერებდა (წარმოსახავდნენ როგორც პეპლისფრთებიან ნაზ გოგონას) და იმდენად მშვენიერი იყო, რომ სიყვარულის ქალღმერთმა აფროდიტემ (რომაულად ვენერამ) მასზე იეჭვიანა და მასზე შურისძიება საკუთარ ვაჟს – ეროსს (რომაულად კუპიდონს) მიანდო, მაგრამ ფსიქეას ხიბლით დატყვევებული ყმაწვილი თავად გაუმიჯნურდა მას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მეტად მნიშვნელოვანია თარგმანში ამ ალუზიის შენარჩუნება, ვინაიდან იგი მიანიშნებს ახალგაზრდა პოს გატაცებაზე მასზე უფროსი ქალით და ლექსის ქვეტექსტს წარმოადგენს. წმინდა მიწაში (Holy-Land), კონტექსტიდან გამომდინარე, ანტიკური სამყარო უნდა იგულისხმებოდეს. განვიხილოთ თარგმანები.

ბალმონტის თარგმანში ეს სტროფიც შინაარსის უცვლელად არის გადმოტანილი, იმავე პრინციპით – გავრცობილად, გარკვეული დამატებებით. მაგრამ მთარგმნელს ჰყოფნის ოსტატობა, რომ გავრცობით შინაარსს არაფერი ავნოს: 

Вот, я вижу, я вижу тебя вдалеке,
Ты как статуя в нише окна предо мной, 
Ты с лампадой агатовой в нежной руке,
О, Психея, из стран, что целебны тоске
И зовутся Святою Землей! [balmont.lit-info.ru].

 ვნახოთ, როგორია  ბრიუსოვის თარგმანი:

В окне, что светит в мрак ночной,
Как статуя, ты предо мной
Вздымаешь лампу из агата.
Психея! Край твой был когда-то
Обетованною страной! [По, 1924:2]

აქ მოსადავებელი არაფერია ბოლო სტრიქონამდე, სადაც მთარგმნელი ფსიქეას, აქაოდა წმინდა მიწაა ნახსენები, აღთქმულ მიწას მიაკუთვნებს. ჩემი აზრით, არასწორია ძველი ბერძნული წარმართული ლეგენდის გმირის აღთქმულ მიწასთან ასოცირება. ამგვარი ინტერპრეტაციის მიზეზი ის უნდა იყოს, რომ Holy Land მართლაც აღთქმული მიწის ანუ ბიბლიური ქანაანის აღსანიშნავად გამოიყენება, მაგრამ გასათვალისწინებელია ლექსის კონტექსტიც და კონოტაციაც. 

ტომაშევსკის თარგმანი ასე ჟღერს:

Ты, в нище у окна белея,
Сжимаешь, статуя над мглой,
Агатовый светильник свой.
Там родина твоя, Психея,
 Там край святой! [По, 1976:51].

ადეკვატური თარგმანია, მელოდიური და კარგად გარითმული. ბოლო ორი ტაეპი: Там родина твоя, Психея,/Там край святой! ეხმაურება წინა სტროფის დასასრულს, სადაც საბერძნეთისა და რომის დიდებაა ნახსენები.

განვიხილოთ დუბროვკინის თარგმანიც:

Тебя я вижу в блеске окон
С лампадой в мраморной руке,
И гиацинтовый твой локон
Созвучен певческой тоске
О райском далеке [По, 1988:106].

როგორც ვხედავთ, მთარგმნელმა აქ მოახდინა წინა სტროფში დაკარგული ჰიაცინტის თმის ხატის კომპენსაცია. ქანდაკებასთან შედარება მოკლედ და საკმაოდ ოსტატურად გადმოგვცა ფრაზით в мраморной руке, მაგრამ კომპენსირებულ ხატთან ერთად შემოიტანა დედნისაგან განსხვავებული შინაარსი, თითქოს ჰელენის ჰიაცინტის კულული მგოსნის სევდას აღვივებს შორეულ სამოთხეზე. გასაგებია, რომ ასეთ გადაცდომებში მთავარ როლს გარითმვის მცდელობა თამაშობს და აღნიშნული გადაცდომაც ძირითად აზრს მაინცდამაინც არ ამახინჯებს, მაგრამ მაინც არასწორია ასეთი კონკრეტიზება – თითქოს პოეტს შორეულ მხარეს მხოლოდ ქალის კულული აგონებს და მეტი არაფერი.
ანონიმური თარგმანის ეს სტროფი დანარჩენ ორს აჭარბებს თვითნებობით. როგორც მასშია ნათქვამი, პოეტი ქალღმერთს ევედრება სამყაროს დილა მოუვლინოს, რადგან მსოფლიოში საშინელი არეულობა სუფევს: 

И вечером во блеске окон с перламутром,
Стоишь с агатовым светильником в руке -
Ты как маяк, светящий вдалеке.
Молю богиня, подари вселенной утро,
Ведь мир погряз в ужасном бардаке [https://www.deviantart.com].

ვფიქრობ, აქ მსჯელობის გაგრძელება არც ღირს. გადავიდეთ ქართულ თარგმანებზე: 

სარკმელი შენი – ბრწყინვალე ნიში,
სადაც შენ დგახარ ვით ქანდაკება,
ხელში გიპყრია ლამპარი გიშრის!
ტურფა ფსიქეა, ზღვისპირეთიდან,
წმინდა ქვეყნიდან! [პო, 2001:46].

ეს ლ. გამსახურდიას თარგმანია, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა დედანთან შესაბამისობით და პოეტურობით, მაგრამ ბოლო რითმული წყვილი – ზღვისპირეთიდან და წმინდა ქვეყნიდან – იდეალური არ არის, და საერთოდ, როგორც მთელ  თარგმანში, დედნისეული რითმები ზუსტად გადმოტანილი არ არის (დედანში მოცემულ სტროფში გვაქვს რითმები ABBAB), რასაც არ შეესაბამება თარგმანი, კერძოდ, სიტყვა „ქანდაკება“ საერთოდ არცერთ სიტყვას არ ერითმება. 

მოცემული სტროფი თავად ასე ვთარგმნე:

ო, ისე დგახართ მაგ ფანჯრის ნიშთან,
ვით ფსიქე ტურფა, ქვისაგან თლილი,
აქატის ლამპრით, შუქით მოსილი,
წმინდა მხარიდან – სად მითი იშვა –
აქ მოვლენილი!

სიტყვა „ქანდაკება“ არ გამომიყენებია, მაგრამ, იმედია, ფრაზა „ქვისაგან თლილი“ მიახვედრებს მკითხველს, რომ პოეტი ჰელენს ფსიქეას ქანდაკებას ადარებს ლამპრით ხელში. ასევე დავამატე ეპითეტი „ტურფა“, რადგან მითოლოგიიდან ცნობილია, რომ ფსიქე ულამაზესი ასული იყო და სწორედ მისი სილამაზე გახდა მრავალი განსაცდელის მიზეზი, რაც მან გამოიარა. ვინაიდან Holy-Land ბიბლიურ წმინდა მიწასთან ასოცირდება, დავამატე „სად მითი იშვა“, რათა მკითხველისათვის უფრო ნათლად მიმენიშნებინა, რომ წმინდა მხარეში ავტორი ანტიკურ სამყაროს გულისხმობს.

დასასრულ, მინდა დასკვნის სახით შევაჯამო წინამდებარე სტატიაში ჩატარებული შეპირისპირებითი ანალიზის შედეგები. ჩემს ნაშრომში განხილულია ედგარ პოს  ლექსის „To Helen“ ხუთი რუსული (კ. ბალმონტის, ვ. ბრიუსოვის, ბ. ტომაშევსკის, რ. დუბროვკინის, ერთი ანონიმური მთარგმნელის) და ორი ქართული (ლ. გამსახურდიას და საკუთარი) თარგმანი. ანალიზი ჩატარებულია დედნისადმი ერთგულების, მისი ფორმისა და შინაარსის, ლექსის სხვადასხვა პარამეტრის, მისი მუსიკალობის გადმოცემის თვალსაზრისით. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო იმის დადგენა, თუ რამდენად სწორად იყო მთარგმნელების მიერ გადმოტანილი დედნისეული ალუზიები, რომლებიც მკითხველისათვის უაღრესად ბევრის მთქმელია და დიდ როლს თამაშობს ნაწარმოების შინაარსის კონოტატიური და ქვეტექსტური შრეების ინტერპრეტაციაში. 

საანალიზოდ  შევარჩიე მცირე ზომის, მაგრამ ალუზიებით და პოეტური ხატებით მდიდარი ნაწარმოები, რომლის თარგმნაც ფილოლოგიურ კვლევასთან უნდა იყოს დაკავშირებული. თარგმანების შესწავლისას გამოვლინდა, რომ მათი უმეტესობა დედნის ერთგულია, თუმცა შეინიშნება უზუსტობებიც. ამასთან დაკავშირებით, ორ საკითხზე შეიძლება ყურადღების გამახვილება: პირველი არის ის, რომ მთარგმნელი ნაწარმოების მიკროკონტექსტით ვერ შემოიფარგლება და მისი სწორი ინტერპრეტაციისათვის მას აუცილებლად სჭირდება მაკროკონტექსტის, ანუ გარე ტექსტის მოშველიება, რაც გულისხმობს ფილოლოგიურ კვლევას. ასეთი კვლევა გვეხმარება ტექსტის გავრცობისას ან შეკვეცისას (რასაც ზოგჯერ საჭირო მეტრის, რიტმის, ყველაზე ხშირად კი რითმის, ან ჟღერადობის მისაღწევად მივმართავთ) ისეთი ელემენტების მოძიებაში, რომლებიც დედნის შინაარსს არ დააზიანებს, მეორე მხრივ კი, გამორიცხავს დედანში მოცემული ინფორმაციის არასწორად გაგებას და ამით გამოწვეულ უხერხულობებს. მეორე, მეტად მნიშვნელოვანი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ხშირად შინაარსი მსხვერპლად ეწირება რითმას, რაც გაუმართლებლად მიმაჩნია. 

აქვე ჩამოვაყალიბებ საკუთარ დამოკიდებულებას პოეტური თარგმანისადმი: ჩემი აზრით, პოეტური თარგმანი ისეთი კრიტერიუმებით უნდა ფასდებოდეს, როგორებიცაა – დედანთან მაქსიმალური სიახლოვე როგორც ფორმის, ისე  – შინაარსის თვალსაზრისით, მისი ჟღერადობის გადმოცემა, რითმისა და ხატოვანების  შენარჩუნება, კონოტაციის, ქვეტექსტის სწორად გადმოტანა. ეს ყველაფერი დედნის ტოლფასი ნაწარმოების შექმნის საწინდარია, რაც ყველა მთარგმნელის სანუკვარი მიზანია.

ლიტერატურა

მერაბიშვილი ი.
2005
პოეტური თარგმანის ლინგვისტიკა, თბილისი.
ფანჯიკიძე დ.
1988
თარგმანის თეორია და პრაქტიკა, თბილისი.
პო ე.ა.
2001
რჩეული ლირიკა. Selected Verse. რედაქტორ-შემდგენლები: ლეილა გამსახურდია, კოტე ჯანდიერი, „დიოგენე“.
House J.
2013
Translation, Oxford
Гальперин И.
1981
Текст как объект лингвистического исследования, Москва
ЗахаровВ. ТомашевскийБ.
1972
An Anthology of English and American Verse, Moscow
По, Э. А.
1924
Всемирная литература, Полное собрание поэм и стихотворений. Перевод и предисловие Валерия Брюсова. Ленинград
По, Э. А.
1976
Лирика. Перевод с английского. Вступительная статья и примечания В. Захарова , «Художественная литература»
По, Э. А.
1988
Стихотворения. Сборник. Составление и комментарии Е. К. Нестеровой. «Радуга»
balmont.lit-info.ru › edgar-po › stihi › stih-3. 11/16/19.
https://www.deviantart.com › ... › Free Verse. 11/10/19
https://foundintranslation.me › 2015/08/12. 11/16/19
https://ka.wikipedia.org › wiki . 11/10/19