განმცდელი ავტობიოგრაფის ცნობიერების განსახოვნების საფუძვლები: ემოცია და კოგნიცია (აკაკი წერეთლის ჩემი თავგადასავლის მიხედვით)

  1. 1. შესავალი

ავტობიოგრაფიულ ჟანრს ევროპული ლიტერატურის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს; შესაბამისად, მის კვლევას ხანგრძლივი ისტორია აქვს.[1] გამოიყოფა სამი პერიოდი. ავტობიოგრაფიის თანამედროვე თეორიის თანახმად, ფაქტუალური ავტობიოგრაფიის შექმნა მთხრობელი ავტობიოგრაფის ჰომეოდინამიკურ საჭიროებებს აირეკლავს [Eakin, 2008; Schacter,  1997][2]. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მიიჩნევა, რომ ამ ტიპის ტექსტებში ავტობიოგრაფის წარსული წერის პროცესშია კონსტრუირებული, მთხრობელი ავტობიოგრაფის იდენტობის სტაბილურობა მიიღწევა იმით, რომ განვლილი ცხოვრება სემანტიზდება, აზრობრივი მთლიანობა ენიჭება [Nalbantian, 2003]

მეცნიერები, რომლებიც ავტობიოგრაფიულ ტექსტებს კოგნიტური ნარატოლოგიის პერსპექტივიდან სწავლობენ [Eakin, 2008, 2014; Olney, 1998; Löschnigg, 2006, Nalbantian, 2003], თანხმდებიან, რომ ავტობიოგრაფიული ტექსტების სწორი წაკითხვისათვის აუცილებელია, განმცდელი ავტობიოგრაფის ცნობიერების ფორმირებაზე დაკვირვება, საამისოდ შესწავლის ობიექტად გამოიყოფა განმცდელი და მთხრობელი ავტობიოგრაფის პერსპექტივათა მონაცვლეობა, განმცდელი ავტობიოგრაფის ვერბალური ფიქრი. ამ დრომდე  საფუძვლიანად შესწავლილი არაა, რა როლს თამაშობს ემოცია განმცდელი ავტობიოგრაფის ცნობიერებაში. გასათვალისწინებელია, რომ ფაქტუალური ავტობიოგრაფიის ნაწილში განმცდელი ავტობიოგრაფის ვერბალური ფიქრი არაა წარმოდგენილი და ცნობიერებაში მიმდინარე ცვლილებაზე, დინამიკაზე, არსებითად, მიანიშნებს ის ემოცია, რომელიც მთხრობლის პროტოკოლითაა დაზუსტებული.

წინამდებარე სტატიის მიზანია, განისაზღვროს, რა როლს ასრულებს ემოცია განმცდელი ავტობიოგრაფის ცნობიერების ფუნქციონირებაში. საამისოდ გათვალისწინებულია მთხრობელი ავტობიოგრაფისაგან გახსენებული ინფორმაციის სემანტიზების პროცესზე დაკვირვება. საკვლევი საკითხის  შესასწავლად აღებულია მე-19 საუკუნის ქართველი კლასიკოსის, აკაკი წერეთლის, ავტობიოგრაფიული ტექსტი „ჩემი თავგადასავალი“, გაანალიზებულია ერთი ეპიზოდი - სავანიდან სასახლეში საცხოვრებლად გადასვლა. აღნიშნული ეპოქის ტექსტის შერჩევის საფუძველი შემდეგია: განმცდელი ავტობიოგრაფის ვერბალური ფიქრი არაა წარმოდგენილი; შესაბამისად, ახსნას საჭიროებს, მკითხველს რომელმა ტექსტობრივმა მონაცემმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია განმცდელი ავტობიოგრაფის პიროვნული გამოცდილების ფორმირების შესახებ. სწორედ ამგვარი გამოცდილების განსახოვნება წარმოადგენს ტექსტის ავტობიოგრაფიული ჟანრისათვის მიკუთვნების საფუძველს [Löschnigg, 2006].

 

2. თეორიული წანამძღვრები

წინამდებარე სტატიაში ავტობიოგრაფიული ტექსტების შესასწავლად ინსტრუმენტალიზებულია ის ცოდნა, რომელიც ალან პალმერმა [Palmer, 2004], კოგნიტური ფილოსოფიის თვალსაჩინო წარომადგენლის, სერლის, ნაშრომებზე  დაყრდობით  [Searle, 1992] მხატვრულ ტექსტებში პერსონაჟთა ცნობიერების შესასწავლად შეიმუშავა. კვლევის მიზნებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სერლის ტაქსონომიის ორი მახასიათებელი ცნობიერების კოჰერენტულობა და ცნობა/იდენტიფიცირება. აღნიშნული ტაქსონომია  ამ დრომდე არაა გამოყენებული ავტობიოგრაფიული ტექსტების შესასწავლად. განმცდელი ავტობიოგრაფის ცნობიერების კოჰერენტულობასა და მოვლენათა აღქმის პროცესზე (ცნობა/იდენტიფიკაცია) დაკვირვება საშუალებას იძლევა, დადგინდეს, როგორ ახდენს მთხრობელი ავტობიოგრაფი გახსენებული მოვლენების სემანტიზებას. [3]

კვლევისას გამოყენებული მიდგომა გამორიცხავს, რომ ფაქტუალური ავტობიოგრაფიული ტექსტი  აღქმულ იქნას საინფორმაციო ტექსტად, ბიოგრაფიულ დეტალთა საცავად/კონტეინერად. შესაბამისად, ტექსტში აღწერილი მოვლენების გახსენების მოტივი და სუბიექტურობის ხარისხი უნდა განისაზღვროს მთხრობელი ავტობიოგრაფის ჰომეოსტაზიური საჭიროებით, რომლის მარკერები მკითხველის მიერ საანალიზო ტექსტში უნდა იქნეს იდენტიფიცირებული.

 

2.1. ცნობიერების კოჰერენტულობა

კოჰერენტულობით ცნობიერების ფუნქციონირების ის თავისებურება აღინიშნება, რომელიც ავტობიოგრაფიული პრაქტიკის შესასწავლად უმნიშვნელოვანესია. კოჰერენტულობა სინონიმია ექსპერიმენტულობისა (გამოცდილების). პალმერი იზიარებს სერლის თვალსაზრისს იმასთან დაკავშირებით, რომ, თუ ცნობიერებას არ ექნება კოჰერენტულობა, ადამიანი დაკარგავს პიროვნული გამოცდილების განცდას [Palmer, 2004: 99-100]. კოჰერენტულობის შესაქმნელად მენტალური პროცესები ვერტიკალური და ჰორიზონტალური მიმართულებებით წარიმართება. მენტალური პროცესების ვერტიკალურ ხაზს ქმნის პიროვნების წინარე გამოცდილება, ჰორიზონატლური მენტალური პროცესები კი ცნობიერებაში საიდენტიფიკაციო მოვლენის მახასიათებლების მენტალური იმიჯების შექმნას გულისხმობს. თუ გათვალისწინებული იქნება, რომ ცნობიერების ფუნქციონირება პიროვნების ჰომეოსტაზიურ საჭიროებებთანაა დაკავშირებული [Damasio, 2000], მაშინ ცნობიერების ორი ვექტორის (ჰორიზონტალურისა და ვერტიკალურის) დანიშნულება შეიძლება ამგვარად განისაზღვროს: ვერტიკალური პიროვნებას საშუალებას აძლევს, გაშიფროს, იდენტიფიკაცია მოახდინოს აქტუალური ექსპერიმენტული კონტექსტი, ჰორიზონტალური მიმართულება კი ჰომეოსტაზიასთან ერთად ჰომეოდინამიკის საფუძველია: ახალი გამოცდილება უნდა შედარდეს პიროვნების მოქმედ იდენტობის მოდელს.  პიროვნება იდენტობის განახლებას იწყებს იმ შემთხვევაში, თუ  იდენტიფიცირებული სოციუმი მისთვის ღირებულია, მაგრამ იდენტობის ძველი მოდელი მასში ინტეგრაციის საშუალებას არ იძლევა:

The next featur is unity […] conscious state come to us as part of a unifed sequence. Without a sense of unity, we could not make sense of our experiences […] Vertical unity is the binding of disparate elements into a unified column: I have simultaneous experiences of various separate things as part of one and the same conscious event. Horizontal unity is the remembered present, the organization of conscious experiences through short stretsches of time: I am aware of the beginning of the sentence that I am now finishing [Palmer, 2004: 99-100].

ცნობიერების მთლიანობის პრინციპი ავტობიოგრაფიული ტექსტების ანალიზისას მკვლევარს მნიშვნელოვან მეთოდოლოგიურ ორიენტირს უქმნის: განმცდელი ავტობიოგრაფის ქმედების მოტივი მხოლოდ აქტუალურ სიტუაციაში არ უნდა ეძებოს. ამის ნაცვლად, ავტობიოგრაფის კონკრეტული მოქმედება ისევე უნდა გააანალიზოს, როგორც ეს ცოცხალი ადამიანის ცნობიერების შესწავლისას ხდება: ავტობიოგრაფის განვითარების დრამატიზებას სწორედ აქტუალური სიტუაციის იდენტიფიცირების პროცესში წინარე, კოგნიტური ნარატივის [Palmer, 2010]  გააქტიურება იწვევს.

 

2.2. ცნობა/იდენტიფიკაცია

ადამიანის ცნობიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია ის, რომ მას შეუძლია მოვლენათა იდენტიფიცირება. ამ მახასიათებლის მნიშვნელობაზე მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ იგი დამახსოვრების ტოლფარდი არ არის. პალმერის აზრით, სერლი კოჰერენტულობასა და ცნობას ცალ-ცალკე განიხილავს, თუმცა, რადგან ისინი ერთი ტაქსონომიის ნაწილებს წარმოადგენს, იგულისხმება, რომ მათ შორის მჭიდრო კავშირია: ცნობის მაჩვენებლის გაზრდაზე დიდ გავლენას ახდენს კოჰერენტულობის ვერტიკალური ვექტორი. ცნობიერების ამგვარი მოქნილობის გამო მოვლენათა ნებისმიერი გარეგნული ცვალებადობა ჰომეოსტაზიის მექანიზმისათვის საგანგაშო სიგნალების წარმოშობის საფუძველი არ ხდება[4]:

One of the most pervasive features of ordinary conscious awareness is theaspect of familiarity. […] the prior possesion of an apparatus that is sufficient to generate organized consciousness automatically guarantees that the aspectual features of conscious experience will be more or less familiar. When I walk down the street, objects are familiar to me as trees, houses, and so on. Perhaps most important of all, I have an inner sense of what feels like to be me, a feeling of myself. This aspect of familiarity makes possible much of the organiztion and order of my conscious experience. Consciousness involves categorization, but the categories have to exist prior to the experience because they are the conditions of possibility of having the experience. They enable us, to varying dagrees, to assimilate our experiences, however novel, to the familiar [Palmer, 2004:101].

ავტობიოგრაფიული ტექსტების ანალიზისას ცნობის ფუნქციონირებაზე დაკვირვება განმცდელი ავტობიოგრაფის ქმედებათა მოტივაციის დადგენის მეთოდოლოგიურ საფუძვლებს განსაზღვრავს. კვლევის ღირებულებას სწორედ ის წარმოადგენს, რომ დადგინდეს განმცდელი ავტობიოგრაფის ჰომეოსტაზიური მექანიზმის ფუნქციონირების ნიუანსები. ავტობიოგრაფისათვის ფიზიკური კონტექსტის ცვლილება ავტომატურად იდენტობის კრიზისის დაწყებას არ ნიშნავს. ტექსტში პირველ ეტაპზე განსახოვნებულია ხოლმე განმცდელი ავტობიოგრაფის მიერ  ახალი კონტექსტის იდენტიფიცირების პროცესი, ასეთ დროს განმცდელი ავტობიოგრაფის ცნობიერების მცდელობა ძველ და ახალ გამოცდილებას შორის თვისებრივი მსგავსების დადგენას უკავშირდება. როცა ეს მსგავსება ვერ დგინდება, ჰომეოდინამიკური პროცესები წამოიწევს ხოლმე; შესაბამისად, ტექსტის ამ მონაკვეთში უკვე განმცდელი ავტობიოგრაფის ქმედებათა საფუძველს, მოტივს ჰომეოდინამიკურ გამომწვევებთან გამკლავება წარმოადგენს, განმცდელი ავტობიოგრაფი ცდილობს, ახალ გარემოში ადაპტაცია მოახერხოს.

 

 

3. პრაქტიკული ნაწილი

3.1. სასახლეში ცხოვრების პირველი დღე: ახალი ცხოვრების დაწყების შიშით გამოწვეული ემოციის ფორმირების ეტაპები

განმცდელი ავტობიოგრაფის იდენტობის დესტაბილიზაციის წარმომშობი მენტალური პროცესები ასე შეიძლება შეჯამდეს: განმცდელ ავტობიოგრაფს გამოწვევებთან დაპირისპირების გამოცდილება არ აქვს, იდენტობის დესტაბილიზების სიგნალს იძლევა იდენტობის მთავარი საყრდენის (გამზრდელის) გარშემო აკუმულირებული უარყოფითი ინფორმაცია: განმცდელმა ავტობიოგრაფმა უნდა დატოვოს გამზრდელი, თავად გამზრდელი ამ ფაქტს მტკივნეულად განიცდის, რაც განმცდელ ავტობიოგრაფში  საფრთხის განცდას ამძაფრებს. მოსალოდნელი ცვლილებისადმი შიშს ბადებს ისიც, რომ სასახლეში საცხოვრებლად გადასვლა ქორისაგან წიწილას გატაცებასათან იგივდება. ბოლო ფაქტორი, რომელიც განცდელ ავტობიოგრაფს მოსალოდენელ რისკს უთვალისწინებს, უკვე გამოცდილებას კი არ უკავშირდება, არამედ განმცდელი ავტობიოგრაფის თანდაყოლილ ინსტინქტებს ააქტიურებს. ეს გარემოება ემოციურ დაძაბულობას განსაკუთრებით ამძაფრებს. ძიძასთან დაკავშირებული ემოციები, განმცდელი ავტობიოგრაფისათვის შეძენილი იყო, სოციალური ცხოვრების მინიმალურ გამოცდილებას ეფუძნებოდა.  აბსოლუტურად უცხო რეალობის წინაშე დგომით გამოწვეული შიში კი განმცდელი ავტობიოგრაფის ცნობიერებაში მენტალური ხატების გააქტიურებას არ გულისხმობს, მოვლენისადმი ინსტინქტურ მიმართებას აჩვენებს. მოცემულ სიტუაციაში განმცდელი ავტობიოგრაფის სოციალური გამოცდილების ნაკლოვანებაზე მიანიშნებს ის გარემოებაც, რომ მიუხედავად სერიოზული საფრთხის იდენტიფიცირებისა, იგი არანაირ გეგმას არ ადგენს; სასახლეში მიდის ისე, რომ მოსალოდნელ რისკებთან გამკლავების არანაირი სტრატეგია არ აქვს შემუშავებული.

წარმოდგენილი დასკვნების საფუძვლეზე  მკითხველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სავანიდან სასახლეში მისული განმცდელი ავტობიოგრაფი შინაგანად დაძაბულია, საფრთხის განცდით ფორმირებული ემოცია, თავის მხრივ, ყურადღების მობილიზების საფუძველი ხდება: „სასახლეში ადრეც ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ რომ გამომიყვანეს, ბევრი რამე მაინც მეუცხოვა“ [წერეთელი, 2015: 19].  განმცდელი ავტობიოგრაფის მიერ გარემოს ფოკუსირებული აღქმა, მანამდე უცნობ დეტალებზე  ყურადღების გამახვილება სწორედ მისი ემოციური დაძაბულობითაა განპირობებული. განმცდელი ავტობიოგრაფის შინაგანი მღელვარების ფონზე, მისთვის დამატებითი უსიამოვნების შემქმნელია სტუმრების უჩვეულო აქტიურობა (სტუმრებმა კი სწორედ გამაცეცეს [წერეთელი, 2015: 19]).

ეპიზოდის შემდგომი ანალიზისათვის გასათვალისწინებელია, რომ განმცდელ ავტობიოგრაფს უფროსებთან საუბრისას დაძაბულობა არ ეტყობა: ის ხალისიანად, ლაღად უპასუხებს შეკითხვებს. ეს გარემობა, ერთი შეხედვით, ეწინააღმდეგება იმ წინასწარ მოცემულობას, რომ სასახლეში საცხოვრებლად მიმავალ განმცდელ ავტობიოგრაფს თან მიჰყვება შინაგანი დაძაბულობა. საანალიზო ეპიზოდში დასტურდება გარკვეული ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ უფროსებთან საუბრისას განმცდელი ავტობიოგრაფის წინარე კოგნიტური ნარატივი კვლავ აქტიურია. ახალ რეალობასთან კონფრონტაციისას განმცდელ ავტობიოგრაფში ორივე ემოცია თანაარსებობს. რით უნდა აიხსნას მისი სილაღე?

უკევე აღინიშნა, რომ სასახლეში საცხოვრებლად გადასული ავტობიოგრაფი იქაურ გარემოს არაორდინალურად აღიქვამს (ბევრი რამ უცხოდ მეჩვენებოდა). ეს დეტალი ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ ის შინაგანად დაძაბულია. ყურადღების მობილიზების მთავარ ფაქტორად სწორედ ემოციური რეგულატორის გააქტიურება მიიჩნევა. დამატებით, ტექსტში განმცდელი ავტობიოგრაფის შინაგანი მღელვარების სხვა დამადასტურებელი ინფორმაციაც მოიპოვება: მეც, რაღაი კი სოფლის ამბავი მომაყოლეს, მზად ვიყავი, რომ საღამომდის მეტიტინა..“ [წერეთელი, 2015: 20]. დამოწმებული სიტყვები მიანიშნებს, რომ განმცდელი ავტობიოგრაფი თავს უცხოდ გრძნობს. თანაც ეს უცხო გარემო მისი მუდმივი ადგილსამყოფელი უნდა გახდეს. კავშირი რაღაი ემოციის ინტენსივობაზე მიანიშნებს: განმცდელ ავტობიოგრაფს ერთი სული აქვს, მისთვის მშობლიურ კონტექსტს დაუბრუნდეს, სავანესთან დაკავშირებული მოგონებების გააქტიურება  ეხმარება. მითითებული კავშირის მნიშვნელობის  გაგება სხვაგვარადაც შეიძლება: განმცდელ ავტობიოგრაფს სურს, სასახლეში შეკრებილ ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობები აჩვენოს, ამიტომაც ჰყვება სოფლის ამბებს განსაკუთრებული მონდომებით. განმცდელი ავტობიოგრაფის მენტალური პროცესების სრულყოფილად დასანახად ქმედების ორივე მოტივია გასათვალისწინებელი: ნაწილაკით რაღაი მთხრობელი ავტობიოგრაფი განმცდელი ავტობიოგრაფის არავერბალურ გაუცნობიერებელ ფიქრზე მიანიშნებს. მას მშობლიური კონტექსტი ენატრება, რადგან სასახლეში საცხოვრებლად გადმოსვლას ემოციური დაძაბულობა უძღოდა წინ, ცოდნისა და გამოცდილების დემონსტრირებას კი სოციალიზების საჭიროება აიძულებს, განმცდელ ავტობიოგრაფში ადაპტაციის ინსტინქტს ჰომეოდინამიკა ააქტიურებს.

მომდევნო აბზაცით ნაჩვენები იქნება ის სოციალური ქცევის წესები, რომლებთან კონფრონტაციაც განმცდელ ავტობიოგრაფს ცოდნის დემონსტრირების სურვილს უჩენს..

სასახლეში მისულ განმცდელ ავტობიოგრაფზე პირველ შთაბეჭდილებას სტუმრების აჟიტირებული ქმედება ახდენს (სტუმრებმა სწორედ გამაცეცეს [წერეთელი, 2015: 19]). განმცდელ ავტობიოგრაფს წინასწარ გააფრთხილებდნენ, რომ სასახლეში მას თავადიშვილის შესატყვის დახვედრას უმზადებენ. აქედან გამომდინარე, მისთვის სტუმართა ქმედების მოტივაცია გასაგები უნდა ყოფილიყო, თუმცა რაციონალური საფუძვლების გარდა, ახალი კონტექსტის შესახებ შთაბეჭდილებათა ფორმირების პროცესში მოვლენის გარეგნულ მხარეს თავისთავადი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. ეს გარემოება მით უფრო გასათვალისწინებელია, რომ განმცდელმა ავტობიოგრაფმა ახალი სოციუმის ქცევის სხვადასხვა დეტალი ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს. ამ პროცესში  მოვლენის აღქმის ემოციური მხარე პრაგმატულზე უფრო დომინანტური იქნება. განმცდელი ავტობიოგრაფის შთაბეჭდილებათა ფორმირების დინამიკის გასააზრებლად გასათვალისწინებელია შემდეგიც: მან, მართალია, იცის, რომ თავადიშვილის შესატყვის დახვედრას უწყობენ, თუმცა თავად თავადიშვილობა რას ნიშნავს, მისთვის საკუთარი გამოცდილების მიხედვით, უცნობია. განმცდელი ავტობიოგრაფი ეპისტემოლოგიური კომპეტენციის ნაკლოვანების გამო სასახლის წევრების ეტიკეტურ ქცევასა და მშობლების გულწრფელ დამოკიდებულებას პირველ ეტაპზე დაუნაწევრებლად აღიქვამს, მათ შორის თვისებრივ სხვაობას ვერ ამჩნევს. იმავდროულად, რასაც ხედავს, არავერბალური გაუცნობიერებელი ფიქრის სახით ახალი ცხოვრების მახასიათებლებად კლასიფიცირდება.

შთაბეჭდილებათა მომდევნო ნაკადი მამის, როსტომ წერეთლის, ქცევას უკავშირდება. სასახლეში შეკრებილი სტუმრების ფუსფუსს სწორედ იგი წყვეტს; როსტომ წერეთელი შვილს უხსნის, რატომ გამოხატავენ მისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას: „ეი, სოფლის ბიჭო!“ – დამიძახა მამაჩემმა  - შენ ახლა ბატონობას უნდა მიეჩვიო; რაც გითხრან, დაიჯერე და თორემ თუ ურჩობა დაიწყე, წაგიყვან და დაგამწყვდევ ისე, როგოროც ის პატარა ბიჭი მყავს დამწყვდეულიო“ [წერეთელი, 2015: 19]. მიმართვა -ეი, სოფლის ბიჭო სტუმართა ქცევის გამო განმცდელი ავტობიოგრაფის გაოცებას უკავშირდება: როსტომ წერეთლისთვის ეს სოფლის ბიჭის ქცევას შეესაბამება. მოწოდებით – შენ ახლა ბატონობას უნდა მიეჩვიო – განმცდელ ავტობიოგრაფს მიანიშნებს, რომ ხელქვეითების პატივისცემა ნორმად უნდა მიიღოს. რაც შეეხება მუქარას  – თუ ურჩობა დაიწყე ...  კონტექსტით აღარაა განპირობებული, განმცდელი ავტობიოგრაფის სტუმრებთან ქცევას არ უკავშირდება – იუმორი როსტომ წერეთლის პიროვნების (ბუნების) ნაწილია. მამის ხუმრობით ნათქვამი სიტყვები განმცდელი ავტობიოგრაფისათვის სოციუმის ტიპურ ქცევასთან იგივდება, განმცდელი ავტობიოგრაფისათვის მამის ბუნება ამ ეტაპზე უცნობია. ამიტომ ის ფიქრობს, რომ მამა ახალი ცხოვრების მახასიათებლების შესახებ მიანიშნებს ხუმრობით.

განმცდელი ავტობიოგრაფი ხვდება (სიცილი დავიწყე), რომ მამა მას ეხუმრება, თავად  ხუმრობის მოტივი კი მისთვის სოციალურ მოთხოვნაზე მიანიშნებს: ის ბატონი უნდა გახდეს, იმავდროულად თავადობის შესასწავლად მას უნარიანობა მოეთხოვება. მომდევნო ეტაპზე განმცდელ ავტობიოგრაფთან დიალოგს დედა გამართავს. ტექსტის მიხედვით, დედასთან ყველაზე დიდხანს საუბრობს სასახლეში მისული განმცდელი ავტობიოგრაფი. თხრობის დროითი განზომილება, ტექსტის სხვა მონაცემების გათვალისწინების გარეშე, შეიძლება მკითხველმა მთხრობელი ავტობიოგრაფის აქცენტად მიიჩნიოს – მისთვის დედა განსაკუთრებით ძვირფასია და მასთან საუბარს ამიტომ აღწერს ვრცლად.  ეს დასკვნა არასწორია, იგი მთხრობელი ავტობიოგრაფის პერსპექტივის არასწორი ინტერპრეტაციაა და აი, რატომ:

საანალიზო ეპიზოდში დედისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამოვლენას მკითხველი თუ დასაშვებად მიიჩნევს, მაშინ ავტობიოგრაფი არასაიმედო მთხრობლად უნდა ჩათვალოს ან უნდა თქვას, რომ ტექსტი სტილისტურად გაუმართავია. სასახლეში მისულ ავტობიოგრაფს მშობლებთან პიროვნული ურთიერთობა არ აქვს; შესაბამისად, შეუძლებელია, მან მშობელთა ქცევის უკან მათი პიროვნული მახასიათებლები ამოიკითხოს. როგორც უკვე აღინიშნა, ამ ეტაპზე ყველას ერთი სტატუსი აქვს: ისინი სასახლის სოციუმს წარმოადგენენ, მათ უკავშირდება ის რეალობა, რომელიც განმცდელი ავტობიოგრაფისათვის ახალი ცხოვრების დაწყებას გულისხმობს.

განმცდელი ავტობიოგრაფის აღქმისათვის თანმხლები დინამიკის დასანახავად გასათვალისწინებელია მოურავის რეპლიკაც, რომელიც უძღვის დედასთან განმცდელი ავტობიოგრაფის საუბარს: „შენი რისხვა ნუ მომეცემა, წამოიძახა მოურავმა - [...] რო იტყვიან: კვიცი გვარზე წავაო, სწორედ მართალი ყოფილა“ [წერეთელი, 2015: 19]. მოურავის სიტყვები განმცდელი ავტობიოგრაფის ცნობიერებაში ამძაფრებს განცდას, რომ მას, როგორც მომავალ აღსაზრდელს, აკვირდებიან. მთხრობელი ავტობიოგრაფის პერსპექტივის დასანახავად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს ეპიზოდის ორგანიზებას: იგი იშლება, მიმდინარეობს, ერთი მხრივ, სოციუმის ობიექტური მახასიათებლების, ქცევის წესების წარმოჩენის ფონზე და, მეორე მხრივ, მასთან სისტემატურად კონტრასტს ქმნის განმცდელი ავტობიოგრაფის შეზღუდული ეპისტემლოგიური კომპეტენცია და ბავშვური თავგამოდება.

განმცდელი ავტობიოგრაფის სასახლეში დახვედრის ეპიზოდი მთხრობელი ავტობიოგრაფის მიერ ისეა ორგანიზებული, რომ მასში სოციუმის ყველა ის მახასიათებელი ჩანს, რომლებიც ეპიზოდის  (სასახლეში ვიზიტის პირველი დღე) დასრულების შემდეგ ვრცლადაა აღწერილი. აღნიშნული გარემოება მთხრობელი ავტობიოგრაფის პერსპექტივაზე მიანიშნებს. მთხრობელ ავტობიოგრაფში (ტექსტის შექმნის მომენტში) სინანულს შემდეგი გარემოება იწვევს:  განმცდელი ავტობიოგრაფის განვითარებისათვის შინაგანი მზაობა და სოციალური კონტექსტი, რომელშიც მას უწევდა ცხოვრება, ერთმანეთის შესატყვისი არ იყო. სინანულის განცდას ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ ერთი მიკროსოციუმიდან მეორეში გადასვლისას ქცევის წესები იცვლებოდა, განმცდელი ავტობიოგრაფი ბავშვური შემართებით ცდილობდა მათ ათვისებას, თუმცა ყოველ ახალ ეტაპზე გადასვლას თან სდევდა გამოუცდელობის განცდა – ის, რაც ადრე შეიძინა, ახალ კონტექსტში არ ფუნქციონირებდა. [5]

მოურავის მიერ განმცდელი ავტობიოგრაფის შესაქებად გაკეთებული რეპლიკა გულწრფელი რომ არაა, ქალბატონის ქცევა მიანიშნებს: „ეტყობოდა, მოურავს კიდევ ბევრი რამ უნდა ეთქვა, მაგრამ დედაჩემმა გააწყვეტინა სიტყვა, დამიძახა და მკითხა“ [წერეთელი, 2015: 19]. ქალბატონის ჩარევა ორი თვალაზრისითაა საყურადღებო: ა) მან იცის, რომ მოურავი მლიქვნელობს, ამიტომაც აწყვეტინებს შეფასებას; ბ) სხვებისაგან განსხვავებით, მას გულწრფელად სურს შვილის შინაგანი სამყაროს (ინტერესებისა და მზაობის) გაცნობა. განმცდელი ავტობიოგრაფის აღზრდა სწორედ დედამ უნდა ითავოს. გარემოება – როსტომ წერეთლის ხუმრობაზე განმცდელი ავტობიოგრაფის პასუხი – დედას მასთან საუბრის დაწყების ხელსაყრელ პირობას უქმნის. დედის მიერ არაერთი დამაზუსტებელი შეკითხვის დასმა აღნიშნული ინტერესის ეკვივალენტურია, ანუ დედის შინაგან სამყაროს მიემართება და არა – მთხრობელი ავტობიოგრაფისას. ეპიზოდის ფარგლებში ყურადღებას იქცევს, ერთი მხრივ,  სასახლის წევრთა, მათ შორის, როსტომ წერეთლის, გარეგნული, ეტიკეტზე დაფუძნებული ქცევისა და  მეორე მხრივ, გარეგნული ფუსფუსისაგან განზე გამდგარი, თუმცა სასახლეში მიმდინარე პროცესებზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ქალბატონი. განმცდელი ავტობიოგრაფის ქცევასთან მიმართებით კი საყურადღებოა, რომ ის ერთნაირი მონდომებით უპასუხებს მამისა და დედის შეკითხვებს, ერთნაირ დამოკიდებულებას ამჟღავნებს სასახლის თითოეული წვერისადმი.

განხილული მონაკვეთის მიხედვით, განმცდელი ავტობიოგრაფის მენტალური პროცესები ასე შეიძლება შეჯამდეს: სასახლეში მისულმა განმცდელმა ავტობიოგრაფმა იცის, რომ თვისებრივად ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოს, თუმცა ახალი ცხოვრების შინაარსი მისთვის უცნობია. ამასთან, სასახლეში საცხოვრებლად გადასვლას შინაგანი დაძაბულობა ახლავს, ამიტომ ახალი რეალობის აღქმისას განმცდელი ავტობიოგრაფი ემოციურად დამუხტულია, ყურადღება კი მაქსიმალურად მობილიზებული აქვს. სასახლეში შეკრებილი ადამიანების მოქმედებათა მიხედვით ის ამ სოციუმის ქცევის წესებზე წარმოდგენას იქმნის. იცის რა, რომ ეს სოციუმი მისი მუდმივი საცხოვრებელი უნდა გახდეს, მენტალურ პროცესებში ჩართულია ჰომეოდინამიკაც: ის სოციუმს პასიურად არ აკვირდება, ცდილობს, სოციალურ გამოწვევებს ადეკვატურად უპასუხოს. სასახლეში შეკრებილი სტუმრების განსაკუთარებული აქტიურობა და მამის ხუმრობით დამუქრება მისთვის სოციალური ადაპტაციის დაწყების პირველი სტიმული ხდება: განმცდელი ავტობიოგრაფი არავერბალური ფიქრით, ქვეცნობიერად, ხვდება, რომ მისგან ახალი ცხოვრების ფარგლებში ბატონობის სწავლას ითხოვენ, რაც, თავის მხრივ, მისგან უნარიანობას მოითხოვს, ამიტომაც ის ცდილობს, მონდომებით უპასუხოს ამ სოციალურ გამოწვევას, აჩვენოს, რომ მას დიდი გამოცდილება აქვს, უნარიანია. დედის მიერ შეკითხვების დასმა განმცდელი ავტობიოგრაფისათვის საერთო სოციალური დაკვეთის რეალიზების ფორმად აღიქმება. ამ ეტაპზე მას დედასთან, როგორც მშობელთან, პიროვნული კომუნიკაცია არ აქვს, ის, მხოლოდ და მხოლოდ, ახალ სოციუმში ადაპტაციას ცდილობს.

 

4. დასკვნა

ავტობიოგრაფიის თანამედროვე თეორიის მიხედვით, ავტობიოგრაფიული ტექსტის შექმნა მთხრობელი ავტობიოგრაფის ჰომეოსტაზიური სააჭირეობით არის განპირობებული. წიანმდებარე სტატიის მიზანი იყო, დადგენილიყო, განმცდელი ავტობიოგრაფის ცნობიერების ფუნქციონირების/ფორმირების პროცესის განსახოვნებისას რა როლი უჭირავს განცდელი ავტობიოგრაფის ემოციის ჩვენებას.

აკაკი წერეთლის ავტობიოგრაფიული ტექსტის ეპიზოდის ანალიზმა აჩვენა, რომ ტექსტში განსახოვნებული განცდელი ავტობიოგრაფის ცნობიერების ფუნქციონირებაზე უმთავრესად ემოციური რეგულატორის მოქმედება მიანიშნებს. საანლიზო ტექსტში განცდელი ავტობიოგრაფის ვერბალური ფიქრი არაა განსახოვნებული; შესაბამისად, ავტობოგრაფიული ტექსტის მკითხველს განმცდელი ავტობიოგრაფის ცნობიერების ფორმირებაზე წარმოდგენა შეუძლია შეიქმნას განმცდელი ავტობიოგრაფის ემოციათა მონაცვლებაზე დაკვირვებით.

კვლევამ აჩვენა ისიც, რომ ემოციის, როგორც ცნობიერების მონიტორინგის, ფუნქციის განსაზღვრა შესაძლბელია ე.წ. კოგნიტური ნარატივის გათვალისიწინებით. განცდელი ავტობიოგრაფის ცნობიერების კოჰერონტულობის უზრუნველსაყოფად, ახალი რეალობის იდენტიფიკაციისას ემოციური რეგულატორი განმცდელი ავტობიოგრაფის ცნობიერებას ატყობინებს, რამდენად ხელსაყრელ ვითარებაში იმყოფება. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე განმცდელ ავტობიოგრაფში ჰომესტაზიური ან ჰომეოდინამიკური საჭიროებები აქტიურდება.

„ჩემი თავგადასვლის“ საანალიზო მონაკვეთში, საწყის ეტაპზე (სასახლის წევრებთან დაკავშირებით პირველი შთაბეჭდილებების შექმნისას), განმცდელი ავტობიოგრაფის ჰომეოსტაზიური ქმედებებია განსახოვნებული. როგორც კი განმცდელმა ავტობიოგრაფმა გააცნობიერა, რომ ახალ გარემოში ინტეგრირების პერსპექტივა არსებობდა, მის ქმედებებს ჰომოდინამიკა დაედო საფუძვლად.

დაბოლოს, აღსანიშავია ისიც, რომ, ჩატარებული კვლევის მიხედვით, განმცდელი ავტობიოგრაფის ცნობიერებაში მიმდინარე პროცესებს მთხრობელი ავტობიოგრაფი, ძირითადად, პროტოკოლით აჩვენებს.

 

 


[1] ამის საწინააღმდეგოდ, ქართულ სამეცნიერო სივრცეში, მიუხედავად აღნიშნული ჟანრის ტექსტების მრავალფეროვნებისა, ავტობიოგრაფიის კვლევას, ფაქტობრივად, არა აქვს ტრადიცია.

[2] ტერმინი ჰომეოსტაზია აღებულია ანტონიო დამასიოს ნაშრომიდან (2018), მასში მოიაზრება  ადამიანის სიცოცხლის რეგულირების ის მექანიზმი, რომელიც ადამიანისათვის საფრთხის შემცველ სიტუაციაში სტაბილურობის  უზრუნველყოფას ემსახურება. ადამიანის გადარჩენისათვის მხოლოდ სტაბილურობის შენარჩუნება არაა საკმარისი. ჰომეოსტაზია, როცა ის ადამინის ავტობიოგრაფიულ მეს მიემართება (დამასიო 2010), იმავდროულად მეორე მენტალური პროცესის არსებობას გულისხმობს: ადამიანს აქვს უნარი არა მხოლოდ შეინარჩუნოს ავტობიოგრაფიული მე (იდენტობის მოდელი), არამედ საჭიროების მიხედვით მისი განახლებაც შეუძლია, რაც ჰომეოდინამიკურ პროცესად კლასიფიცირდება.

[3] ავტობიოგრაფიული ტექსტის კვლევის ნარატოლოგიური საფუძვლების შესახებ იხ. ლოშნინგი, 2010

[4] ემოცია მონიტორინგის ფუნქციას ასრულებს, ტვინს ატყობინებს, როგორ მდგომარეობაში იმყოფება ადამიანი, რათა ავტომატურ რეჟიმში ტვინში გააქტიურდეს სამოქმედო პროგრამები და ადამიანმა ადეკვატურად იმოქმედოს [Damasio, 2000].

[5] განმცდელი ავტობიოგრაფის სოციალური კომპეტენციის ნაკლოვანება საანალიზო ავტობიოგრაფის მომდევნო ეპიზოდებშიცაა თემატიზებული. ჰიპოთეტური ფოკალიზებითა და პროტოკოლით მთხრობელი ავტობიოგრაფი მიანიშნებს, რომ განმცდელი ავტობიოგრაფის ცნობიერების ფუნქციონირების მთავარ გამოწვევას სწორედ გამოუცდელობა წარმოადგენდა.

ლიტერატურა

Damasio A.
2000
The Feeling of What Happens: Body, Emotion and the Making of Consciousness. London.
Damasio A.
2018
The Strange Order of Things: Life, feeling and the Making of Cultures. New York: Pantheon Books.
Eakin J.
2008
How Our Lives Become Stories: Making Selves Ithaca and London.
Löschnigg M.
2010
Postclassical Narratology and the Theory of Autobiograpy. In Alber J. & Fludernik M. (eds) Postclassical Narratology. Approaches and Analyses. Columbus: Ohio State UP.
Olney J.
1998
Memory and Narrative: The Weave of Life-Writing. Chicago.
წერეთელი ა.
2015
ავტობიოგრაფიულინ პროზა, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ. VII, თბილისი.
Löschnigg M.
2006
Die englische fictionale Autobiographie: Erzähltheoretische Grundlagen und historische Prägnanzformen von den Anfängen bis zur Mitte des neunzehnten Jahrhunderts. Trier.
Nalbantian S.
2003
Memory in Literature: From Rousseau to Neuroscience. Basingstoke: palgrave macmillan.
Palmer A.
2004
Fictional Minds. Lincoln.

2010.
Searle J.
1992
The Rediscovery of the Mind. Cambridge.
Schacter D.
*
Searching for Memory: The Brain, the Mind, and the Past. New York.
Eakin J.
2014
Fictions in Autobiography: Studies in the Art of Self-Invention. New Jersey.