მხატვრობა და ლია სტურუას რემინისცენციები

ლია სტურუა ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია მათ შორის, ვინც 70-იანი წლების დასაწყისში შეუერთდა ლიტერატურულ პროცესს და თავის თანამოაზრეებთან ( ბესიკ ხარანაული, გურამ პეტრიაშვილი, მამუკა წიკლაური...) ერთად ქართული ლიტერატურისთვის აქამდე ნაკლებპოპულარული, ე.წ. თავისუფალი ლექსი შემოიტანა. ლია სტურუას შემოქმედება საინტერესოა ფორმის, შინაარსისა და გამოკვეთილი ინდივიდუალურობის გამო. პოეტი თვითგამოხატვის ძირითად ფორმად ვერლიბრს ირჩევს, თუმცა 1987 წელს სონეტების კრებულიც გამოსცა, ეს კი თავისთავად მიუთითებს, რომ მისთვის მთავარი არა ფორმა, არამედ – სათქმელია.

ლია სტურუას პოეზიაში აღბეჭდილია კოდთა სიმრავლე, რაც მოიცავს როგორც ქართული, ისე – უცხოური კულტურის კოდებს, რომლებიც ამრავალფეროვნებენ და აღრმავებენ ლექსების შინაარსს. ასევე საინტერესო და უჩვეულოა მხატვართა რემინისცენციები და ფერწერული ხატ-სიმბოლოები, ეს ასპექტი ლია სტურუას პოეზიაში შენიშნულია, თუმცა  საკითხი ჯერ არ არის შესწავლილი. ამ ნიშნით (ჩემ მიერ) გაერთიანებული პოეტური ნიმუშები გამოკვეთს პოეტის დამოკიდებულებას არა მხოლოდ მხატვრობასთან, არამედ – მუსიკასთან, პოეზიასთან და ზოგადად, ხელოვნებასთან. რემინისცენციების საშუალებით ავტორი ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა: ფასეულობების  რღვევა, მხატვართა შემოქმედებითი თავისებურება, კულტურის მნიშვნელობა და ხელოვნების როლი ადამიანთა ცხოვრებაში. ლირიკული ნიმუშების განხილვის კვალდაკვალ იკვეთება ავტორის დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხისადმი, სწორედ ეს მიმართებები და მათი გამოსახვის ფორმები გამოარჩევენ მწერლებს და უნარჩუნებენ მათ ინდივიდუალურობას. ხოლო რემინისცენცია, როგორც მხატვრული საშუალება, ხელს უწყობს კულტურათა დიალოგს და აერთიანებს  მათ ისტორიულ გამოცდილებას.

 

 ზუსტი ფერწერული ხატები ლია სტურუას  პოეზიის ყველაზე ნიშნული კომპონენტია, ის გრაფიკულ სიცხადეს ანიჭებს პოეტურ შტრიხებს. პოეტის  პალიტრაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ –  ფიროსმანს, ვან გოგს, სეზანს, გოიასა და სხვა მხატვრებს, რომლებიც მიხვდნენ, „ვან გოგობა რისი მაქნისიცაა“,  მაგრამ სხვანაირ ცას, სხვანაირ სამყაროს ხედავენ და იციან, რომ  „მათი ტკივილი სოთბის  აუქციონზე  სხვას  დააპურებს“. ამ პალიტრაზე იმპრესიონისტული ფერები ჭარბობს. პოეტი ფიქრობს ჭეშმარიტი ხელოვნებისა და ფსევდოკულტურის მიმართებებზე, მუსიკის თუ ფერწერული ნიმუშის დანიშნულებაზე, იმ საფრთხეებზე, რომელთა წინაშეც დგას ხელოვნება და აღნიშნავს იმასაც, რომ  ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას განსხვავებულად შეუძლია ადამიანის გადარჩენა, რუტინისგან მისი გათავისუფლება, შთაგონება და სულიერი  ზრდა.  ამ  პოეზიაში ლირიკულ გმირს  შეუძლია „ზღვა ზეპირად დახატოს და ულტრამარინის მთელი მარაგი დახარჯოს“. ასევე  დაინახოს  „ვარდისფერი, რომელიც ღრმაა“ , რომ „ღრმა მწვანე მტკივნეულია“. ისიც იცის, რომ „ცას არ სჭირდება ამომხტარი ფერები“, თუმცა  სხვა გამოსავალი არაა - „კივილს ქრესტომათიაში არ შეიტანენ“. ლია სტურუას პოეზიის ღერძი პოეტის ლირიკული მეა.  სწორედ ეს ნიშანი  განსაზღვრავს ლექსებში წარმოდგენილ ფერებს, მხატვრებსა და მათ შემოქმედებას, ფერების ფუნქციებსა თუ ასოციაციებს.

 ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც  ლია სტურუას პოეზიაში იკვეთება, არის ფასეულობათა რღვევა, მკვეთრად უარყოფითი და კრიტიკული დამოკიდებულება ყალბის, ხელოვნურისა და ნაძალადევის მიმართ. ლირიკული გმირი წუხს, რომ სწორი მიმართება კულტურასთან ხშირად დაკარგულია, რომ ფსევდოკულტურასა და ჭეშმარიტ ხელოვნებას შორის ზღვარი თანდათან იშლება, თუმცა  „ნერწყვით გაშინაურებული საღებავი“ ძალას კარგავს,  როცა „ვიღაც“ საკუთარი სისხლით ხატავდა ტილოებს:

„ვეღარ ხატავ და

საღებავს ხომ არ შეჭამ?

დიდი-დიდი, ნერწყვით გაიშინაურო,

მაგრამ ყურს მოიჭრის ვიღაც

და  გათავდა

ამ სისხლით დახატული

მილიონებად გაიყიდება,

ნახატი რომ უწმინდურობაში

ამოავლო, იმასაც იყიდიან

XXI საუკუნეა, კანალიზაციის მილებში

ჩატენილი ვარდები-

ალიყური პოეზიას!...“

 „***გააჩერე დრო“ [სტურუა, 2013:158-9].

ამ სიტყვებში ავტორი ნათლად აღწერს სამწუხარო რეალობას, სადაც   ზღვარი გამქრალია ხელოვანის სითამამესა და ვულგალურობას შორის. „კანალიზაციის მილებში ჩატენილი ვარდები“– შერყვნილი კულტურის სიმბოლო, ეს არის სილის გაწნა, როგორც პოეზიისთვის, ისე – წმინდა ხელოვნებისთვის. ავტორი შეგნებულად არ ასახელებს ვან გოგს, რომელიც სულიერებისგან დაცლილ რეალობაში მხოლოდ „ვიღაც“ შეიძლება იყოს, თუმცა თუ მკითხველი ხვდება  მის ვინაობას, შესაძლებლობა აქვს გაიაზროს  მწერლის სათქმელი. მხატვრის  შემოქმედება  პოეტისთვის ახლობელი  და ნაცნობია, რაც  დასტურდება  ლექსში  „ვან გოგი“, პოეტი ისეთი სიზუსტით აღწერს დეტალებს, რომ მკითხველი თვალნათლივ წარმოიდგენს არა მხოლოდ  ტილოებს, არამედ მათი შემქმნელი ადამიანის განცდებს. მხატვრობას ნაზიარები ადამიანისთვის ცნობილია, რომ ფერწერული ტილო – მრავალფიგურიანი კომპოზიცია – მთლიანობაში  უნდა  იყოს აღქმული. ამ ლექსიდანაც რთულია კონკრეტული სტროფის ციტირება, ყოველი დეტალი გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია:

„განა შეიძლება,

ქვისგან აშენებული ეკლესია

მზესავით იყოს

ყვითელი ლურჯზე?

არც ის შეიძლება,

მინდორს, ხეს, ძველ ფეხსაცმელსაც კი,

ნერვები ჰქონდეს

და კბილივით სტკიოდეს...

ამის გამო მთელი გარემო

დაგრეხილია, თითქოს

ლოკოკინებისგან შედგება,

თითო გრეხილზე

იმდენი საღებავი მოდის

რომ ჰაერს ხორცი უჩნდება

და გასაფრენად გამზადებული

სული ვეღარ ამოდის პირიდან...

ამ მწითურ, ცხელ ხორციანობაში

სულ პატარა გამჭირვალება

რომ ჩამოეშვა ვინმეს,

მაგალითად, შოპენის

რამდენიმე ვერცხლისფერი ბგერა,

ან გედისა და სარკის ნატეხი,

იქნებ ამოესუნთქა,

თეთრად და მშვიდად

ამოსვლოდა სული...

მაგრამ ყველა თავისთვის ცხოვრობს,

მარტო ყვავები დაფრინავენ

მინდორში და ეკლესია ჩანს,

ხოლო ყურების გოგირდოვან ჯოჯოხეთში

ბავშვივით იზრდება

დიდი ყვითელი მზესუმზირა...“

 „ვან გოგი“ [სტურუა, 2013:155].

უჩვეულო სამყაროში გადავყავართ მხატვარს,  ლირიკული გმირიც აღელვებულია, ამიტომაც დაუფარავი გაოცებით იწყებს: „განა შეიძლება?“ ეს შეკითხვა რიტორიკულია, თურმე შეიძლება „ქვისგან აშენებული ეკლესია მზესავით იყოს ყვითელი ლურჯზე“  და მას „ოვერ-სიურ-უაზის ეკლესია“ ჰქვია. 1890 წელს ზეთის საღებავებით შესრულებულ ტილოზე, ლურჯ  ფონზე დახატული ეკლესია მზესავით ნათელია, სიწმინდისა და მხატვრის სურვილის გამო: ახლა სოფლის ეკლესიის მოზრდილი სურათი დავხატე, სადაც სუფთა კობალტის ღრმა ლურჯი ცის ფონზე შენობა იისფერი გეგონება, ვიტრაჟები ზღვისფერი ლურჯის ლაქებს წააგავს. წინა პლანზე აყვავებული მწვანე მდელო და ვარდისფერი ქვიშაა. ეს სურათი თითქმის იმ ეტიუდების მსგავსია, ნიუენენის სასაფლაოს და ძველი კოშკისთვის რომ ვხატავდი, მაგრამ აქ ფერები უფრო ექსპრესიული და ძლიერია...“  [ ვან გოგი, 2009:88].   სწორედ ასე აღწერს მხატვარი თავის ტილოს, დის, ვილჰელმინასადმი მიწერილ წერილში. ნახატში ფერები მართლაც განსხვავებულია, მაგრამ კონტრასტი ამით არ ამოიწურებაფერების ცალკეული ზონები აგებულია სწრაფი, მომრგვალებული და რიტმული შტრიხების მეშვეობით და მიწაც და ეკლესიაც თითქოს მოძრაობს. ვან გოგის ამ ერთ-ერთი უკანასკნელი ტილოს კომპოზიცია და განცდები ვიბრაციის მეშვეობით უფროა გადმოცემული, ვიდრე – ფერით.“  [პრიეტო, ტელიო,  2009:88]. ეს გამომსახველობითი ვიბრაცია იგრძნობა მთელ რიგ ნახატებში. ლექსში ნაგულისხმევი  ტილო „წყვილი ფეხსაცმელიც“ სწორედ ასეთია („უკანასკნელი საყრდენი-ატკიებული ფეხსაცმელი“ – სავარაუდოდ, სწორედ ამ ტილოზე მიგვანიშნებს ავტორი სხვა ლექსში.).  მხატვარმა  ის 1886 წელს შექმნა და  ნათელი ფერების ნაცვლად შავ-თეთრი საღებავი გამოიყენა. სევდიანი ნახატია, ტკივილიანი, თითქოს ამ

ძველ ფეხსაცმელსაც კი,

ნერვები ჰქონდეს

და კბილივით სტკიოდეს...

ამი გამო მთელი გარემო

დაგრეხილია, თითქოს

ლოკოკინებისგან შედგება“

„ვან გოგი“ [სტურუა, 2013:155].

ამ ფერწერული ნიმუშის საინტერესო ინტერპრეტაციას გვთავაზობს  მეოცე საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსი მარტინ ჰაიდეგერი ნაშრომში „დასაბამი ხელოვნების ქმნილებისა“:  ვან გოგის ნახატის მიხედვით ვერც ვერასოდეს შევძლებთ  იმის დადგენას, თუ სად ალაგია ისინი. გლეხის წყვილი ყელიანი წაღების გარშემო არაფერია, რისი კუთვნილებაც შესაძლოა, იგი იყოს. ირგვლივ მარტო გაურკვეველი სივრცეა. ბელტის ან თემშარის ტალახიც კი არ არის  ყელიან წაღებზე მიწებებული, რაც იმაზე მინიშნებას მაინც შეიძლებდა, რომ მათ იყენებენ. გლეხის წყვილი ყელიანი წაღა  და მაინც:

ფეხსაცმლის მოქცეული ყელის მრუმე ღიობიდან დაჟინებით იყურება სამუშაო ნაბიჯების სიმძიმილი. მის ბუნებითს სიმძიმეში დაგროვილია ნახნავის  ფართოდ გაშლილ და  ერთფეროვან კვლებში დინჯი სიარულის შეუპოვრობა. ნახნავისა, რომელზეც მკაცრი ქარი დათარეშობს, ტყავზე ძევს ნიადაგის ტენი და წვენი. ლანჩებქვეშ დამდეგ საღამოსთნ ერთად უჩუმრად მოიპარება თემშარის სიმარტოვე. ფეხსაცმელში ლივლივებს მიწის უჩუმარი მოწოდება მის მიერ მწიფე თავთავის  მდუმარე ჩუქება და იდუმალი გაწბილება დაზამთრული ველის უდაბური ნასვენისა. ფეხსაცმლიდან მოაბოტებს უდრტვინველი შიში პურით უზრუნველყოფისთვის. გასაჭირის  გადატანის უსიტყვო სიხარული, თრთოლვა, დაბადების  მოლოდინით გამოწვეული და  კანკალი, სიკვდილის მხრივ მუქარით მოგვრილი. ხელსაწყო ესე მიწის კუთვნილებაა  და გლეხი ქალის  სამყაროშია იგი დაცული“ [ჰაიდეგერი, 1992:31]. პოეტისა და ფილოსოფოსის მიერ ნახატი სხვადასხვაგვარად არის აღქმული, თუმცა  მნიშვნელოვანია მსგავსებაც: ტკივილი და „დაგრეხილი ჰაერი“ ორივე შემთხვევაში ნაგრძნობია. თუ  ჰაიდეგერი ამ ნახატშივე ხედავს „გასაჭირის  გადატანის უსიტყვო სიხარულს“, პოეტს ამ სინათლის შემოსატანად  სხვა სახეები სჭირდება, მაგ.  შოპენის მუსიკა, რომ სული „თეთრად“ და „მშვიდად“ ამოვიდეს (მუსიკა გვევლინება მხსნელად ლია სტურუას სხვა ლექსებშიც: „მუსიკა“,„ორშაბათიდან კვირამდე“, „სიზმარი“, „სხვა რა გითხრა?“).  თეთრი ფერი  სისპეტაკისა და სინათლის გარდა გულისხმობს ნებისმიერი ფერის პალიტრაში გადაზრდის პოტენციასაც, რომელიც, სავარაუდოდ,  ცვლილება-გადარჩენას ნიშნავს. ფერწერული ტილოებით შთაგონებულ ლექსში აღწერილია გარემო, სადაც „ყველა თავისთვის ცხოვრობს“ და „მარტო ყვავები დაფრინავენ მინდორში“,  მხატვარს, ბავშვივით სპეტაკს და ნათელი ფერებით მოსილს,  „ყურების გოგირდოვანი ჯოჯოხეთიდან“  დიდი ყვითელი მზესუმზირა ეზრდება, როგორც ნაყოფიერების, სილამაზისა და სინათლის სიმბოლო. „ჩემშიც არის ცოტა მზესუმზირა,“ – ამბობდა ვინსენტ ვან გოგი, რომელიც სიმბოლურ დატვირთვას ანიჭებდა  ამ ნაყოფიერ ყვავილებს. მისთვის მზესუმზირებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა – ყვითელი ფერი მეგობრობასა და  იმედს ასახიერებდა. გაშლილი ყვავილი კი მადლიერების სიმბოლოდ მიაჩნდა“ [პრიეტო,ტელიო, 2009:56].  მზე, სინათლე, ხელოვანის დამოკიდებულება სამყაროსთან,  ტოლოები, რომლებზეც ტკივილისა და  სევდის გვერდით გადარჩენის გზა, შრომისა და მადლიერების აუცილებლობა ვლინდება. პოეტი სწორედ ამ მახასიათებლების გამო არჩევს ვან გოგს და მისი ფერწერით შთაგონებული ლექსებიც სულ სხვა რაკურსით დაგვანახებენ მხატვარის შემოქმედებას.

ვან გოგთან ერთად ლია სტურუას პოეტურ ტილოზე პოლ  სეზანის  „ატმების ჟრიალსაც“ დავინახავთ. ავტორი რამდენიმე სტრიქონში მხატვრის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვან „ფაქტებს“ გვიამბობს. რეალისტური პასაჟები და მოწოდების განსაკუთრებული  ფორმა კი ლექსს იმპრესიულობასა და  ემოციურობას  ჰმატებს.  ეს ლექსიც  რიტორიკული  შეკითხვით იწყება:  „ვინ დახატავს  ატმების ჟრიალს?“  შემდეგ  კი ავტორი მხატვრის  მოკლე „ბიოგრაფიულ ექსკურსს“ გვთავაზობს:

ბატონი სეზანი, რომელმაც

ნატიფი ხელოვნების აკადემია დაამთავრა,

რომელსაც ქუჩაში სძინავს

და თავქვეშ ფეხსაცმელები აქვს ამოდებული,

შია, სოთბის აუქციონზე

კი მის ატმებს ჭამენ.

ის არ უყვართ ფერ-ხორცის მხატვრებს

და სინატიფის მასწავლებლებს,

ის ოთხკუთხედია და წახნაგი სტკივა,

ის ხატავს ატმებს და არა

მათ ხორკლებზე მოარულ შიშს,

სად სცალია ამ მისტიკისთვის,

როცა ფორმის სიმართლეს გაუგო?

აი, ღმერთი რომ დაინახავს,

პირველივეს, რასაც გააკეთებს,

ატმის ჟრუანტელს დაუხატავს,

გადაიბირებს თავისკენ

ვარდისფერხორციანი მხატვრობიდან...“

 „სეზანი“ [სტურუა, 2013:31].

ლექსში ბიოგრაფიულ პასაჟებს ვხვდებით. მდიდარი ოჯახის შვილს, რომელმაც „ხელოვნების ნატიფი აკადემია დაამთავრა“ , „ქუჩაში სძინავს“ – რაც, სავარაუდოდ, მიანიშნებს მხატვრის ცხოვრების კონკრეტულ  პერიოდზე, როდესაც ის პარიზში მიემგზავრება და ღია ცის ქვეშ ხატვის გამოცდილებას იღებს. „სოთბის აუქციონზე  კი მის ატმებს ჭამენ“  – ამ  დეტალით ავტორი სეზანისთვის  დამახასიათებელ საგანთა მატერიალურობას და  დამაჯერებლობას  უსვამს ხაზს.  მკითხველს შეიძლება გაახსენდეს სეზანის ერთ-ერთი ნახატი „ბოთლები და ატმები“, რომელშიც გეომეტრიული ტექნიკისა და  ფერების სიღრმითი გამომსახველობის სინთეზია მიღწეული. ბუნების არსი ზედაპირზე არ დევს, ის სიღრმეშია; ფერები ამ სიღრმის ზედაპირზე გამოტანაა! ისინი სამყაროს ფესვებიდან მომდინარეობს. ისინი სიცოცხლეა, იდეების სიცოცხლე პოლ სეზანი  [სეზანი, 2010:32]. „ის ოთხკუთხედია და წახნაგი სტკივა“ – უთუოდ მხატვრის ნამუშევრების გეომეტრიული კომპოზიციისა და ბალანსისკენ მისწრაფებას აღწერს. სეზანი ტილოებზე სამგანზომილებიან გამოსახულებებს ფერთა გამისა და გეომეტრიული შტრიხების შერწყმით ქმნის, რაც პოეტისთვის ცნობილი და გასაგებია, ამიტომაც ერთგვარად ამართლებს კიდეც „სად სცალია ამ მისტიკისთვის, როცა ფორმის სიმართლეს გაუგო?“  ეს  სიმართლე კი იმდენად მტკიცეა, რომ მხოლოდ „ღმერთს შეუძლია  მისი გადაბირება ამ ვარდისფერხორციანი მხატვრობიდან“. სინტაგმის „ვარდისფერხორციანი მხატვრობა“ დეკოდირებას მოაქვს ახალი შინაარსი და ის ტილოებზე გამოსახული საგნების დამაჯერებლობაზე მიუთითებს. პოეტისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტილოები, არამედ მათ შემქმნელთა წარსული, ცხოვრებისეული გამოცდილება, პრინციპულობა, ადამიანური ნება და არჩევანი, რამაც ამ ფერწერული ნიმუშების შექმნა განაპირობა.

როგორც  განხილული  ლექსებიდან ჩანს, ლია სტურუასთვის  იმპრესიონისტთა  შემოქმედება მუდმივი ფიქრის საბაბია. როგორც აღვნიშნეთ, პოეტის შემოქმედების ერთ-ერთ ასპექტს მკვეთრად ხაზგასმული „ლირიკული მე“ წარმოადგენს, იმპრესიონისტი მხატვრებიც  რეალობას სწორედ საკუთარი აღქმის მიხედვით  აძლევენ ინტერპრეტაციას. ლექსში  “IMPRESSION”,  რომელიც ბოლო  კრებულშია   („მგლის საათი“) შეტანილი, კარგად ჩანს სხვა მიზეზიც:

„მინდორს რომ გამოაკლო ხიდი,

ხიდს გიჟი, რა დარჩება? მზე,

მაინც მზე, ყველგან

განსაკუთრებით თავში“

 „IMPRESSION”  [სტურუა, 2016: 51]

ამდენად, მზის – სიცოცხლისა და სინათლის – სიყვარული გამოარჩევთ ზემოთ ხსენებულ მხატვრებს. „იმპრესიონისტი მხატვრებით კი მაბოდებდა ისე, რომ მთელი  ტანით ვგრძნობდი, როგორ სტკიოდა ვან გოგს თავში ჩავარდნილი მზე“ [სტურუა, 2002:10].  პოეტი  დარწმუნებულია მათ უპირატესობაში და, მიუხედავად იმისა, რომ „ხატვა არ იცის“, ერთგვარად იმპრესიონისტთა მემკვიდრედაც კი გვევლინება:   

სკირაც მე მერგო, თავისი

იმპრესიონისტი შვილებით,

ისინი მამობას ვერ გაწევენ,

უმწეოები ყველაფერში, ხატვის გარდა,

სამაგიეროდ, ისეთი ღონიერი

იზმის შემქმნელები, რომელზეც

ცხვირს ვერავინ აიბზუებს,“

 „ცისფერი, ლურჯი, ალისფერი...“  [სტურუა, 2013:190].

ლექსის ლირიკული გმირი ფერების საშუალებით აღწერს  დროის დინებას,  სათაურიც „ცისფერი, ლურჯი, ალისფერი...“ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს წარმოადგენს, ბავშვი,  როგორც სიწმინდის სიმბოლო, ცისფრად არის დახატული, ხოლო ლურჯი  უფრო მკვეთრია და მოწიფულობის ასაკს უკავშირდება. წითელ-ყვითელი კი აღელვებისას ისევ ალისფერში გადადის  და ეს „ისევ“ მარადიულია. ფერების სიყვარული და გრადაციები ლია სტურუასთვის ლექსების განსაკუთრებული ნიშანია. მის ლექსებში მოცემული ალუზიები და რემინისცენციები მრავალფეროვანი ინტერპეტაციის  საშუალებას იძლევა, ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ავტორს არა მხოლოდ  შედეგი – ტილო, არამედ უკანა ფონიც – მხატვრის ცხოვრებაც – აინტერესებს, რათა მკითხველს ცხოვრებისა და შემოქმედების  სინთეზი ან კონტრასტი დაანახოს. ლექსი „აღდგომაც“ ამის მაგალითია: სიტყვებით შექმნილია „ტილო“ მოყვასის სიყვარულით სავსე მხატვარზე. აქ კარგად ჩანს როგორც ქვეტექსტში, ისე ნახატის უკან დაღვრილი სისხლი:

„აღდგომა, მოყვასის სიყვარული უზმოზე...

რამდენ ხანს გრძელდება?

რამდენი სისხლი ყოფნის

კვერცხების შეღებვას

(ენდრო ძვირია),

რამდენი თითისტარი ბამბა _

ბატკნის სითეთრეს?“

 „აღდგომა“ (ფიროსმანის ასოციაცია) [სტურუა, 2013:174].

პოეტი ლექსის პირველივე სტრიქონში უჩვეულო შედარებას  გვთავაზობს -„მოყვასის სიყვარული უზმოზე“ – ეს არის  აღდგომის პოეტისეული დეფინიცია, რომელიც  როგორც ქრისტეს აღდგომის არსს, ისე ფიროსმანის შემოქმედების მთავარ მახასიათებელს  წარმოგვიდგენს. პოეტი აცხადებს, რომ ტკივილის გარეშე არ არსებობს შემოქმედება, რომ ენდროს ნაცვლად (მატერიალური სიდუხჭირეც ნაგულისხმევია) სისხლით არის შეღებილი კვერცხები და დიდი შრომის შედეგადაა მიღებული „ბატკნის სითეთრეც“:

„ეს რომ სიტყვით თქვა,

სისხლის და ქათქათის შეხამება

ლექსში არაფერს იძლევა,

შიშის გარდა,

ნახატში - მოცახცახე წერტილებს...

თეორია რომ ღვინით შეამოწმო?

დასაშვებია ეს ალისფერი ანალიზი?

როცა ნიადაგი სარდაფია,

სტიმული -კიბე?“

მკითხველი არა მხოლოდ ფიროსმანის „აღდგომას“ წარმოიდგენს, არამედ მხატვრის ბიოგრაფიის ყველაზე ტრაგიკულ მხარესაც, სადაც „ნიადაგი სარდაფია“ და „ალისფერი ანალიზი“ – მძაფრი და მტკივნეული:

„სისხლი, ქვეტექსტში, მაინც დაიღვრება,

ან ნახატის უკანა მხარეს,

რის მერეც მოყვასის სიყვარული

ისე ბზინავს,

როგორც აღდგომის კვერცხი,

თითისტარის ზანტი ტრიალი

კეთილი ცა,

კიბის ბოლო საფეხურზე ჩამოდებული...“

 „აღდგომა“ (ფიროსმანის ასოციაცია) [სტურუა, 2013:174].

სისხლი იღვრება, ქრისტეს ჯვარს აცვამენ, ფიროსმანიც ტანჯულია, ისიც საკუთარი „სისხლით“ ღებავს „აღდგომის კვერცხებს“ და ამას დაკვირვებული თვალი კარგად ხვდება, თუმცა ნუგეში არის: ჯვარცმული ქრისტე აღდგება და  ფიროსმანისთვისაც კიბის ბოლო საფეხურზე, მაგრამ მაინც არსებობს „მოყვასის მბზინავი სიყვარული“ და „კეთილი ცა“. ძნელია ამაზე უჩვეულოდ გამოხატოს ავტორმა თავისი პატივისცემა და თანაგრძნობა  მხატვრის მიმართ და უძლურების მიუხედავად, აღდგომის სიხარულითა და მოყვასის სიყვარულით ანუგეშოს. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ერთი „დამთხვევაც“: ლია სტურუას თავისი შვილისადმი მიძღვნილ ლექსში,  „ჩემს შვილს, ეკას“,  სწორედ  აღდგომის სიხარულით  შემოაქვს იმედი. ავტორი გვიყვება ბავშვზე, რომელიც ხატავს სახლს და სითბოსა და სინათლის ილუზიას ქმნის.  ნახატზე წითელი  ძაღლი  ვარდების ბუჩქს ჰგავს და „ბალახი ისეთი რძიანია შეიძლება მოიწველოს“, ხოლო წვიმის დახრილობის მქონე ასოები ბავშვისთვის ნაცნობ სევდას ავლენენ. მძიმე რეალობაა. მშობლები ღამეს ტალახივით პურის რიგში ათენებენ...“ თუმცა ნახატზეც და რეალობაშიც არის ნუგეში – თვალითა და გულით ნაგრძნობი აღდგომის სიხარული:

„ნახევარქვეყანა ბალახში,

კიდევ წითელი კვერცხებია ჩახატული

თვალით გრძნობს, რომ ასე ჯობია,

გულითრომ მალე აღდგომა მოვა“

 „ჩემს შვილს, ეკას“ [სტურუა, 2013:172].

ლია სტურუა არის ავტორი, რომელიც სამყაროს ყოველდღიურად ახალი აღმოჩენისკენ  მოგვიწოდებს, ეს კი კავშირშია ბავშვურობასთან. მოცემულ ლექსშიც მხატვარი ბავშვია და საკუთარ სამყაროს გვიშლის თვალწინ: სუფთას, კეთილსა და ფერადს. „სინთეზურია, ერთიანია ლექსის სტრუქტურაც: ლექსი არ იყოფა სტროფებად, მონაკვეთები, სეგმენტები, მცირერიცხოვანია, პაუზები მოკლეა, ლექსი თითქოს ერთი ამოსუნთქვითაა შექმნილი, თითქოს „ერთი ამოსუნთქვაა“ ლექსის სიცოცხლე, რომელიც ბოლო სიტყვასთან ერთად მთავრდება, რაც ხატწერის „განვრცობილ სიმძაფრესთან“ და ინტონაციურ მრავალფეროვნებასთან შეხამებით დინამიკურ და დრამატულ, ლია სტურუასეულ რიტმს წარმოშობს“ [ზაზანაშვილი, 2009:5].

ლია სტურუას შემოქმედებას  აფასებენ როგორც აღმოჩენების, ტკივილისა და თანაგრძნობის პოეზიას, ავტორს სჯერა, რომ ხელოვნება, შემოქმედება მარადიულია:

„გასრესილ პალიტრაზე ფერების ნარჩენები

არ ყვირიან, როცა, მთლიანობაში,

მხოლოდ კაშკაშებენ, მზესავით

დარწმუნებულები თავის ხანგრძლივობაში.“

 „უჩრდილობა“ [სტურუა, 2013:111].

ამ მარადიულობის რწმენასთნ ერთად იმპრესიონისტული ფერებით „დახატული ლექსები“  სწორედ  იმაზე  გვაფიქრებს, რომ  ხელოვნება ცვლის ადამიანს, მის ხედვას; განსაზღვარავს მის არჩევანს როგორც ცხოვრებაში, ისე – შემოქმედებაში. მოცემულ რემინისცენციებში იკვეთება როგორც უცხოური, ისე ეროვნული კოდები. პოეტი გამოარჩევს ისეთ აქტუალურ თემას, როგორიცაა ხელოვნების კულტურის მნიშვნელობა. თუმცა  ეს ლექსები სხვა თვალსაზრისითაც გამოირჩევა: ავტორს არა მხოლოდ ფერწერული ტილოების აღქმა შეუძლია, არამედ ამ ნახატებისგან მიღებული ემოციის სიტყვებით გამოხატვა და ანალოგიების დანახვა; სათქმელის იმდენად ნათლად და ზუსტად გადმოცემა, რომ მკითხველს შეუძლია „დაინახოს“, წარმოისახოს, ემოციურად იგრძოს ეს ფერწერული ნიმუშები. ამდენად, ლია სტურუას უპირატესობა სათქმელისა  და სიტყვების ორიგინალური შეთანხმებაა, მის პოეზიაში  მკითხველი ხვდება, რომ პოეტი განსაკუთრებული სიფაქიზით არჩევს სიტყვებს და, რაც მთავარია, ის ასოციაციების ნაკადი, რაც ამ ძიებას მოაქვს აღმქმელისთვის ბუნებრივი და გულრწფელია. პოეტი რემინისცენციების საშუალებებით გვაახლოებს კონკრეტულ  მხატვართან, ნახატთან  და  ზოგადად, ჭეშმარიტ ხელოვნებასთან, ეს ლია სტურუას პოეზიის ღირებული კომპონენტია,  რადგან  ადამიანის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა სწორედ ხელოვნებასთანაა დაკავშირებული.  

ლიტერატურა

სტურუა ლ.
2013
რჩეული, თბილისი.
სტურუა ლ.
2016
„მგლის საათი“. თბილისი .
ჰაიდეგერი მ.
1992
„დასაბამი ხელოვნების ქმნილებისა“. თბილისი.
სეზანი პ.
2010
პოლ სეზანი, თბილისი.

1971
ვან გოგი.
2009
ვან გოგი. თბილისი.
სტურუა ლ.
2002
„რძეში ჩავარდნილი ქვა“. თბილისი.