ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ეკონომიკური მხარე

(ისტორია და თანამედროვეობა)

 

საუბარი იმაზე, რომ ცხინვალის რეგიონის კონფლიქტი მნიშვნელოვანია თანამედროვე საქართველოსათვის როგორც პოლიტიკური ვითარების, ასევე სამეცნიერო შესწავლის კუთხით, ალბათ დიდ მტკიცებას არ საჭიროებს. გამომდინარე აქედან ხშირია საისტორიო, პოლიტიკურ თუ სამხედრო ანალიზის შემცველი სტატიები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის შესახებ არსებულ სტატიებს, კონფლიქტის ანალიზისათვის ხშირად ქრონოლოგიურ ჩარჩოდ აღებული აქვთ მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული მოვლენები. ამას ალბათ ის ახსნა აქვს, რომ კონფლიქტის ერთ-ერთი ბოლო ეტაპი სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო.

მიუხედავად ამისა, კონფლიქტის წარმოქმნის ქრონოლოგიური პერიოდი შედარებით ვრცელია და ის დასაწყის მეოცე საუკუნის პირველი ნახევრიდან იღებს, ჯერ ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკიდან, ხოლო შემდგომ უკვე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან. სწორედ ამის გამო, ალბათ, უპრიანი იქნება, თუ კონფლიქტის ანალიზის დროს ხშირად პარალელებს სწორედ კონფლიქტის თავდაპირველ მოვლენებთანაც გავავლებთ, ვინაიდან კონფლიქტის საწყისსა და დღევანდელობასთან სხვაობა მხოლოდ ერთი საუკუნეა, რაც ისტორიისთვის არც თუ ისე დიდი პერიოდია.

ჩემი სტატიის მიზანიც სწორედ ესაა, მოხდეს შედარება კონფლიქტის განვითარების ეტაპების არა მხოლოდ მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან, არამედ მისი საწყისიდან. კიდევ ერთი მომენტი არის ის, რომ კონფლიქტის განხილვა უმეტესწილად ხდება პოლიტიკური და სამხედრო მოვლენების ანალიზის შედეგად და შედარებით მცირე ადგილი ეთმობა ეკონომიკური მოვლენების ანალიზს. არა და ხშირად კონფლიქტს სწორედ ეკონომიკური მოტივებიც წარმართავს ხოლმე და სამხედრო-პოლიტიკურ მოვლენებზე არანაკლები წვლილი მიუძღვის მის მსვლელობაში.

სწორედ ამიტომ  მივყვეთ ცხინვალის კონფლიქტის ეკონომიკურ მხარეს ქრონოლოგიურად.

კონფლიქტის პირველი შტრიხები ცხინვალის რეგიონში 1917 წლის რევოლუციის შემდეგ იკვეთება. სწორედ ამ პერიოდიდან იქმნება სამხრეთ ოსეთის სახალხო ყრილობა და ეროვნული საბჭო, რომელიც ეტაპობრივად ცდილობს მართვის სადავეების ხელში აღებას დღევანდელი ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე. 1918 წლის 4 იანვარს ოსეთის დელეგატთა ყრილობამ ოფიციალური მიმართვაც გააგზავნა საქართველოს ეროვნული საბჭოს მიმართ, რომ ამიერიდან ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ოს ერს შეეხებოდა, უნდა მიემართათ სამხრეთ ოსეთის ეროვნულ საბჭოსათვის.

ამ ფაქტს შემდგომი განვითარებაც მოჰყვა. 1918 წლის 16 მარტიდან იწყება პირველი კონფლიქტის მოვლენები, სადაც პოლიტიკურთან ერთად ეკონომიკური მოთხოვნებიც აშკარაა. 16 მარტს ცხინვალში ოსთა დელეგაციამ წარადგინა შემდეგი მოთხოვნები:

1. მიწების დაყოფა;

2. გორის მაზრიდან რევოლუციონურ ორგანიზაციაში მომუშავე რამდენიმე პიროვნების გაძევება;

3. გორის მაზრიდან  ყველა თავადისა და აზნაურის გაძევება;

4.  სიტყვისა და კრების თავისუფლება [ბლუაშვილი, 2005: 11].

 

აღნიშნული მოთხოვნების შესასრულებლად ადგილობრივ ადმინისტრაციას მისცეს რამდენიმე საათი. ამ შემთხვევაში არ მივყვებით კონფლიქტის ფაქტობრივ განვითარებას და შემდგომ განვითარებულ სამხედრო მოვლენებს. ჩვენთვის საინტერესოა ის ფაქტი, რომ კონფლიქტის მიზეზი ყოველთვის პოლიტიკური მოვლენებით არ იყო განპირობებული, არამედ მის საწყის ეტაპზე კარგად ვხედავთ ეკონომიკურ ფაქტორებსაც, რომლებიც შეეხება მიწის საკითხებსა და თავად-აზნაურობის უფლებებს.

1918 წლის მოვლენების შემდეგ კიდევ ორ სამხედრო დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს მოხდა, 1919 და 1920 წლებში.

1918 წლის კონფლიქტის დროს არსებული მოთხოვნებისგან განსხვავებით, 1919 და 1920 წლის დაპირისპირებისას  ეკონომიკური ფაქტორები წინა პლანზე აღარ გამოსულა და ისინი პოლიტიკურ ხასიათს ატარებდნენ, რომელთა მიზანიც ავტონომია, დამოუკიდებლობა ან სხვა ქვეყნის ფარგლებში გაერთიანება იყო.

თუმცა მიუხედავად ყოველივე ამისა, შემდგომი ორი დაპირისპირების დროსაც გვხვდება ჩვენთვის საინტერესო საკითხები. მაგალითად 1919 წლის კონფლიქტის დროს, 26 თებერვალს თბილისში გაიმართა ოს მუშათა კრება, რომელიც გაემიჯნა დაპირისპირებაში ჩართული ეთნიკურად ოსი მოსახლეობის მოთხოვნებს [თოიძე, 1991: 30].

ასევე საინტერესოდ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ 1920 წლის სამხედრო დაპირისპირების პერიოდში, რომელიც წინამორბედ კონფლიქტებთან შედარებით ყველაზე მასშტაბური იყო, კონფლიქტში არ ჩართულან არც სამხედრო და არც სხვა სახის პროტესტით გორის სამხრეთ მცხოვრები ეთნიკურად ოსი მოსახლეობა.[1]

ამ ორი ფაქტით იმ ვერსიაზე მსურს ყურადღების გამახვილება, რომ ორივე შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ ყოფილა იმ ოს მოსახლეობასთან, რომელიც ეკონომიკურად დანარჩენი საქართველოს ნაწილს წარმოადგენდა  და მთლიანად იყო მის ეკონომიკაზე დამოკიდებული. შესაბამისად, ოს ბოლშევიკებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის წინაშე სხვადასხვა მოთხოვნას აყენებდნენ, არ ჰქონდათ მათი მანიპულაციისათვის საჭირო ბერკეტები. ხოლო ის მოსახლეობა, რომელიც გორის ჩრდილოეთით ცხოვრობდა, ეკონომიკური ურთიერთობით დაკავშირებული იყო ჩრდილოეთ კავკასიასთან და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახლად დაწყებული ეკონომიკური რეფორმების პერიოდში, არ იყო მიბმული ქართულ ეკონომიკაზე და ნაკლები კავშირი ჰქონდა ამ მხრივ მასთან.

სტატისტიკურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ცხინვალში მცხოვრები ეთნიკურად ოსი მოსახლეობის რაოდენობა დიდი არ ყოფილა. აღნიშნულ პერიოდში ცხინვალში ყველაზე დიდი რაოდენობით ცხოვრობდა ეთნიკურად ებრაელი მოსახლეობა, შემდეგ – ქართველები, დაბოლოს – სომხები. 1886 წლის აღწერით, ცხინვალში ცხოვრობდა 1953 ებრაელი, 1135 ქართველი, 744 სომეხი და არცერთი ოსი. 1922 წლის აღწერითაც, მაშინ როდესაც იქმნებოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, ცხინვალში მცხოვრები ოსების რაოდენობა შედარებით მცირე იყო. ამ პერიოდში ცხინვალში არის 1651 ებრაელი, 1436 ქართველი, 765 სომეხი და 613 ოსი [გუნცაძე, 2013/2014: 45]. მიუხედავად ამისა, 1918-1921 წლებში ოსი ბოლშევიკების მოთხოვნები ყოველთვის მოიცავდა ცხინვალის მათ ცენტრად ქცევას. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ალბათ იყო ის, რომ ამ პერიოდში ცხინვალი იყო სავაჭრო ცენტრი, სადაც გადიოდა გზა სამხრეთ კავკასიიდან ჩრდილოეთ კავკასიამდე. შესაბამისად, ცხინვალის დასაკუთრების ერთ-ერთი ინტერესიც ალბათ ამ ეკონომიკური ფაქტორით იყო განპირობებული. ცხინვალს ეკონომიკური მნიშვნელობა რეალურად არც შემდგომ პერიოდში დაუკარგავს, როგორც გზაგამტარს ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიას შორის, სწორედ ამის გამო ეკონომიკურად ძლიერი და განვითარების პოტენციის მქონე ქალაქი ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ პოლიტიკურ ცენტრად მომგებიანი იქნებოდა ოსი ბოლშევიკებისათვის. ამ შემთხვევაში ისინი არსებით მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობას, ვინაიდან ამოსავალი სწორედ ეკონომიკური მხარე იყო და არა დემოგრაფიული ფაქტორი.

საბჭოთა პერიოდში ბუნებრივია, ალტერნატიული რეალობა შეიქმნა და რეგიონის ეკონომიკური მნიშვნელობაც გაიზარდა. ეს გამოწვეული იყო როკის გვირაბის მშენებლობით, რომელიც საქართველო-რუსეთის ახალი დამაკავშირებელი საზღვარი გახდა. 3700-მეტრიანი გვირაბის მშენებლობა 1984 წელს დასრულდა და ორი წლის შემდეგ გაიხსნა. გვირაბმა დამატებითი ეკონომიკური სარგებელი და, შესაბამისად, მნიშვნელობა მოუტანა ცხინვალის რეგიონს. ახლა უკვე ნებისმიერი მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში შესაძლებელი იყო სავაჭრო ტრანსპორტის მიმოსვლა. მართალია, მოგვიანებით მისი გამოყენება უკვე სამხედრო მიზნებისთვისაც მოიძებნა, თუმცა ამ ეტაპზე ეს ჩემი განხილვის საგანს არ წარმოადგენს.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ე.წ. „სამხრეთ ოსეთთან“ ყველაზე მასშტაბური ეკონომიკური ურთიერთობის მაგალითს წარმოადგენდა ერგნეთის ბაზრობა, რომელიც 1996 წელს შეიქმნა და 8 წლის განმავლობაში არსებობდა. ერგნეთის ბაზრობაც თავისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეებით პირდაპირ იყო როკის გვირაბთან, საიდანაც ცხინვალის რეგიონში შეტანილი უაქციზო საქონელი მარტივი ხელმისაწვდომი გახდა ბაზრისთვის.

შექმნის პერიოდიდან ერგნეთის ბაზარი ყოველთვის განხილვის საგანი იყო არა მხოლოდ ცხინვალის კონფლიქტთან მიმართების კუთხით, არამედ იმ მიზეზის გამოც, რომ მან ეკონომიკის საკმაოდ მსხვილი მასშტაბები მოიცვა და მთლიან ქართულ ეკონომიკურ სისტემაზეც მოახდინა გავლენა.

2004 წელს გამოქვეყნდა სპეციალური კომისიის დასკვნა, რომლის კვლევის ერთ-ერთი ობიექტიც ერგნეთის ბაზრობა იყო. ეკონომიკური კუთხით რომ შევხედოთ, დღეში დაახლოებით 150 ავტომობილი გადმოდიოდა არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან ერგნეთის გავლით საქართველოს დანარჩენი ნაწილისკენ. აღნიშნული ტრანსპორტი არანაირ საბაჟო გადასახადს არ იხდიდა და კონტრაბანდის შემოტანის სანაცვლოდ, ადგილობრივ საგუშაგოებზე იხდიდა ქრთამს, რომელიც ერთ მანქანაზე დაახლოებით 20 ლარს შეადგენდა. ამას შემდგომ ემატებოდა მექრთამეობის სისტემის დამატებითი მომსახურებები. იმისათვის, რომ სატვირთო ტრანსპორტი ერგნეთიდან მცხეთამდე გაეცილებინათ და მათი უსაფრთხოება უზრუნველეყოთ, მათ დამატებით 800 ლარი უნდა გადაეხადათ ამ მომსახურებისთვის. საერთო ჯამში კი, გამომდინარე იქიდან, როგორი აქტიური პერიოდი იყო, სახელმწიფოს ზარალი 200 მილიონი ლარიდან ერთ მილიარდამდე მერყეობდა [Kukhianidze... 2004: 19][აგვისტოს... 2009: 23].

შორიდან რომ შევხედოთ, ეს ეკონომიკური შავი ხვრელი ცალსახად მძიმე დარტყმას აყენებდა ქვეყნის ეკონომიკას და ბიძგს აძლევდა იმ ჯგუფებს, რომლებიც კონფლიქტში მხოლოდ ეკონომიკური ინტერესებისთვის ერთვებოდნენ, რასაც ე.წ. „ომის ეკონომიკის“ ფენომენს უწოდებენ. თუმცა ერგნეთის ბაზარს მეორე და გარკვეული კუთხით არანაკლები მხარეც გააჩნდა. კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა უმეტესწილად დამოკიდებული ხდებოდა ქართულ ეკონომიკაზე და ქართულ სავაჭრო სივრცეზე და ნაკლებად იყო დისტანცირებული. მას შეეძლო აქ გაეყიდა როგორც კონტრაბანდული საქონელი, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, რაც კონფლიქტის ზონის მცხოვრებლებს პირდაპირ დამოკიდებულს ხდიდა საქართველოზე და პოლიტიკური გამიჯნულობის მიუხედავად, ეკონომიკურად უმეტეს წილად დამოკიდებული იყო.

2004 წელს საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, საბოლოოდ დაეხურა ერგნეთის ბაზრობა და ამ მხრივ გადამჭრელი ზომები მიიღო. ამ ფაქტის ახსნას ორი მიზეზი გააჩნდა. ერთი ცხადია ის არის, რომ ერგნეთის ბაზრობა, როგორც ქართული ეკონომიკის შავი ხვრელი, დიდ ზარალს აყენებდა ქვეყანას, ხოლო მეორე ახსნას გვაძლევს საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე არსებული „საინფორმაციო ცნობა „ქართულ-ოსური კონფლიქტის შესახებ“ [ინფორმაციული... 2006: 15], რომლის მიხედვით, ერგნეთის ბაზრობის დახურვის ერთ-ერთ მიზეზს განაპირობებდა ის, რომ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ მეთაური, ედუარდ კოკოითი, თავის ეკონომიკურ ძლიერებას სწორედ ერგნეთის ბაზრობაზე ამყარებდა, ხოლო ერგნეთის ბაზრობის დახურვით ქართული მხარე შეეცადა კოკოითის პოზიციების შესუსტებას და კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის ლოიალობის მოპოვებას. ბაზრობის დახურვამ შეიძლება მართლაც გამოიწვია კოკოითის ეკონომიკური დასაყრდენის შესუსტება, თუმცა ცოტა გაურკვეველია, რატომ უნდა გამოეწვია ამ ფაქტს ლოიალობა ადგილობრივ მოსახლეობაში, ვინაიდან ისინი უშუალოდ იყვნენ ჩაბმულნი ერგნეთის სავაჭრო ზონაში და მათთვისაც ეს გარკვეული ეკონომიკური სარგებლის მიმცემი იყო.

ერგნეთის ბაზრობის დახურვის შემდეგ ბუნებრივია, ეკონომიკური ურთიერთობები შესუსტდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან. შემდგომ პერიოდში ეკონომიკური ურთიერთობისთვის რჩებოდა ის  ტრანსპორტი, რომელსაც კონფლიქტის ტერიტორიიდან საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის მიმართულებით გადაჰყავდათ მოსახლეობა და მათ შეეძლოთ, თავიანთი სოფლის მეურნეობის პროდუქტი გაეყიდათ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე და არა ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც ტერიტორიულად უფრო დიდ მანძილზე იყო დაშორებული.

2008 წლის ომის შემდეგ ეს ეკონომიკური ურთიერთობაც შეწყდა, ვინაიდან კონფლიქტის ზონაში მიმოსვლა ნაწილობრივ რუსულმა მხარემ, ხოლო ნაწილობრივ ქართულმა მხარემ ჩაკეტა, რამაც სრული დისტანცირება გამოიწვია და შეაჩერა სავაჭრო ურთიერთობები. შესაბამისად, ფაქტობრივად,  გაქრა კონფლიქტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დამოკიდებულება ქართულ ეკონომიკურ სივრცეზე.

სტატიის ბოლოსკენ მინდა ყურადღება გავამახვილო კიდევ ერთ ფაქტზე. 2010 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტნის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი ჩერქეზეთის და ადიღეს რესპუბლიკებში ჩაწერილი მოსახლეობისათვის ამოქმედდა 90 დღიანი უვიზო რეჟიმი, რათა მათ არ დასჭირებოდათ დიდი მანძილის გავლა ქართული ვიზის ასაღებად და მარტივი და ხშირი ურთიერთობა ჰქონოდათ საქართველოსთან [ბრძანებულება №815, 2010].

ეს უკანასკნელი ფაქტი კარგი მაგალითია იმის გასათვალისწინებლად, თუ რა გამოსავლის პოვნა შეიძლება ჩაკეტილი ურთიერთობის აღსადგენად, თუნდაც მცირე მასშტაბებით. ერგნეთის ბაზარს თავისი დიდი უარყოფითი გავლენა ჰქონდა ეკონომიკაზე, მაგრამ დღეს კონფლიქტურ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისათვის ქართული მხარე ეკონომიკურად არანაირად არ არის მიმზიდველი, შესაბამისად, ალბათ ცუდი არ იქნება, თუკი რაიმე კომპრომისი გამოიძებნება იმისათვის, რომ თუნდაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ვაჭრობის დონეზე მოხდეს ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა, ვინაიდან სრული ეკონომიკური ჩაკეტილობა და გამიჯვნა კონფლიქტის მოგვარებას არა თუ უწყობს ხელს, არამედ – ართულებს.

 


[1] ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცლად იხილეთ: მ. გუნცაძე, 1920 წლის ოსთა აჯანყება შიდა ქართლში ქართული პრესის მასალების მიხედვით, ქართული წყაროთმცოდნეობა XV-XVI, 2013/2014 გვ. 40-58.

@font-face { font-family: Sylfaen; }@font-face { font-family: "Cambria Math"; }@font-face { font-family: Calibri; }p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal { margin: 0cm 0cm 8pt; line-height: 107%; font-size: 11pt; font-family: "Calibri", sans-serif; }p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText { margin: 0cm 0cm 0.0001pt; font-size: 10pt; font-family: "Calibri", sans-serif; }span.MsoFootnoteReference { vertical-align: super; }span.FootnoteTextChar { }.MsoChpDefault { font-size: 11pt; font-family: "Calibri", sans-serif; }.MsoPapDefault { margin-bottom: 8pt; line-height: 107%; }div.WordSection1 { }

ლიტერატურა

გუნცაძე მ.
2013/2014
1920 წლის ოსთა აჯანყება შიდა ქართლში ქართული პრესის მასალების მიხედვით, ქართული წყაროთმცოდნეობა XV-XVI.
ბლუაშვილი უ.
2005
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნა და მისი სამართლებრივი მდგომარეობა, თბილისი.
ბრძანებულება №815
2010
„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში დამატების შეტანის შესახებ: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/1043306

2013-2014
ინფორმაციული ცნობა
2006
ინფორმაციული ცნობა "ქართულ-ოსური კონფლიქტის" შესახებ: http://www.parliament.ge/files/617_8236_484760_qart_osuri.pdf
აგვისტოს ნანგრევებში
2009
არასამთავრობო ორგანიზაციათა ანგარიში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის შესახებ. მთავარი რედაქტორი თინათინ ხიდაშელი.
Kukhianidze A.
2004
Alexandre Kukhianidze, Alexandre Kupatadze, Roman Gotsiridze, SMUGGLINGTHROUGH ABKHAZIA AND TSKHINVALI REGION OF GEORGIA, Tbilisi.
თოიძე ლ.
1991
ინტერვენციაც, ოკუპაციაც, ძალდატანებითი გასაბჭოებაც, ფაქტობრივი ანექსიაც, თბილისი.