პოსტმოდერნისტული ელემენტები ჰაროლდ პინტერის პიესაში “The Homecoming“ („შინდაბრუნება“)

პოსტმოდერნისტულ ეპოქაში რთულია სხვადასხვა ღირებულების, ფაქტისა თუ მოვლენის სწორად შეფასება, საერთოდ მათი განსაზღვრა, რადგან  რეალობასა და ირეალობას  შორის წაშლილია ყოველგვარი ზღვარი, ზედაპირზე ტივტივებს კაცობრიობისთვის უამრავი ღირებული საკითხი,  დარღვეულია დრო და სივრცე, და, შესაბამისად, ყველაფერი დაცლილია მნიშვნელობებისაგან. სწორედ ამაზე მიუთითებდა 2005 წელს ნობელის პრემიისადმი მიძღვნილ გამოსვლაში ჰაროლდ პინტერი:

“There are no hard distinctions between what is real and what is unreal, or between what is true and what is false. A thing is not necessarily either true or false; it can be both true and false” [Pinter, 2005:3].

სწორედ, ამას წარმოადგენს მისივე პიესები. ჰაროლდ პინტერი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ბრიტანელი ავტორია, რომლის შემოქმედებაც ნამდვილად განსხვავებულად გამოიყურება მისი ეპოქის ლიტერატურის ფონზე. მისი დრამატურგია წარმოგვიდგენს რეალობასა და ირეალობას, ჭეშმარიტებასა და სიცრუეს ერთად, ერთმანეთთან შერწყმულს. პინტერს ერთ-ერთ პოტმოდერნისტ ავტორად მიიჩნევენ. მის პიესაში “The Homecoming” („შინდაბრუნება“) პერსონაჟები ერთმანაეთთან დაკავშირებულნი არიან ნათესაური კავშირით. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. ეს, ერთი შეხედვით, მკითხველისათვის მარტივი აღსაქმელია და რეალობად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა პიესის მსვლელობისას თვალსაჩინო ხდება, რომ მოცემული რეალობა ამავდროულად ირეალურია, რადგან მათი ოჯახური ურთიერთობა არ შეესაბამება ოჯახის იმ ცნებას, რომლის განმარტებაც ჩვენს გონებაშია დალექილი. პერიოდულად ხვდები, რომ მათ სრულიად ყალბი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთისადმი. პინტერი მოცემულ პიესაში ერთსა და იმავე ცნებას წარმოაჩენს ერთდროულად როგორც რეალურს და ირეალურს. დერიდასეული დეკონსტრუქცია ის მოვლენაა, რომელიც პინტერის პიესებს თან ახლავს. რთულია მიხვდე, თუ რომელია მისი მთავარი პერსონაჟი, და სწორედ აქ შეიძლება ვეძებოთ პოსტმოდერნიზმის ელემენტები. ყოველგვარი განმსაზღვრელი მოშლილია და აღარაა მარტივი რომელიმე პერსონაჟის ხასიათის აღქმა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ იმ მოვლენებისა და ფაქტებისადმი, რომელთა მიმართ წინარე საუკუნეებიდან მოყოლებული კაცობრიობას გარკვეული დამოკიდებულებები გამოუმუშავებია, რომელთა შესახებაც გარკვეული ცოდნა დაუგროვებია, პინტერი საკმაოდ ცინიკურია. იგი მკითხველს/მაყურებელს არანაირ თანხვედრას არ სთავაზობს, პირიქით, აქრობს ყველა წინარე მოლოდინს სხვადასხვა ფაქტთან და მოვლენასთან მიმართებაში. რაც შეეხება რეალობისა და ირეალობის აღქმას, ერთ-ერთ ინტერვიუში თავად აღნიშნავს:

“If you press me for a definition, I’d say that what goes on in my plays is realistic, but what I’m doing is not realism” [Burkman, 1971:3].

მართლაც, ყველაფერი, რაც პიესაში ხდება, შეგვიძლია ჩავთვალოთ იმ რეალობად, რომელიც  თანამედროვე სამყაროში არსებობს. იმ რეალობად, რომელშიც უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია ისეთი ღირებულებები, რომლებითაც ოდესღაც განისაზღვრებოდა სხვადასხვა მოვლენა. პინტერს ნაჩვენები აქვს ის პოსტმოდერნისტული რეალობა, რომელშიც ყოფითი ელემენტები, ბევრად უფრო დიდ ადგილს იკავებს, ვიდრე კაცობრიობისთვის ოდესღაც მნიშვნელოვანი სხვადასხვა საკითხი. ამის მაგალითად შესაძლოა მოვიყვანოთ პასაჟი, რომელშიც ფილოსოფოს თედის მისი ძმა სთხოვს, რომ ფილოსოფიურად განიხილოს ისეთი შექსპირისეული ფრაზა, როგორიცაა „ყოფნა არ ყოფნა“. ხოლო როდესაც პასუხად სიჩუმეს იღებს,  სთხოვს, რომ იქნებ მაგიდა აიღოს ფილოსოფიური განხილვის საგნად და მასზე ისაუბროს, მაგრამ თედი ამაზეც არაფერს ამბობს.

“Teddy: I’m afraid I’m the wrong person to ask.”

Lenny: But you’re a philosopher. Come on, be frank. What do you make of all this business of being and not-being?

Teddy: What do you make of it?

Lenny: Well, for instance, take a table, philosophically speaking, what is it?

Teddy: A table.

Lenny: Ah. You mean it’s nothing else but a table. Well some people would envy your certainly” [Pinter, 1965:52].

ამ ეპიზოდში, ნამდვილად შეგვიძლია დავადასტუროთ პოსტმოდერნისტული საწყისები. სიტყვებს დაკარგული აქვს მნიშვნელობა, თედის დუმილი კი ერთ-ერთ პოსტმოდერნისტულ მახასიათებლად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ეს ის პერიოდია, როცა ყველაფერი ნათქვამია „ყოფნა არ ყოფნის“ საკითხთან დაკავშირებით და აღარაფერია სათქმელი, ან საერთოდაც, აღარც არავისთვისაა საინტერესო ეს საკითხი. მეორე მსოფლიო ომგადატანილ კაცობრიობას ყოფით პრობლემებზე უფრო მეტი აქვს საზრუნავი და საფიქრალი, ვიდრე – ფილოსოფიურ საკითხებზე და თავად პიესაც სწორედ ასეთი მარტივი, ყოფითი ფრაზით იწყება:

“What have you done with the scissors?” [Pinter, 1965:7].

ასევე, ძალიან საინტერესოა ის ეპიზოდი, რომელშიც თედი აღნიშნავს, რომ მაგიდა მაგიდაა და მორჩა. მკითხველს/მაყურებელს აუცილებლად ახსენდება პლატონისეული იდეათა თეორია. პლატონი მატერიის არსებობამდე მის შესახებ იდეის არსებობაზე საუბრობს. თედი, ფილოსოფოსია, რომელიც ამერიკაში ექვსი წელი კითხულობდა ლექციებს ფილოსოფიაში და მისგან მოველით, რომ სულ მცირე, იმას მაინც იტყვის მაგიდასა და იდეათა თეორიის შესახებ, რაც ჩვენც ვიცით, მაგრამ პასუხად მხოლოდ დუმილს ვხვდებით. ასეთ დროს უნდა დავასკვნათ, რომ თანამედროვე პოსტმოდერნისტულ სამყაროში ფილოსოფიური განხილვებისთვის დრო აღარაა.   მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პინტერი ყველაზე აქტიურად ყოფით საკითხებსა და ელემენტებს წარმოაჩენს და მათ გარკვეულწილად რიტუალურ მნიშვნელობებს ანიჭებს. მაგალითად, ჩაის სმისა და მისი მომზადების პროცესს ავტორი აბსოლუტურ რიტუალად აქცევს და ეს პიესაში ერთადერთი მომენტია, როცა პერსონაჟები ერთმანეთს უგებენ, ეთანხმებიან და მათ შორის დიალოგიც დგება.

ძალიან საინტერესოა, პიესის სათაური და მისი აღქმის ცვლილება. როდესაც დასაწყისში თედის პერსონაჟი გამოჩნდება, ნათელი ხდება, რომ სათაური მის შინდაბრუნებას ეკუთვნის. თუმცა პიესის დასარულს სრულიად განსხვავებული აღქმა ჩნდება და ეჭვი იბადება, რომ ეს სათაური რუთისთვისაა, რადგანაც ქმართან ერთად ჩამოსული სრულიად უცხო პერსონაჟისთვის თედის ოჯახი ახლობელი ხდება. ეს ის ადგილია, სადაც რუთი თავს პოულობს და ხვდება, რომ ვიღაცას სჭირდება. აქ ის კომფორტულად გრძნობს თავს და მას – თედისგან განსხვავებით – საერთოდ აღარ სურს ამერიკაში დაბრუნება. თედი, რომელიც შინდაბრუნების შემდეგ აღმოაჩენს, რომ მისი ოჯახის წევრები საერთოდ არ იცნობენ მას და მისგან ძალიან განსხვავდებიან, ხვდება, რომ მათ შორის არის რაღაც საერთო, მაგრამ მას არ სურს მათნაირი იყოს და აღნიშნავს:

“You’re just objects. You just … move about. I can observe it. I can see what you do. It’s the same as I do. But you’re lost in it. You won’t get me being… I won’t be lost in it”  [Pinter, 1965:62]. 

ცნებების აღქმათა ცვალებადობა დერიდასეულ პოსტრმოდერნისტულ დეკონსტუქციებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ცნება, „შინდაბრუნებას“ რაც შეეხება, იგი ერთგვარი წრის შემკვრელია ძველი ლეგენდებისა და ზღაპრების მიხედვით. თითქმის ყველა ამბავში მთავარი გმირი მიდის სახლიდან, გადის გზას, იძენს გამცდილებას და ბოლოს აუცილებლად შინ ბრუნდება. მთავარი წრის შეკვრაა, რომელსაც შინდაბრუნება აგვირგვინებს. პინტერი კი, პირიქით, სწორედ ამ კლასიკური სიმწყობრის რღვევას, დეკონსტრუქციას გვთავაზობს, იგი პიესას სწორედ შინდაბრუნებით იწყებს და მოგვიანებით ამ ცნებისადმი მკითხველის/მაყურებლის აღქმას ცვლის.     მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პინტერი პერსონაჟების ურთიერთობას წარმოაჩენს უმარტივესი დიალოგების ფონზე და ამ დიალოგების მიხედვით ვხვდებით, რომ მისი გმირების ურთიერთობა არც – თუ მთლად ნამდვილია, ხოლო ხშირად აბსოლუტურად არალოგიკურია. საინტერესოა, რომ პინტერი ძალიან ხშირად იყენებს პაუზასა და სიჩუმეს. იგი აღნიშნავს კიდეც, რომ, ხანდახან სიჩუმე უფრო მნიშვნელოვანია.

“We have heard many times that tired, grimy phrase, “failure of communication,” and this phrase has been fixed to my work consistently. I believe the contrary. I think that we communicate only too well in our silence, in what is unsaid. And that what takes place is continual evasion, desperate rear-guard attempts to keep ourselves to over selves. I’m not suggesting that no character in a play can ever say what in fact he means, not at all. I have found that there invariably does come a moment when this happens, where he says something, perhaps, which he has never said before. And where this happens, what he says is irrevocable, and can never be taken back” [Burkman, 1971:323].

ამგვარად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პინტერი სხვადასხვა საშუალებით, ნამდვილად ახერხებს წარმოაჩინოს ის სამყარო, რომელშიც სიტყვებთან შედარებით სიჩუმეს უპირატესობა ენიჭება. ზოგადად, თუკი რაიმე აზრი არსებობს ჩვენს გონებაში, ის ყოველთვის მხოლოდ ჩვენია და ასეთ მდგომარეობაში იგი ნამდვილია და ზუსტი. მისი სიზუსტის ხარჯზე ჩვენ შეგვიძლია დავრჩეთ მართლები.

როგორც კი ამ აზრის გადმოცემას ვიწყებთ, ვცდილობთ შესაბამისი სიტყვების პოვნას და ხშირად ამ ძიების დროს ვერ ვახერხებთ აზრის ისე გადმოცემას, რომ მისი სრულყოფილება და მისი პირვანდელი მნიშვნელობა შევინარჩუნოთ, თუმცა, თუკი ის გაჟღერდება, ის უკვე არსებობს. სწორედ სიტყვისა და მეტყველების ამ თვისების გამო აღიშნავს პინტერი, რომ არც ერთ პერსონაჟს არ შეუძლია ზუსტად იმის გადმოცემა რასაც იგი გულისხმობს. შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნეთ სწორედ ამ მიზეზის გამო პინტერი საკმაოდ ხშირად იყენებს პაუზას თავის პიესებში.  პინტერი მიიჩნევს, რომ ენის დახმარებით (ამ შემთხვევაში იგულისხმება პერსონაჟების დიალოგები) მაყურებელმა უნდა ამოიცნოს მათი პიროვნებები, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არ გვთავაზობს მათ ბიოგრაფიებს, ან წინარე ინფორმაციას მათ ცხოვრებაზე. პინტერი ასევე აღნიშნავს, რომ ამას განაპირობებს ენის თვისება, რომლის მიხედვითაც ნათქვამის მიღმა არსებობს კიდევ რაღაც, რაც უნდა დაინახო, ის, რაც არ გამოთქმულა.       ამრიგად, ჰაროლდ პინტერი ნამდვილად შეგვიძლია მივიჩნიოთ იმ ავტორად, რომელთანაც შესაძლებელია ვიპოვოთ ისეთი სამყაროს საწყისები, რომლებშიც დღეს ვცხოვრობთ. ამ საწყისებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელების გაქრობაა. ეს ყველაფერი კი ნათლად ჩანს მისი პერსონაჟების ურთიერთობაშიც. მისი გმირები არ არიან მკვეთრად გამოხატული ხასიათის მატარებლები და საერთოდაც რთულია მათი ხასიათების დადგენა, ისევე როგორც მოშლილია დროითი და სივრცობრივი მახსიათებლები. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პინტერმა სწორედ გლობალური რეალობა, და ის საერთო ფონი წარმოაჩინა, რომელიც არა მხოლოდ მისი პერსონაჟების, არამედ მთლიანად იმ პერიოდის სამყაროს მახასიათებელი იყო.   ჰაროლდ პინტერი უდავოდ არის ავტორი, რომლის შემოქმედებაც მნიშვნელოვანია როგორც ლიტერატურული, ასევე – დრამატურგიული თვალსაზრისით. მან მოახერხა სამყაროს იმ მახასიათებლების წარმოჩენა, რომლებიც დღესაც პრობლემური და აქტუალურია.

ლიტერატურა

Derrida J.
1971
Structure, sign, and play in the discourse of the human sciences. Chicago: The University of Chicago Press.
Kluckhohn C., Murray H.
1948
Personality: In Nature, Society and Culture. New York: Alfred A. Knopf. Inc.
Raby P.
2009
The Cambridge Companion to Harold Pinter. Cambridge University Press.
Burkman K. H.
1971
The Dramatic World of Harold Pinter.
Pinter H.
2005
Art, Truth & Politics. Nobel Lecture. December 7. 2005. The Nobel Foundation.
Pinter H.
1965
The Homecoming.
Warner J. M.
1970
The Epistemological Quest in Pinter's The Homecoming. Contemporary Literature.
William J. F.
1969
Treatment of Character in Harold Pinter's "The Homecoming". South Atlantic Bulletin.
Patterson M.
2007
Oxford guide to play analysis. Oxford University Press.