ეზრა პაუნდი - ჩინური პოეზიის მთარგმნელი

ეზრა პაუნდი XX საუკუნის ლიტერატურის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. პაუნდი არის იმაჟიზმის, როგორც მიმდინარეობის, ერთ-ერთი შემქმნელი და ვორტიციზმის ფუძემდებელი. მას საყურადღებო მოსაზრებები ჰქონდა ისეთ განსხვავებულ სფეროებში, როგორებიცაა: კულტურა, პოლიტიკა და ეკონომიკა. მისი ინტერესი პოლიტიკისადმი მხოლოდ თეორიული მოსაზრებებით არ შემოიფარგლებოდა, მასში უშულოდ ერეოდა და მუსოლინის ფაშისტური რეჟიმის მომხრედაც კი გამოდიოდა. პაუნდი იყო ნაყოფიერი მთარგმნელი, კომპოზიტორი და პუბლიცისტი. მისი მოსაზრებები თავმოყრილია მის „ლიტერატურულ ესეებში“, „რჩეულ პროზასა“ და „რჩეულ წერილებში.“

ეზრა პაუნდის მრავალმხრივი მოღვაწეობის თითოეული ასპექტი საგულდაგულოდაა შესწავლილი მკვლევართა მიერ. თუმცა, რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, პაუნდის მოსაზრებები პოეტური თარგმანის შესახებ შედარებით ნაკლებადაა შესწავლილი.

ეზრა პაუნდი მოდერნისტული პოეზიისა და ინოვაციური პოეტური თარგმანის პიონერი გახლდათ. მას  თანამედროვე ჩინური ლექსის „გამომგონებელს“[Eliot, 1928:IV] უწოდებდნენ. მისი თარგმანის „თეორია“, უდავოდ ორიგინალურია. იგი მიიჩნევდა, რომ:

  1. ნამდვილ თარგმანში არ უნდა იყოს გამოყენებული "Wardour-Street English,"1 ვიქტორიანული ეპოქის მთარგმნელების ფსევდო-არქაული სტილი, ეს უკანასკნელი  უილიამ მორისისა და ფრანსის უილიამ ნიუმენის სახელებს უკავშირდებოდა.
  2. პაუნდის აზრით, თითოეული თარგმანი ორიგინალის ერთგვარი კრიტიკაა. თარგმანი წარმოაჩენს როგორც ორიგინალის ძლიერ მხარეებს, ასევე – მის სისუსტეებსაც.
  3. აუცილებელი არ არის, რომ თარგმანი ორიგინალის ყველა ასპექტს გადმოსცემდეს. შესაძლებელია, მხოლოდ კონკრეტულ დეტალებზე კონცენტრირება.
  4. თარგმანი უნდა იყოს დამოუკიდებელი,  მაღალმხატვრული პოეტური ქმნილება;
  5. ორიგინალის ალუზიებით შექმნილი ემოციების გამოსახატად შესაძლებელია მთარგმნელმა გამოიყენოს თანამედროვე თემატური ალუზიები.
  6. დაბოლოს, პაუნდის მოსაზრებით, ისტორია აწმყოს პროდუქტია. ამიტომ წარსული გამოცდილების აღქმა კითხვის პროცესში ხორციელდება. შესაბამისად, ყველა თარგმანი თავისთავში ძველი ტექსტების გაგრძელებასა და ახალ ინტერპრეტაციას გულისხმობს.

ზოგი მკვლევარი ეზრა პაუნდის თარგმანებს დამოუკიდებელ ლიტერატურულ ნაწარმოებებად განიხილავს. შეიძლება ითქვას, რომ თარგმნის ერთობ სპეციფიკური სტილით პაუნდმა საფუძველი ჩაუყარა მოდერნისტულ თარგმანს.

***

ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში პაუნდი გატაცებული იყო თარგმანით და მიიჩნევდა, რომ საჭირო არ იყო იმის თავიდან დაწერა, რისი თარგმნაც სხვა ენებიდან იყო შესაძლებელი [Yao, 2010: 36].

მან თარგმნა  ოქსიტანური2 ბალადებით დაიწყო და ეგვიპტური პოეზიით დაამთავრა. იაო თვლის, რომ მოდერნისტი პოეტების, განსაკუთრებით კი პაუნდის მიერ შესრულებული თარგმანები, „მნიშვნელოვან მოდერნისტულ მიღწევას წარმოადგენს ინგლისურ ლიტერატურაში“ [Yao, 2010: 34-35].  

ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ეზრა პაუნდის მიერ შესრულებული კლასიკური ჩინური პოეზიის თარგმანები. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია ჩინური ანბანის იდიოგრამულ და პიქტოგრამულ ბუნებასა და ჩინური პოეზიისათვის დამახასიათებელ იმაჟებს. პაუნდმა პირველმა შემოიტანა ტრადიციული ჩინური პოეზია დასავლეთის კულტურაში, რითაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ინგლისურენოვანი პოეზიის განვითარებას. ეს თარგმანები მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავად პაუნდის შემოქმედებაშიც. მისმა თარგმანებმა მრავალთა მოწონება და აღიარება დაიმსახურა, თუმცა ზოგიერთი ჩინელი მკვლევრის კრიტიკის საგანიც გახდა. ისინი პაუნდს ორიგინალის არასწორ წაკითხვასა და ტექსტიდან გადახვევაში ადანაშაულებდნენ. თუმცა, ტექსტის არასწორი გადატანა მეტ-ნაკლებად, გარდაუვალია, როდესაც თარგმნა ხორციელდება ჰეტეროგენულ კულტურებს შორის. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ხშირ შემთხვევაში პაუნდი, საკუთარი პოეტური მიზნებიდან გამომდინარე, გამიზნულად უხვევდა ორიგინალის ტექსტიდან და მისი ეს ე.წ. შეცდომები სხვა არაფერია, თუ არა მისი კრეატიული თარგმანი.

სავარაუდოდ, პაუნდის ჩინური პოეზიით დაინტერესების ერთ-ერთი მიზეზი იმაჟისტური თეორია იყო, რომელსაც იგი თავისი მოღვაწეობის ადრეულ ეტაპზე ქადაგებდა. პაუნდის ეს თეორია გარკვეულწილად ემთხვევა კლასიკურ ჩინურ პოეზიაში საუკუნეების წინ  შექმნილ „იმაჟს“.  პაუნდმა საკუთარი მთარგმნელობითი პრინციპები იმაჟიზმის სამ პოეტურ პრინციპზე (1. „საგნის“ პირდაპირ წარმოჩენა, სუბიექტურად ან ობიეტურად. 2. ისეთი სიტყვის უგულებელყოფა, რომელიც არაფერს მატებს წარმოსახვას. 3. ლექსი უნდა დაიწეროს მუსიკალური ფრაზის თანამიმდევრობით და არა მეტრონომით [Pound, 1928:3]) დაყრდნობით შექმნა და მისი საშუალებით საკუთარ მთარგმნელობით პრინციპებს ჩაუყარა საფუძველი. 

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, პაუნდი „ინტერპრეტაციულ თარგმანს“ იყენებდა; ზოგი მკვლევარი კი თვლის, რომ იგი ახალ ლექსს წერდა. თარგმნისას პაუნდი ლექსის ემოციური ინტენსივობის და პოეტის „სულიერი მდგომარეობის“ გადმოტანას ცდილობდა და არა  სიტყვასიტყვით თარგმანს. მისთვის მნიშვნელოვანი იყო „ორგანული ფორმა“, სიტყვის მუსიკალურობა და მნიშვნელობა, ანუ ის, რასაც თავად მელოპოეიას, ფენოპოეიასა და ლოგოპოეიას უწოდებდა3.

პაუნდისეული თარგმანები

მაიკლ ალექსანდერის6 [Alexander, 1997:23-30]. მან ინგლისურენოვან მკითხველს პროვანსული და ძველი ჩინური პოეზია გააცნო.  ხელახლა გააღვივა ინტერესი კონფუცის ეპოქის კლასიკური ნაშრომებისადმი და დასავლეთი კლასიკურ იაპონურ პოეზიასა და დრამას აზიარა. პაუნდმა თარგმნა ბერძნული, ლათინური და ანგლოსაქსური კლასიკოსები და მათი ნაშრომები ისეთ დროს გააცოცხლა, როდესაც პოეტები თარგმანს ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ.  

მართალია, მე-20 საუკუნის დასაწყისში პაუნდის ჩინეთით დაინტერესება უჩვეულო არ იყო, მაგრამ მისი თანამედროვენი ჩინურ პოეზიაში ნაკლებად ხედავდნენ „მომავლის“ ან „მოდერნიზმის“ ელემენტებს.  

პაუნდის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს  ერნესტ ფენოლოზას7 ჩანაწერების მიხედვით შესრულებულ  ჩინური პოეზიის თარგმანებს, რომლებიც ფორმით თავისუფალი ლექსებია. დღესაც ამ თარგმანების გარშემო არ წყდება დისკუსია. ისინი ჩინური კულტურისა და ლიტერატურის მრავალი მკვლევრის გაკიცხვის საგანია და პაუნდის თარგმანებს ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული შეფასებები აქვს. მაგ.: „თარგმანები“, „ინტერპრეტაცია“, „პერიფრაზები“ „ადაპტირებული ნამუშევრები.“

1913 წელს ორიენტალისტ ფენელოზას ქვრივმა პაუნდს თავისი მეუღლის ჩანაწერები გადასცა. იმ დროისათვის პაუნდმა ჩინური თითქმის არ იცოდა, მაგრამ ამ ჩანაწერების მიხედვით მან დაიწყო ჩინური პოეზიის ინგლისურად თარგმნა. მალე პაუნდმა თავისი თარგმანები ცალკე წიგნად, „კატეის“8 სახელწოდებით, გამოსცა. 14 წლის შემდეგაც პაუნდი ზემოაღნიშნული „კატეის“ შესახებ მამას სწერდა, რომ არა ჩინური დამწერლობის ერთობ თავისებური ბუნება, ის ვერ გაბედავდა და ვერ შეძლებდა ჩინური პოეზიის თარგმნას. ამ საქმეში მას სწორედ იდიოგრამები დაეხმარა.

როგორც აღვნიშნეთ, ფენოლოზას ხელნაწერების გაცნობის შემდეგ პაუნდი ჩინური იდიოგრამებით9 დაინტერესდა და გააცნობიერა, რომ ჩინელმა პოეტებმა დიდი ხნით ადრე იცოდნენ ის, რაზეც იგი ახლა მუშაობდა. იცნობდნენ იმაჟს, რომელიც პაუნდს პოეტური ქმნილების ფუნდამენტურ პრინციპად მიაჩნდა. პაუნდი ამტკიცებდა, რომ პოეტური იმაჟი თარგმანში არაფერს კარგავს და არც გარკვეული დროითაა შებოჭილი. ერთი კულტურიდან მეორეში და ერთი დროიდან მეორეში მისი სწორად გადმოტანა იმაჟს მხოლოდ ახალ მნიშვნელობას შეძენდა.

ტომას სტერნზ ელიოტი1] პაუნდს მეოცე საუკუნის „ჩინური ლექსის გამომგონებელს“ უწოდებდა [Eliot, 1928: XI]. მისი მტკიცებით, პაუნდის ძველი ჩინური პოეზიის თარგმანები ცალსახად მოდერნისტული იყო და, მიუხედავად იმისა, რომ პაუნდისეული თარგმანის სტილი ორიგინალისას არ ემთხვევოდა, პაუნდის  იმაჟი მაინც ორიგინალის „შინაარსის ტრანსპორტირების“ ჩინებულ საშუალებას წარმოადგენდა.

მართალია, ჩინური პოეზიის მკვლევრები პაუნდს ხშირად აკრიტიკებენ ლექსების არასწორი თარგმანის გამო, მაგრამ მათ მოსაზრებას არ იზიარებენ პოეზიის ცნობილი  კრიტიკოსები. მაგ.: ჰიუ კენერი1] თარგმანებს „პაუნდის ინტერპრეტაციულ პერიფრაზებს“ უწოდებს” [Kenner, 1973:199]. მაიკლ ალექსანდერი კი თვლის, რომ ამ ლექსებს „უბრალოდ არ აფასებენ“, როდესაც თარგმანებს უწოდებენ და არა დამოუკიდებელ, თავისუფალ ლექსებს. უილიამ პრატი კი აღნიშნავს: „... სულ უფრო და უფრო ნაკლებ ჰგავს „კატეი“ თარგმანს და სულ უფრო და უფრო მეტად ორიგინალში დაწერილ ლექსებს“ [ციტირებულია: A Study Guide for Ezra Pound’s “The River Merchant’s Wife”, the Gale Group 2000: 145]. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ინგლისურ ენაზე პაუნდმა შექმნა ჩინური ლექსი  და აზიური პოეზიის, განსაკუთრებით კი ჩინური პოეზიის ისეთი დამახასიათებელი ნიშნები, როგორებიცაა: მკაფიო აღწერა, მშვიდი ტონი, არსებითი სახელის ზუსტი გამოყენება და მარტივი, მოქმედების გამომხატველი ზმნების ხმარება, ინგლისურ პოეზიაში სწორედ მისი „მეცადინეობით“ დამკვიდრდა.

ზოგიერთი მკვლევარი  ეჭვქვეშ აყენებს ამ თარგმანების ფასეულობას. ერიკ ჰეიოტი1] აღნიშნავს: „პაუნდის თარგმანებს ... ზოგი კრიტიკოსი ლიტერატურულ საოცრებად მიიჩნევს, ზოგი კი – ლიტერატურულ თაღლითობას უწოდებს“  [Hayot, 2013:23].

სტივენ იაოს აზრით კი, „კატეითი“ პაუნდმა დაამტკიცა, რომ „თარგმნა შესაძლებელია წყარო ენის სრულყოფილი ცოდნის გარეშეც“ [Yao, 2010: 38]. იაო პაუნდს ნაკლად არ უთვლის ჩინური ენის არცოდნას და მიაჩნია, რომ პოეტს  საუკუნეების სიბრძნის მეცნიერულმა შესწავლამ საშუალება მისცა, ბოლომდე ჩასწვდომოდა ორიგინალს. ჰიუ კენერი თვლის, რომ „კატეი“ პირველ რიგში პირველი მსოფლიო ომის ფონზე შექმნილ ლექსებად უნდა წავიკითხოთ და არა აღმოსავლური პოეზიის ზუსტ თარგმანებად. მისი აზრით, ამ წიგნის ნამდვილ მიღწევად უნდა ჩაითვალოს ის, რომ იგი „ინგლისური ლექსის ხელახლა გააზრების მცდელობაა“ [Kenner, 1971: 199].

პაუნდის „კატეიზე” მუშაობის პერიოდი მისი იმაჟიზმიდან ვორტიციზმზე გადასვლის ეტაპს ემთხვევა. პაუნდის კრიტიკოსი ჟაუმინგ ცინი პაუნდის ლექსებს - „მდინარეზე მოვაჭრის ცოლს“ („The River Merchant's Wife"), „თვლებით შემკული კიბის სევდასა“ (The Jewell Stairs' Grievance") და „დევნილის წერილს“ ("The Exile's Letter")  – „იმაჟისტურ და ვორტიცისტულ შედევრებს“ უწოდებს [Qian, 2008:337]. ზოგიერთთა აზრით კი, ეს ლექსები ცალსახად იმაჟისტურია.

ამ კრებულის ძირითადი თემები: განშორება და მარტოობა, განსაკუთრებით კი ჯარისკაცის მარტოობა კრებულის პირველივე ლექსში  – „შუელი მშვილდოსნის სიმღერა“ („Song of the Bowmen of Shu") – ჩანს. პაუნდი ლექსებში ჩადებული ემოციების უთქმელად გადმოსაცემად იმაჟებს იყენებს. მან ფენელოზას ჩანაწერებზე დაყრდნობით შექმნა ის, რასაც თავად „იდიოგრამულ მეთოდს“1] უწოდებდა. 

ზემოთქმულის საილუსტრაციოდ გთავაზობთ პაუნდის რამდენიმე თარგმანის ანალიზს.

 „კატეის“ ერთ-ერთ ყველაზე მოკლე ლექსში  - „თვლებით შემკული კიბის სევდა” (“The Jewel Stairs’ Grievance”) ლაკონური იმაჟები ერთმანეთს ებმის, ამ ლექსის მწუხარება ისეა გამოხატული, რომ თავად სიტყვა, მწუხარება ან რომელიმე ემოციის გამომხატველი სიტყვა ლექსში არსად ჩანს.

The Jewel Stair’s Grievance

The jeweled steps are already quite white with dew,

It is so late that the dew soaks my gauze stockings,

And I let down the crystal curtain

And Watch the moon through the clear autumn.

ძვირფასი თვლებით შემკული კიბის სევდა

ძვირფასი თვლებით შემკული კიბე უკვე დილის ცვარმა გადაათეთრა,

იმდენად გვიანია, რომ ცვარმა გაზის წინდაც კი გამიღჟინთა,

და მე ბროლის ფარდას ვხურავ

და მთვარეს ვუცქერ გამჭვირვალე შემოდგომაში (პწკარედი ჩვენია).

ლექსი ოთხსტრიქონიანია და მასში ექვსი მკვეთრი იმაჟია შექმნილი. ლექსი სევდითაა გაჟღენთილი ისე, რომ თავად მთხრობელი თავის გრძნობებზე პირდაპირ არაფერს ამბობს. ნარატივი რამდენიმე მოკლე მომენტს აღწერს, ხოლო მთხრობელი კი, სავარაუდოდ, თავის გულისსწორს ელის. იგი ძვირფასი თვლებით შემკულ კიბეზე დგას გვიან ღამით (ან უფრო სწორედ დილით ადრე), თხელი, გაზის წინდა ნამით აქვს დაცვარული, მთვარეს შესცქერის და ფარდას ხურავს. თითოეული იმაჟი გარკვეულ ასოციაციას ქმნის მკითხველში, მის გონებაში ის გრძნობები იღვიძებს, რომლებიც ასეთ სცენასთან ასოცირდება. თხელი წინდის ხსენებით პაუნდი მიგვანიშნებს, რომ ლექსის გმირი ქალია და თანაც დიდგვაროვანი.

პაუნდი წინადადებებში არ იყენებს ინგლისურისათვის ტიპურ სინტაქსურ სტრუქტურებს, რითაც ჩინური ლექსისათვის დამახასიათებელ სტილს ჰბაძავს, ყოველ შემთხვევაში იმას, როგორადაც თავად წარმოედგინა ის. ფაქტობრივად, პაუნდი სერიოზულად დააფიქრა ჩინური ენის გრამატიკის „დამყოლმა“ ბუნებამ. იგი „ჩინურ წერილობით სიმბოლოში“ (“The Chinese Written Character“) აღნიშნავს: „თვალი ზმნას და არსებით სახელს ერთ მთლიანობად აღიქვამს: საგნები და მოძრაობა, მოძრაობა საგნებში, ჩინური კონცეფცია სწორედ ასე წარმოაჩენს ზმნას და არსებითს“ [Pound, 2011:46].   

ვერლიბრია „კატეიში“ შესული მეორე ლექსიც „მდინარეზე მოვაჭრის ცოლი“ (“The River Merchant’s Wife”) ანუ ლექსის პწკარებს ერთმანეთთან ერთი მეტრული ან რითმის ერთი მოდელი არ აკავშირებს, რაც მას ტრადიციული ევროპული ლექსისაგან განსხვავებულ ელფერს სძენს. „მდინარეზე მოვაჭრის ცოლის“ თარგმნისას პაუნდი ხელმძღვანელობდა მხოლოდ ფენოლოზას დეტალური ჩანაწერებით ჩინური ტექსტების შესახებ. ჰიუ კენერის აზრით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ეს პირველი ინგლისური თარგმანია, რომელშიც უგულებელყოფილია რითმა და მარცვალთა ფიქსირებული რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ პაუნდი არ ბაძავს ჩინურ მეტრულ მოდელს, რომელიც მხოლოდ ჩინელი მკითხველისათვის იქნებოდა მნიშვნელოვანი და გასაგები. კენერის აზრით, პაუნდი ასე რომ მოქცეულიყო, ეს ლექსი ინგლისელ მკითხველს, რომელიც ბგერათა თანწყობის ჩინურ მოდელს არ იცნობს, ხელოვნულად, აბსურდულად, უცნაურად და უცხოდ მოეჩვენებოდა. საყურადღებოა ისიც, რომ პაუნდი ინგლისური პოეზიისათვის დამახასიათებელ არც ერთ მეტრულ სტრუქტურას არ იყენებს, რადგან ასეთ შემთხვევაში, ლექსი ჩინურ ჟღერადობას დაკარგავდა [Kenner, 1971:199]. პაუნდმა თავისი წესები გამოიგონა და შექმნა ჩინური ჟღერადობის შემცველი რითმა, მუსიკა, სილამაზე და ახალი ლექსი შეთხზა. 

როგორ მოახერხა პაუნდმა ჩინური რეალობის ინგლისურად გაცოცხლება?! პასუხი მარტივია, მან დეტალურად აღწერა საგნები და VIII საუკუნის ჩინეთის კულტურისათვის სპეციფიკური იმაჟები და საგნები გამოკვეთა. თავი აარიდა განზოგადებას და თითოეულ პწკარში კონკრეტული იმაჟი შექმნა, პრინციპით - ახალი პწკარი - ახალი იმაჟი. ყოველ სტროფში კი ქალის ცხოვრების განსხვავებული პერიოდი აღწერა.   

            „მდინარეზე მოვაჭრის ცოლი“ მარტოხელა და მარტოსული ცოლის მიერ ქმრისადმი მიწერილი წერილია, რომელიც ხუთი თვეა წასულია მისგან.

ლექსი ვერლიბრია. თხრობა ქალისა და მამაკაცის ცხოვრებისეული ფაქტების ქრონოლოგიის მიხედვითაა დალაგებული. თავისუფალი ლექსის ფორმა მკითხველში წერილის ასოციაციას იწვევს. მკაცრი მეტრული საზომის არ არსებობა პაუნდს გრძნობების მკვეთრად და მკაფიოდ გადმოცემის საშუალებას აძლევს.

ლექსში ნახსენები – „შუბლთან სწორად შეჭრილი თმა“ (“my hair was still cut straight across my forehead”), „ბამბუკის ოჩოფეხები“ („bamboo stilts")  მიუთითებს, რომ მოქმედება აზიაში ხდება და არა - ევროპაში. პაუნდი ლექსს ჩინურ ელფერს ჩინური ყოფა-ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალიებისა და ჩვეულებების ხსენებით აძლევს.

ამ ლექსის თითოეული სტროფი ქალის ცხოვრების კონკრეტულ მონაკვეთს აღწერს. მაგ., მეორე სტროფში VIII საუკუნის ჩინელი ცოლის მორჩილებაზეა საუბარი, რომელიც თოთხმეტი წლის ასაკში მისთხოვდა თავის „ხელმწიფეს“ (“My Lord”), მორცხვობდა, არ იცინოდა და თვალს ვერ უსწორებდა ქმარს („მაშინ არასდროს ვიცინოდი, მორცხვი ვიყავი/ თვალებდახრილი მუდამ კედელს მიჩერებული“ (ანი კოპალიანის თარგმანი)). ასეთი მოკრძალება ქმრის წინაშე მხოლოდ აზიელი ქალებისთვისაა დამახასიათებელი. შეუღლების შემდეგ, ორი წლის თავზე ქმარი გაემგზავრა და უკან აღარ დაბრუნებულა.

1918 წელს დაწერილ ესეში სახელწოდებით „ჩინური პოეზია“ პაუნდი ჩინური ლექსის მთავარ თვისებებს განიხილავს და მათ შორის ბუნების იმაჟს ასახელებს, რომელიც ადამიანის განწყობის გამოსახატად გამოიყენება. „მდინარეზე მოვაჭრის ცოლში“ იგი თავადაც მოხერხებულად იყენებს ბუნებას განსხვავებული განწყობებისა და იმაჟების შესაქმნელად; მაგ. „წყვილი პეპლის“ დანახვაც ზარავს, რომელიც „აგვისტოს მზემ“ ერთად „გამოახუნა“, თავად ის კი მარტო „ბერდება“.  

***

ჰიუ კენერი აღნიშნავს, რომ 1915 წელს გამოქვეყნებულ კრებულში შეტანილი ეს და სხვა რამდენიმე ლექსი პირველი მსოფლიო ომის ევროპელ ქალთა განწყობას ეხმიანება. მართალია, ლექსში არ ჩანს ომის თემა, მაგრამ მასში იმ დროის ევროპელი ქალებისათვის კარგად ნაცნობი, დანაკარგით განცდილი შიში და მოლოდინი იგრძნობა. 

ჩინელი კრიტიკოსის ვაი-ლიმ იიპის აზრით, პაუნდისეული თარგმანი მნიშვნელოვანია, რადგან „მან ტექსტუალური თარგმანის ზღვრების გადალახვა შეძლო და კულტუროლოგიური თარგმანი“ შემოგვთავაზა [Yip, 1969:39]. იიპი მიიჩნევდა, რომ პაუნდი  „ორიგინალის ავტორის მთავარ სათქმელს რაღაც ისეთის წყალობით წვდება, რასაც მხოლოდ გულთმისნობა შეიძლება ვუწოდოთ“ [Yao, 1999:39].

ამერიკული ლიტერატურის მკვლევარ სტივენ იაოს აზრით კი, ჩინური ენის არ ცოდნამ პაუნდს თავისუფლება მისცა და ჩინური ყოფა-ცხოვრება, პერსონაჟთა ბუნება თავისებურად დაანახვა, რის გამოც მისი ნამუშევრები ორიგინალური ლექსები უფროა, ვიდრე – თარგმანები [Yao, 1999:39].

ამგვარად, ეზრა პაუნდი, როგორც ჩინური პოეზიის მთარგმნელი ერთობ საყურადღებოა, რადგან მან შეძლო და, ენის არცოდნის მიუხედავად, მერვე საუკუნის ჩინეთი ევროპულ რეალობაში გააცოცხლა. მან წინ წამოწია ზოგადსაკაცობრიო, ყველა ადამიანისათვის კარგად ნაცნობი თემები. ვფიქრობთ, ეზრა პაუნდი თარგმნილი ლექსების თანაავტორი და შემქმნელი  უფროა, ვიდრე - მთარგნელი.


1 Wardour-Street - ლონდონის ერთ-ერთი ქუჩა, რომელზეც თავმოყრილია ანტიკვარიატის მაღაზიები. ამ შემთხვევაში პაუნდი გულისხმობს „არქაიზმებით მორთულ მეტყველებას“.

2 რომანული ენა, რომელზეც ლაპარაკობენ სამხრეთ საფრანგეთსა და  იტალიაში, მონაკოსა და ესპანეთში

3 მელოპოეია - ზოგიერთი სიტყვა მუსიკალურობითაა „დამუხტული“, რითაც ის  ჩვეული მნიშვნელობის გარდა სხვა, დამატებით მნიშვნელობას იძენს. ასეთი სიტყვები ბგერისა და  რიტმის წყალობით გარკვეულ ემოციურ კორელაციას ქმნის.

პაუნდი თვლის, რომ მელოპოეიის ჩაწვდომა „კარგი მუსიკალური სმენის“ მქონე უცხოელსაც შეუძლია; თუმცა, ძნელად ითარგმნება. 1

ფენოპეია - არის ის, რასაც პაუნდი უწოდებდა: „ხატების ტყორცნას ვიზუალურ წარმოსახვაზე“. პაუნდისათვის სწორედ ეს მოვლენაა იმაჟიზმი.

ლოგოპოეია - პოეზიას, რომელშიც სიტყვები გამოყენებულია არა მხოლოდ მათი პირდაპირი, არამედ სხვა, დამატებითი მნიშვნელობით. მოგვიანებით პაუნდი ლოგოპოეიას „სიტყვათა შორის ინტელექტის ცეკვას“ უწოდებდა.  1929 წლის 20 იანვარს, „ნიუ იორკ ჰერალდ ტრიბუნში“ გამოქვეყნებულ სტატიაში პაუნდი უფრო ზუსტად განმარტავს ამ ტერმინს და ამბობს: ეს არის პოეზია, რომელიც  „იყენებს სიტყვებს არა მხოლოდ მათი პირდაპირი მნიშვნელობით ... არამედ ითვალისწინებს მათი გამოყენების ტრადიციას და კონტექსტს, რომელშიც ისინი გვხვდება ხოლმე.“ პაუნდის აზრით, ლოგოპოეია რთული სათარგმნია.

4 ბრიტანელი მთარგმნელი, ლიტერატურის კრიტიკოსი; ავტორი წიგნისა The Poetic Achievement of Ezra Pound (1979)

5 იტალიელი პოეტი და ტრუბადური, რომელმაც დიდი გავლენა იქონია თავის მეგობარ, დანტე ალიგიერიზე.

6 ტანის ეპოქის (მე-8 საუკუნე) ჩინელი პოეტი.

7 ე. ფენელოზა ტოკიოს უნივერსიტეტში მუშაობდა ფილოსოფიისა და პოლიტიკური ეკონომიკის დოქტორის თანამდებობაზე. ფენოლოზა გატაცებული იყო აღმოსავლური კულტურითა და დიდი წვლილი შეიტანა ტრადიციული იაპონური კულტურის შენარჩუნებაში.

8 „კატეი“ „კატაის“ გაინგლისურებური ფორმაა, რაც ინგლისურში ჩინეთის ერთ-ერთ ალტერნატიულ სახელწოდებად გამოიყენება. სიტყვა  „ხითანიდან“, ლაოს დინასტიის (მართავდა ჩრდილოეთ ჩინეთს 907- 1125 წლებში) დამაარსებელი მომთაბარე ხალხის სახელწოდებიდან წარმოდგება. 

9 აზრის ან საგნის გამომხატველი წერილობითი სიმბოლო.

1] ბრიტანელი მწერალი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი და მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოეტი.

1] კანადელი მკვლევარი და ლიტერატურის კრიტიკოსი. ავტორი წიგნისა „The Poetry of Ezra Pound”.

1] კომპარატივისტული ლიტერატურისა და აზიის კვლევების პროფესორი; პენსილვანიის უნივერსიტეტი.

1] ეზრა პაუნდისეული მეთოდი, რომლითაც შესაძლებელია  აბსტრაქტული შინაარსის კონკრეტული იმაჟების საშუალებით ჩაწვდომა. 

ლიტერატურა

Alexander M.
1997
“Ezra Pound as Translator” Translation and Literature. Vol. 6, № 1
Alexander M.
1979
The Poetic Achievement of Ezra Pound, University of California Press.
Eliot T. S.
1968
Introduction to Literary Essays of Ezra Pound. New York
Eliot T.S.
1928
Introduction to Literary Essays of Ezra Pound. New York
Fenollosa E., Pound E.
2011
The Chinese Written Character as a Medium for Poetry. Originally published in 1936, London.
Hayot E.
2004
Chinese Dreams. University of Michigan Press. USA.
Katz D.
2007
American Modernism’s Expatriate Scene, The Labor of Translation, Edinburgh University Press.
Kenner H.
1971
The Pound Era. Berkeley: University of California Press. USA
Nadal I. B.
2010
Ezra Pound in Context. (ed). Cambridge University Press. Cambridge.
Pound E
1928
Literary Essays of Ezra Pound. New Directions Publishing.
Qian Z.
2008
Ezra Pound’s Chinese Friends. – Stories in Letters. Oxford University Press. New York.
Ruby M. (ed)
2000
The Gale Group 2000, A Study Guide for Ezra Pound’s “the River Merchant’s Wife: A Letter”. Detroit.
Yip W.
1969
Ezra Pound's Cathay. Princeton University Press. United States of America.
Yao S.G.
2010
Translation and the Languages of Modernism. Palgrave. Macmillan. New York.

https://en.wikipedia.org/wiki/Cathay

http://www3.dbu.edu/mitchell/poundtra.htm

http://www.modernamericanpoetry.org/criticism/wai-lim-yip-river-merchants-wife-letter

http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=8526