იოანე სინელის სათნოებათა კიბის ქართული თარგმანების ლოგიკური ტერმინოლოგია

იოანე სინელის სათნოებათა კიბე მრავალმხრივ საინტერესო ძეგლია. ტექსტის დიდ მნიშვნელობასა და აქტუალობაზე მეტყველებს სხვადასხვა ენაზე შესრულებული მრავალრიცხოვანი თარგმანი და ასევე, თავისი მნიშვნელობით სათნოებათა კიბის  მოსეს ათ მცნებასთან გათანაბრება: ერთითა ოდენ არა იქმნა მსგავს (იოანე სინელი) მოსესა, რამეთუ არა მოიწია მის ზედა ვერშესლვაÁ ზეცისა მას იერუსალჱმსა, ვითარ-იგი მოსე ქუეყანასა იერუსალჱმსა ვერ შევიდა. ან კიდევ, და გარდამოÃდა ახალი იგი ღმთის-მხილველი ჩუენდა მომართ გონებითა მთით სინით და გÂჩუენნა ჩუენ მანცა ღმრთივ-წერილნი იგი ფიცარნი [სინელი, 1965:13], – წერს იოანე სინელზე მისი ბიოგრაფი დანიელ რაითელი. ქართულად შემონახულია  სათნოებათა კიბის ორი პროზაული თარგმანი (ექვთიმე ათონელისეული და პეტრე გელათელისეული), პროზაულ ტექსტზე დაფუძნებული ორი პოეტური ვერსია (ე.წ. იოანე პეტრიწისეული და ანტონ კათალიკოსისეული) და ასევე, ქეთევან ბეზარაშვილის მიერ ბოლო წლებში აღმოჩენილი გრიგოლ ნაზიანზელის თხზეულებებში ჩართული კლემაქსის განსხვავებული რედაქციის ფრაგმენტები. წინამდებარე სტატიაში შევეცდები გავაანალიზო სხვადასხვა ეპოქასა და კულტურულ გარემოში შექმნილი ტექსტების ფილოსოფიურ-თეოლოგიური, კერძოდ კი, სტატიის ფორმატის გათვალისწინებით, რამდენიმე ლოგიკური ტერმინი, თითოეული ტერმინის ისტორიისა და სემანტიკის (და ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევების) გათვალისწინებით. სათნოებათა კიბე ექვთიმე ათონელამდეც ყოფილა ნათარგმნი და მთარგმნელი ტექსტის ხელმეორედ თარგმნის მიზეზზე ანდერძშივე შენიშნავს: „ვინაჲთგან უკუე პირველსა მას თარგმანსა მრავალი მრუდად დაეწერა და მრავალი დაეგდო, ამისთჳს მე, გლახაკმან ეფთჳმე, ბრძანებითა წმიდისა მამისა ჩემისა იოვანჱსითა ვთარგმნე ესე..“[სინელი, 1965:1].  ექვთიმე ათონელის შემდეგ სათნოებათა კიბე კიდევ ერთხელ თარგმნა პეტრე გელათელმა, ამჯერად ეპოქის ახალი მოთხოვნებიდან გამომდინარე (ბერძნულ დედანთან თარგმანის მაქსიმალურად დაახლოება). ტერმინთა მნიშვნელობის დაზუსტება იმდენად იყო აუცილებელი, რამდენადაც, როგორც დ. მელიქიშვილი შენიშნავს, ტერმინთა გაურკვევლობა თუ განსხვავებული გაგება ბიზანტიურ ქრისტიანულ სამყაროში (და, მაშასადამე, საქართველოშიც) ხშირად ცხარე საეკლესიო დისკუსიების საბაბი ხდებოდა ხოლმე და არა მარტო დისკუსიებისა, არამედ მწვალებლად გამოცხადებისა და ეკლესიიდან განკვეთისაც კი [მელიქიშვილი, 2011: 23]. ამდენად, ვფიქრობ, საინტერესო სურათს გვაჩვენებს სხვადასხვა გარემოსა და განსხვავებული ლიტერატურული გემოვნებით შესრულებულ თარგმანებში  გამოყენებულ ფილოსოფიურ-თეოლოგიურ ტერმინებზე დაკვირვება. სტატიაში გათვალისწინებულია ანტონ კათალიკოსისეული რედაქციის ორიგინალური ჩანართებიც[1], რადგანაც ტექტის ძირითადი ნაწილი არსებითად პეტრე გელათელის თარგმანის გადამუშავებაა და ხშირ შემთხვევაში ტერმინოლოგიითაც მისგანაა დავალებული. იგივე შეიძლება ითქვას იოანე პეტრიწისეულ პოეტურ გადამუშავებაზე, რომელიც ექვთიმე ათონელის თარგმანს მისდევს, ხოლო რაც შეეხება იოანე პეტრიწის ტექსტის ორიგინალურ ჩანართებში გამოყენებულ ტერმინოლოგიას, მასზე სპეციალური კვლევა ჩაატარა ივ. ლოლაშვილმა [ლოლაშვილი, 1968:139-165] და, ამდენად,  საგანგებოდ ამაზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას.

ტექსტში საკმაოდ მრავალფეროვანია ლოგიკური ტერმინოლოგია. წინამდებარე სტატიაში რამდენიმე მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას. ლოგიკის ძირითადი ცნებებია “დასაბუთება” და “სილოგიზმი”. ამ ცნებების შესატყვისად ეფრემ მცირე და არსენ იყალთოელი იყენებენ  „გამოჩინებას“ (არსენი -“გამომაჩინებლობასაც”), რომელსაც ორგვარი მნიშვნელობა ჰქონდა: ყოფითი – ჩვენება და სპეციალური, ტერმინოლოგიური – “დასაბუთება”.  „გამოჩინება“ ზმნის პარალელურად ზოგ შემთხვევაში გამოიყენებოდა ბერძნული “აპოდიქსის“ [მელიქიშვილი, 2011:96].

ტერმინები “სილოგიზმი”, “გამოჩინება”, “აპოდიქსი” გვხვდება სათნოებათა კიბის ანტონისეული რედაქციის ორიგინალურ ნაწილში ტრადიციული მნიშვნელობით – „მსჯელობა“, „დასაბუთება“:

„ვინათგან სიტყéა პსიხისა გონიერის

გამოხატéა არს განჰსჯა გამოჩინება,

რამეთუ  ამას საქმობს გულის-ჴმის-ყოფა

პირველით ნივთთა სრულად სავსედ განმყოფი,

მეორით მსაზღéრი და სხჳთ მესილოგიზმე [A-711,  11:8].

            ტერმინი “გამოჩინება” წარმოდგენილია სინტაქსურ წყვილში  “განსჯასთან”.  „განსჯა – გამოჩინებას“ უკავშირდება ტერმინი  „გულისჴმაყოფა“. ნიკო ჩუბინაშვილი თავის ლექსიკონში აღნიშნული ტერმინის ფილოსოფიურ მნიშვნელობას შემდეგნაირად განმარტავს - ძალი განთჳსებით წარმოდგენად ნივთთა [ჩუბინაშვილი, 1961] – აზროვნება, შემეცნება, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ანალიზის ოპერაცია. როგორც ცნობილია, იგი ადამიანს აძლევს აღქმული მთლიანი მოვლენიდან სხვადასხვა მხარის გამოყოფის, ამოცანის ცალკეულ ნაწილად დაშლისა და მის შემადგენელ ელემენტებზე მსჯელობის საშუალებას. სწორედ ამ ფუნქციებით არის დატვირთული ციტირებულ სტროფში ტერმინი “გულისჴმაყოფა”. („გულისჴმაყოფა“ სპეციალურ ფილოსოფიურ ლექსიკონშიც განმარტებულია, როგორც შემეცნება, გაგება [ძველქართულ.. 2010:105-107]). აღნიშნულ ტერმინს რამდენიმე ბერძნული შესატყვისი აქვს. როგორც უკვე აღვნიშნე, ზემოთ ციტირებული საანალიზო სტროფი ორიგინალურია, ამიტომ დავიმოწმებთ ანტონისეული რედაქციიდან იმ არაორიგინალურ ნაწილს, რომელშიც კვლავ ეს ტერმინია გამოყენებული:

უცხოება არს ჩვჱულება უკადრი,

გულის-ჴმის-ყოფა არა განცხადებული [A-711,  3:2] - ანტონ კათალიკოსი.

უცხოებაჲ არს უკადნიეროჲ ჩუეულებაჲ, უცნაური სიბრძნე, განუცხადებელი გულისჴმისყოფაჲ[2] [A-39: 19r] - პეტრე გელათელი.  

უცხოებაჲ ესე არს განშორებაჲ კადნიერებისაგან, სიბრძნე უცნაური და მეცნიერებაჲ გამოუცხადებელი [სინელი, 1965: 43] - ექვთიმე ათონელი.

როგორც ვხედავთ, ციტირებულ კონტექსტში ანტონ კათალიკოსი იყენებს პეტრე გელათელის თარგმანს, რომელიც,  შუა საუკუნეების ფილოსოფიური ტრადიციისამებრ, ბერძნულ σύνεσις-ს („გაგება“, „შემეცნება“) “გულისჴმისყოფად” თარგმნის. ამგვარადვეა პეტრე გელათელისეული თარგმანის სხვა ადგილებშიც: τοῦ ἀσυνέτου θυμοῦ [P.G. 841A] - უგულისჴმოჲსა გულისწყრომისაგან [A-39: 80v]. ექვთიმე ათონელის რედაქციაში კი ამ სიტყვით ნათარგმნია რამდენიმე ბერძნული  ლექსიკური ერთეული. მაგ.: ბერძ. „Ἐπιτήρει“-ს [P.G. 949B] „გულისჴმა–ჰყოფდ“ [სინელი, 1965:303], ხოლო პეტრე გელათელი თარგმნის, როგორც „ზედდასჭურეტდ“ [A-39: 116v], რაც, ვფიქრობ, უფრო ზუსტი თარგმანია. ან კიდევ, διακρίσεως ὑπόθεσις [P.G. 980D]  ექვთიმე ათონელთან - ძალი არს გულისჴმის–ყოფისაჲ  [სინელი, 1965:335]; პეტრე გელათელთან - განმსჯელობითისა მიზეზი [A-39:128r]. ამრიგად, ექვთიმე ათონელის რედაქციაში გულისჴმისყოფა-დ ნათარგმნია არაერთი ბერძნული ლექსიკური ერთეული, ხოლო პეტრე გელათელი გულისჴმისყოფა-ს იყენებს ძირითადად ბერძული σύνεσις-ის   ქართულ შესატყვისად. ამდენად, საანალიზო სტროფის აზრი შეიძლება ასე განვმარტოთ: სიტყვა არის გამოხატვა (ამ კონტექსტში – სახის, ფორმის მიცემა – ი.მ.) გონიერი სულის აზროვნების, მსჯელობის, რაც  ნიშანდობლივია შემეცნებითი პროცესისთვის, რომელიც ჯერ ანაწევრებს მოვლენებს, შემდეგ განსაზღვრავს, დაბოლოს - ასაბუთებს.

ციტირებულ სტროფს ანტონი აგრძელებს:

ამათი ჴმევა წესიერ დროებითად

არს არა ცოდéა ...[A-711, 11:9].

მუხლის ხაზგასმული ნაწილიც ორიგინალურია. ამდენად, ანტონ კათალიკოსის ორიგინალური ჩანართი სრულდება დასკვნით, რომ სათანადო დროს ამგვარი “გონივრული” მეტყველება არს არა ცოდéა

როგორც აღვნიშნე, შუა საუკუნეების ფილოსოფიურ ლიტერატურაში “გამოხატვა” ნიშნავს ფორმის, სახის მიცემას, განსახიერებას. ამ ტერმინით ითარგმნებოდა აღნიშნული მნიშვნელობის რამდენიმე ბერძნული სიტყვა: διασχηματίζω - ვითარცა გამოიხატე, ეგრეთ განაგე ცხორება შენი (ბას., ექუს., გ. ათ., 105, 30-31); μορφόω - ვითარ-იგი გამოიხატოს რაÁ და შეისახოს არსებაÁ (დამასკ., დიალ., 27,1, ეფრ.); χαρακτηρίζω - არამცა კუალად შეიცვალებოდეს განწესებანი ესე და დაწესებანი სახელთანი, არამედ გამოხატვიდესმცა ერთისა და შეურევნელისა ბუნებისა Âთებათა (დამასკ., გარდ., 171, არს) [ძველბერძნულ.. 2010:55]. ციტირებული კონტექსტები, ისევე, როგორც ანტონ კათალიკოსისეული რედაქციიდან  ზემოთ განხილული სტროფი, ტერმინის გამოხატé სწორედ ამ მნიშვნელობას უჭერს მხარს – გამოსახვა, ფორმის მიცემა:

თუმცაღა სათნოებათა კიბის ანტონისეული რედაქციის სხვა კონტექსტი ამ ტერმინს განსხვავებულ მნიშვნელობას სძენს - დაფარული აზრი, გონება, ფიქრი:        

ექვთიმე ათონელი

პეტრე გელათელი

იოანე პეტრიწი

ანტონ კათალიკოსი

P.G., Vol. 88, 1860. (ed.Migne)

ყოვლისა სიტყჳსა წინამძღუარ არს მოგონებაჲ

[სინელი, 1965: 152].

ყოვლსა სიტყჳსა წინაძღჳს გაგონებაჲ

[A-39: 63v].

მოგონებისა წინამძღუარი სიტყუა არს [პეტრიწი, 1968: სტრ.34].

წინ-უძღჳს სიტყვას რაჲმე გამოხატéა [A-711, 6:1].

 

παντὸς λὸγου προεγεῖται ἔννοια.

[P.G 793B].

 

ἔννοια მომდინარეობს სიტყვიდან νοῦς (გონება) და ნიშნავს გაგებას, გააზრებას, განსჯას, ფიქრს, აზროვნების პროცესს. ექვთიმე ათონელი (და მის კვალდაკვალ იოანე პეტრიწი) შესაბამის კონტექსტში  თარგმნის ტერმინით მოგონებაÁ,  ხოლო პეტრე გელათელი ამ და სხვა კონტექსტშიც ბერძნულ ἔννοια -ს თარგმნის, როგორც გაგონებაÁ. „გაგონება“ ძველ ქართულ ფილოსოფიურ ტექსტებში ნიშნავდა აზროვნების პროცესს, განსჯას, დისკურსიულ აზროვნებას, შემეცნების პროცესს. ამგვარადაა მაგალითად, იოანე პეტრიწის თარგმანებში: სული Âით Â-შორის მაშინ არს, ოდეს გულის-ისიტყუვიდეს, ხოლო ოდესმე გონებასა შორის, რაჟამს გაიგონებდეს ვითარ შორის საგრძნობელთა იქმნების ვნებაÁ, რაჟამს იგრძნობდენ, ეგრეთვე და სულსა შორის რაჟამს გაიგონოს (ნემესიოს, პეტრ. 73.2.) [ძველქართულ.. 2010:48]. ასევეა ექვთიმე ათონელის თარგმანიდან მოგონებაÁ”, რომელიც აზრს, მოსაზრებას ნიშნავს. მას შუა საუკუნეების ფილოსოფიურ ტექსტებში ხშირად იყენებდნენ ბერძნ. ἔννοια-ს ქართულ შესატყვისად:

ექვთიმე ათონელი

პეტრე გელათელი

იოანე

პეტრიწი

ანტონ

 კათალიკოსი

 

P.G., Vol. 88, 1860.

(ed.Migne)

ულმობელობაჲ უდებებაჲ არს დამტკიცებული, სიბრმე არს გონებისაჲ.

[სინელი, 1965: 283] 

ულმობელობაჲ არს შემტკიცებული უდებებაჲ მცონარი გაგონებაჲ [A-39: 115v].

---------

ულმობელობა არს მტკიცე უდებება

და გამოხატéა შერეული მცონარი [A-711, 17:2].

ναρκῶσα

ἔννοια

[P.G. 932B].

როგორც პარალელური ტექსტებიდან დამოწმებულმა მასალამ გვაჩვენა, ბერძნული ἔννοια-ს ქართული ეკვივალენტი ექვთიმე ათონელის თარგმანში არის „გონებისაჲ“, პეტრე გელათელთან - „გაგონებაჲ“, (რაზეც ასევე მიუთითებს ედიშერ ჭელიძე. მკვლევარი ასევე აღნიშნავს, რომ გარდა ტერმინისა „გაგონებაჲ“ პეტრე გელათელი ბერძ.  ἔννοια-ს ქართულ შესატყვისებად იყენებს „გონებაჲ“, „მოგონება“, „მგონებლობა“, „საგონებელი“ [ჭელიძე, 1996:419]),  ხოლო ანტონ კათალიკოსთან - „გამოხატუა“. ტერმინი ἔννοια წინაგელათურ პერიოდში ჩვეულებრივ ითარგმნებოდა, როგორც „გონებაჲ“, „ძალი“, „გულისსიტყუაჲ“, „გულისჴმისყოფაჲ“ [ჭელიძე, 1996: 418]. ასეთივე ტერმინოლოგიური სიჭრელეა ექვთიმე ათონელის თარგმანშიც: ბილწებაჲ ესე არს რაჟამს დგეს კაცი წინაშე ღმრთისა და ბოროტთა გულის–სიტყათა (ἐννοίας [P.G. 1133B]) იწურთიდეს. . .  და წარპარვაჲ ესე არს, რაჟამს უცნაურად გონებაჲ მიმოვიდოდის და ბიწი არს გულის–სიტყუაჲ ცუდი (τὴν ἔννοιαν [P.G. 1133B]) ყოველივე მას ჟამსა ჩუენდა მოსრული [სინელი, 1965:489–490].  პეტრე გელათელი, როგორც უკვე აღვნიშნეთ ἔννοια-ს ძირითად შესატყვისად “გაგონებას” იყენებს: სხუა მწიკული ლოცვისაჲ და სხუა უჩინოყოფაჲ და სხუა პარვაჲ და სხუა ბიწი. მწიკული არს ღმთისამი წარდგომაჲ და უადგილოთა გაგონებათა (ἐννοίας [P.G. 1133B])  ოცნებულობაჲ, უჩინოყოფაჲ არს ზრუნვათამი  უსარგებლოთა წარტყუებულობაჲ, პარვაჲ არს უგრძნობელად გაგონებისა (τὴν ἔννοιαν [P.G. 1133B])  დაბნევაჲ, ბიწი არს წინადარწყუმაჲ, ვითარცა რაჲმე მაშინ ჩუენდა მოახლებული [A-39, 184v]. ციტირებული ადგილების შესაბამისი პასაჟი ანტონ კათალიკოსის რედაქციიდან, ტერმინოლოგიის გამოყენების თვალსაზრისით, ითვალისწინებს ორივე თარგმანის მასალას, თუმცა ზემოთ დამოწმებული მაგალითის მსგავსად იგი, ამ შემთხვევაშიც, პეტრე გელათელის ტექსტისეულ  „გაგონებათას“ ტრადიციულად ცვლის „მიდმოგონებით“:

მწიკéლი ლოცჳსა სხვა არს, სხვა უჩინო-ქმნა,

სხვა არის პარვა, სხვაი ბიწი რაჲვე.

მწიკéლი უწესო მიდმოგონება შეძრვა,

უჩინო-ყოფა ამაოთგან წარტყვენვა,

პარვა განბნევა, ბიწი, ცუდ-გულის-სიტყვა  [A-711, 28:9].

ანტონ კათალიკოსი სათნოებათა კიბის ტექსტის თარგმანისა და გადამუშავების პროცესს ქართულ სააზროვნო სივრცეში ერთგვარად აჯამებს და ცხადია, ითვალისწინებს წინარე ტრადიციას. მართალია, სათნოებათა კიბის ანტონისეული გადამუშავების ძირითადი წყარო პეტრე გელათელის თარგმანია, მაგრამ იგი ასევე იყენებს ექვთიმე ათონელისეულ  და იოანე პეტრიწისეულ რედაქციებსაც. ეს ფაქტი კარგად ჩანს დამოწმებული მასალიდანაც. ტექსტთან ამგვარი დამოკიდებულების კიდევ ერთი მაგალითია სათნოებათა კიბის შემდეგი კონტექსტები:

პეტრე გელათელი: მრავალმეტყუელებაჲ არს უმეცრებისა სახე, ძჳრისჴსენებისა კარ, კადნიერებისა ჴელისამპყრობელ, ტყუილისა მსახურ, ლმობიერებისა დაჴსნა, მოწყინებისა მხდელ, ძილისა წინამორბედ, თანგონებობისა  დაბნევა... [A-39: 84v]. აშიაზე მინაწერი: გონებისშინაობასა იტყჳს თანგონებობად. ექვთიმე ათონელი: განმაბნეველი კეთილთა გულის–სიტყუათაჲ, უჩინო–მყოფელი გლოისაჲ. .[სინელი, 1965:213].

ანტონ კათალიკოსი:

კუალად ესევე ვნება ესთა ცნობილ-არს

ვითარმედ ესე გონებ-შინაობისა

ესე იგი არს მიმოგონების ანუ

გულის-სიტყéათა კეთილთა განმაბნეველ,

ხოლო გლოვისა ყოვლად უჩინო-მყოფელ  [A-711, 11:3].

„თანგონებობა“, „გონებისშინაობა“, „გულისსიტყუა“ და ანტონთან დამატებით „მიმოგონება“ ბერძ. συννοίας  [P.G. 852B] ქართულ შესატყვისებად გამოუყენებიათ მთარგმნელებს. ამდენად, ტერმინოლოგიაზე დაკვირვება კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს ანტონ კათალიკოსის რედაქციაზე მანამდე არსებული ქართული თარგმანების გავლენის რაგვარობას.

             ტექსტის ქართველი მთარგმნელები „გულისსიტყუად“ თარგმნიან ძირითადად  ბერძ. λογισμὸς [P.G. 664 B]: უჩინოჲ გულისსიტყუაჲ [A-39: 19r]; გულის-სიტყუაჲ უჩინოჲ [სინელი, 1965: 43]. λογισμῶν [P.G. 828C]: საშუალი არს დადუმებაჲ გულის–სიტყუათაჲ წულილადითა აღძრვითა სულისაჲთა [სინელი, 1965:188]; საშუალი დუმილი გულისსიტყუათაჲ – წყლულსა შინა შფოთებასა სულისასა [A-39: 75v]; λογισμῶν πίσκοπος  [P.G. 852B]: გულისსიტყუათა ზედგანმხილველ [A-39: 85r]; ზედამდგომელი გულის–სიტყუათაჲ  [სინელი, 1965: 213]; გულის სიტყéათა ზედ განმხილველ განმკითხველ [A 711, 11:4]. ან კიდევ, XIII საფეხურის  დასათაურება: Περί τῶν ἀνεκφράστων λογισμῶν τῆς βλασφημίας [P.G. 976B]: თქმული მისივე გამოუთქუმელთა გულის-სიტყუათათÂ გმობისათა – ექვთიმე ათონელი; მისივე გამოუთქუმელთათÂს გულისსიტყუათა გმობისათა - პეტრე გელათელი. ზოგ შემთხვევაში „გულის-სიტყუად“ თარგმნის ექვთიმე ათონელი ბერძ. σκοπὸς-ს (მიზანი), რომელიც პეტრე გელათელს „განზრახვად“ უთარგმნია: Σκοπὸς δὲ τοῖς ἐχθροῖς μῶν . . .[P.G. 656Α] ხოლო განზრახვაჲ არს მტერთა ჩუენთაჲ.. [A-39: 16v]; ხოლო ესე არს გულის-სიტყუაჲ მტერთა ჩუენთაჲ.. [სინელი, 1965:37]. (πρὸς τὸν ... σκοπὸνP.G. 664B) წინააღმდგომ  და დამაბრკოლებელ კეთილისა მის გულის-სიტყჳსა  ჩუენისა  [სინელი, 1965: 42]; კეთილმოსავობისა განზრახვასა ჩუენსა წინააღმდგომ მოქმედთაჲ [A-39:19r]. ციტირებულ კონტექსტში ანტონ კათალიკოსისეულ რედაქციაში გულის-სიტყუის სინონიმურ ფორმად გვხვდება “გამოხატéა”: გულის-სიტყéათა, ანუ გამოხატéათა [A-711,3:1]. ამდენად, “გამოხატéა” ზემოთ შენიშნულ ორ მნიშვნელობასთან ერთად ანტონისეულ რედაქციაში კიდევ ერთ შინაარსს ატარებს: განზრახვა, მიზანი.

ლოგიკურ ტერმინთა ჯგუფში  უნდა მოვათავსოთ ასევე „მიდმოგონება“:

ექვთიმე ათონელი

პეტრე გელათელი

იოანე

 პეტრიწი

ანტონ

კათალიკოსი

P.G., Vol. 88, 1860.

(ed.Migne)

ოცნებაჲ არს ცთომილებაჲ უალთაჲ მძინარესა გონებასა შინა.. ოცნებაჲ არს განცჳბრებაჲ გონებისაჲ მღჳძარებასა შინა ჴორცთასა. ოცნებაჲ არს ხილვაჲ უგუამოჲ და არა არსი. [სინელი, 1965: 53].

ოცნებაჲ არს ცთუნებაჲ თუალთაჲ მძინარესა შინა მიმოგონებასა; ოცნებაჲ არს განკრთომილებაჲ გონებისაჲ მღჳძარებასა შინა სხეულისასა [A-39: 22v].

გონების აღძრვად ჴორცთა უძრაობასა

შინა იტყჳან ბუნებისამეტყუელნი,

ოცნებადთუალთა ჴორც ცთომილებასა,

რაჟამს ონება, ვითარ მძინარე, იყოს

მისთა საგონთა მირიდებით სრულიად.

[პეტრიწი, 1968: სტრ.34].

სხéა არს ოცნება სიზმრისაგან ჰჴამს ცნობად

 ღმრთის-მეტყéჱლურად აქა განცხადებულებს.

ოცნება არის თვალთა ცთუნება მაშინ,

მიდმო გონება ოდეს მძინარეობდეს,

ხოლო სხეული მღჳძარეობდეს ოდეს

[A-711, 3 (სიზმართათვის) :2].

Φαντασία ἐστὶν ἀπάτη ὀφθαλμῶν ἐν κοιμωμέν διανοία

[P.G.669B].

 

 

შუა საუკუნეების ფილოსოფიურ ტექტებში „მიმოგონებად“  ითარგმნებოდა ბერძნული διανόησις, ხოლო „მიდმოგონება“ გამოიყენებოდა განსჯის, დისკურსიული აზროვნების აღსანიშნავად ბერძ. διανοία-s ქართულ შესატყვისად. პეტრე გელათელსδ διανοία უთარგმნია მიმოგონებად, ხოლო ანტონ კათალიკოსს შეუცვლია იგი მიდმოგონებით. ეფრემ მცირემდე, ათონური თუ წინაათონური პერიოდის თარგმანებში ყველაზე ხშირად διανοία - ს თარგმნიან სიტყვით „გონება“ [ჭელიძე, 1996: 403], ისევე როგორც უთარგმნია ექვთიმე ათონელს ამ და სხვა ადგილებში: მრავალგზის წრფელთა და უმანკოთა გონებათა (ἐν τῇ ... διανοίᾳ P.G. 977C) მოვიდის ესე ეშმაკი.. [სინელი, 1965: 331]. მორჩილებაჲ არს მოკუდინებაჲ  ასოთა გონებითა (ἐν ... διανοίᾳ [P.G. 680A]) ცხოელითა... [სინელი,1965: 57].

აქვე უნდა აღინიშნოს ტერმინთა ამ ჯგუფში შემავალი ლექსიკური ერთეული, რომელიც ბერძნული ფორმით შემოსულა შუა საუკუნეების ზოგიერთ ფილოსოფიურ ტექსტში. ამგვარადვეა ანტონ კათალიკოსის რედაქციაშიც:

შიში განაკრთობს სულსა ქéჱ-მდებარესა,

გამოხატéათა სავსეთა შერეულ-ჰყოფს,

განჰსჯათ აყენებს, უცხო-ჰყოფს აპოდიქსის.

ამად ელიჶას იტყჳს გამოცდილებით:

გამიკრთეს თმითურთ Ãორცნიო (შიშისაგან) [A-711, 20:4].

ტერმინი „აპოდიქსი“, როგორც აღინიშნა, არის ბერძნული სიტყვა (ἀπόδειξις) და ქართულად ითარგმნება მტკიცებად, დასაბუთებად, ზოგ შემთხვევაში კი უთარგმნელადაც გადმოდის [მელიქიშვილი, 2011:99], როგორც ეს ანტონ კათალიკოსის ციტირებულ ორიგინალურ სტრიქონებშია. საბას ლექსიკონში „აპოდიქსი“ განმარტებულია, როგორც “აღმოჩენა”. ტერმინი “აღმოჩენა” კი, როგორც დამანა მელიქიშვილი შენიშნავს,  აწარმოა იოანე პეტრიწმა, რათა განესხვავებინა ყოფითი მნიშვნელობის „გამოჩინება“ ზმნისგან და ტერმინოლოგიური მნიშვნელობა მიენიჭებინა მისთვის. იოანე დამასკელის დიალექტიკის  შესაბამის კონტექსტში ეფრემ მცირე და არსენ იყალთოელი ἀπόδειξις ტერმინს თარგმნიან, როგორც „გამოჩინებას” და „გამომაჩინებლობას”. “აღმოჩენა” ფორმასთან ერთად ამავე ტერმინებს იყენებს ზოგ შემთხვევაში ამონიოს ერმიასის მთარგმნელიც, ზოგჯერ კი პირდაპირ ბერძნული ტერმინი გადმოაქვს ქართული გაფორმებით: აპოდიქსი სჳლოგისმოსი რაჲმე არს [მელიქიშვილი, 2011: 96-101]. სათნოებათა კიბის პროზაული რედაქციების ავტორებს  იგი სხვადასხვაგვარად უთარგმნიათ: ἐλπίδος πόδειξις  [P.G. 1129B]; მიზეზი სასოებისაÁ [სინელი, 1965:483]; სასოებისა აღმოსაჩენი [A-39: 184r]. თანკუეთითცა თქუმულისა ამის აღმოსაჩენისა (διποδείξεως [P.G. 992A]) მიერ განმტკიცებად ვმეცადინობდეთ  [A-39: 132v]. პეტრე გელათელი „აპოდიქსის“ ქართულ შესატყვისად  იყენებს ტერმინს „აღმოსაჩენი“. „აღმოსაჩენი“ ამ კონტექსტში გულისხმობს „საბუთს“, „არგუმენტს“. ეს უკანასკნელი ფორმაც (აღმოსაჩენი), როგორც დამანა მელიქიშვილი შენიშნავს, ასევე იოანე პეტრიწს დაუმკვიდრებია ἀπόδειξις ქართულ შესატყვისად „საბუთის“ „არგუმენტის“ მნიშვნელობით [მელიქიშვილი, 2011: 97].

         ამრიგად, სათნოებათა კიბეში საკმაოდ მრავალფეროვანია ლოგიკური ტერმინოლოგია. პარალელური ტექსტებიდან კარგად ჩანს  მთარგმნელობითი პრაქტიკის (ფილოსოფიური ტერმინოლოგიის მაგალითზე) ევოლუცია. კერძოდ, ადრეულ ეტაპზე ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგია ნაკლებად სისტემურია და არ ჩანს მკაცრად ორგანიზებული ტერმინოლოგიური აპარატი (ერთსა და იმავე სიტყვას ექვთიმე ათონელი სხვადასხვა ქართულ შესატყვისებს უძებნის ან კიდევ, სხვადასხვა ბერძნულ ტერმინს ერთი და იმავე ქართული ფორმით თარგმნის), რაც ექვთიმეს ეპოქისთვის და მისი თარგმანების მიზანდასახულობის გათვალისწინებით, ბუნებრივია. ხოლო მოგვიანებით, პეტრე გელათელის თარგმანში, როგორც მოსალოდნელიც იყო, უკვე  ჩანს კარგად ჩამოყალიბებული ცნებითი ენა. რაც შეეხება ანტონ კათალიკოსის რედაქციას, ზოგ შემთხვევაში მისი წყაროა მანამდე არსებული პროზაული თარგმანები, ზოგჯერ კი – შუა საუკუნეების ქართულ ფილოსოფიაში შემუშავებული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგია, რომლის ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა არაერთგზის ჩანს ტექსტში. გვხვდება შემთხვევა, როცა ანტონ კათალიკოსი უკვე არსებულ ტერმინს იყენებს არა ტრადიციული მნიშვნელობით, არამედ ცვლის მის შინაარსს. სტატიაში დამოწმებული კონტექსტები იოანე პეტრიწის რედაქციიდან არსებითად მისდევს თავის ძირითად წყაროს, ექვთიმე ათონელის თარგმანს.

 


[1] სათნოებათა კიბის პოეტური გადამუშავებები ძირითადად მისდევენ თავიანთ ძირითად წყაროებს - პროზაულ თარგმანებს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში პოეტური ტექსტების ავტორები ქმნიან ორიგინალურ სტროფებსაც.

[2] ვსარგებლობთ ტექსტით, რომელიც გამოსაცემად მზადდება პროფ. მერი ცინცაძის მიერ.

 

ლიტერატურა

A-711
კათალიკოსი ანტონ, სათნოებათა კიბე.
A-39
იოანე სინელი, სათნოებათა კიბე (პეტრე გელათელის თარგმანი).
მელიქიშვილი დ.
2011
ძველი ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის ისტორიიდან, თბილისი.
პეტრიწი ი.
1968
პეტრიწი ი. სათნოებათა კიბე, ტექსტი გამოსცა და გამოკვლევა დაურთო ივ. ლოლაშვილმა.
სინელი ი.
1965
იოანე სინელის „კლემაქსი“ თარგმნილი ბერძნულიდან ექვთიმე ათონელის მიერ (XII საუკუნის ხელნაწერების მიხედვით). მ. ცინცაძის დისერტაცია (დანართი), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
ჩუბინაშვილი ნ.
1961
Georgian dictionary along with Russian translation (ed. Al. Ghlonti): http://meskhi.net/lexicon/
ძველქართულ...
2010
ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი, (დ. მელიქიშვილი, ა. ხარანაული, ლ. გიგინეიშვილი, ვ. ჯუღელი), თბილისი.
ჭელიძე ე.
1996
ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია, I, თბილისი.
Migne J.-P.
1860
Patrologiae Cursus Completus, Series Graeca. Vol. 88.