ანტისაბჭოთა პარტიების ბრძოლა ბოლშევიკური ხელისუფლების წინააღმდეგ აჭარაში (1921 წელი)

   ნაშრომში გაანალიზებულია ანტისაბჭოთა პარტიების ბრძოლა აჭარაში ბოლშევიკური ხელისუფლების წინააღმდეგ 1921 წელს.    ანტისახელისუფლო გამოსვლების ფონზე განხილულია ბოლშევიკების მიერ განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიებები პარტიების მიმართ, რაც გამოიხატებოდა მათ ლიკვიდაციაში.

საკვანძო სიტყვები: აჭარა, პარტია, 1921 წელი, ანტისაბჭოთა.

 
 
 
 

მართლაც 1928 წელს შეიტყვეს პირველად საქართველოში გრაცის უნივერსიტეტის ქართული ხელნაწერების შესახებ?

გრაცში დაცული ძველი ქართული ხელნაწერების შესახებ სამეცნიერო წრეებისთვის ცნობილი გახდა 1928 წელს, როცა ა. შანიძემ "ტფილისის უნივერსიტეტის მოამბეში" დაბეჭდა შუხართის გამოკვლევა მის ხელში მოხვერდილ ქართულ ხელნაწერებზე. სინამდვილეში ამ ხელნაწერთა შესახებ შუხართმა 30 წლით ადრე აცნობა მის რამდენიმე კოლეგასა და ორიოდე ორგანიზაციას. 

საკვანძო სიტყვები: გრაცი, ქართული, ხელნაწერები, შუხართი, ა .ხახანაშვილი.

 
 
 
 

მასალები ქალაქ ცხინვალის ისტორიისათვის

ნაშრომში დათარიღებულია  XVIII საუკუნის II ნახევრის ქალაქ ცხინვალის აღწერის დავთარი, რომელიც ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში; მოხილულია დავთარში დაცული სხვადასხვა ცნობა. სტატიას ერთვის ამ დოკუმენტის ერთი ნაწილი.

საკვანძო სიტყვები: ცხინვალი, აღწერა, დავთარი, XVIII საუკუნე.

 
 
 
 

მესამე ტალღის ქართველი იმიგრანტი ქალები აშშ-ში: ამერიკანიზაციის პრობლემა

სტატიაში ავტორი პასუხს სცემს კითხვებს: როგორია მესამე ტალღის ქართველი ემიგრანტი ქალების ამერიკანიზაციის ხარისხი, რა გავლენას ახდენს ასაკი, განათლების დონე, სოციალური სტატუსი ამ პროცესზე, რა როლს თამაშობს მართლმადიდებლობა ქართველი იმიგრანტების ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. დასკვნები, ძირითადად, იმიგრანტების გამოკითხვას ეფუძნება.

საკვანძო სიტყვები: ქალი, ქართველი, იმიგრანტი, აშშ.

 
 
 
 

ქართული წერილობითი წყაროები კირილე ალექსანდრიელის ეგზეგეტიკური კატენების შესახებ

სტატიაში განხილულია XI საუკუნის ქართველი მთარგმნელის, ეფრემ მცირის, კოლოფონი, რომელშიც მთარგმნელი მოგვითხრობს მის მიერ ბერძნულიდან  თარგმნილი ეგზეგეტიკური კრებულის "პავლე თარგმნიანის" შექმნის ისტორიას და საყურადღებო ცნობებს გვაწვდის კატენური კრებულის შემდგენელის, კირილე ალექსანდრიელის, მიერ გაწეულ შრომაზე.

საკვანძო სიტყვები: კირილე ალექსანდრიელი, ეგზეგეტიკა, კატენები, ეფრემ მცირე.

 
 
 
 

შარვაშიძეთა სამთავრო სახლის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და კულტურულ-პოლიტიკური იერ-სახის შესახებ

სტატიაში სათანადო საისტორიო წყაროებზე დაყრდნობით ნაჩვენებია ეროვ­ნულ-სახელმწიფოებრივი და კულ­­ტურულ-პოლი­ტი­­კუ­რი სახე შარ­ვა­ში­ძეთა სამ­თავ­რო სახლისა, რომლის წარმომად­გენ­ლები ის­ტორიულად ყო­ველთვის ერთ­მნიშ­ვ­­ნე­ლოვნად განასახიერებდნენ ქარ­თულ  კულ­ტურულ-პოლი­ტი­­კურ სამყა­როს.

საკვანძო სიტყვები: შარვაშიძე, აფხაზეთი, საქართველო, სამთავრო სახლი.

 
 
 
 

წერილობითი კულტურა შუა საუკუნეების აფხაზეთში

ნაშრომში გამოთქმულია მოსაზრება,  რომ შუა საუკუნეების  აფხაზეთის  წერილობით კულტურაში წამყვანი ადგილი ეკავა ქართულ დამწერლობას; წარმოდგენილი იყო მისი ყველა კალიგრაფიული მიმდინარეობა, რომლებიც არსებობდა  საქართველოს  სხვა ისტორიულ რეგიონებში. სხვა დამწერლობა ამ პერიოდის აფხაზეთში არ  დასტურდება.

საკვანძო სიტყვები: აფხაზეთი, შუა საუკუნეები, ეპიგრაფიკა, ხელნაწერები, დამწერლობა.

 
 
 
 

აფხაზური ენის ფუნქციონირება განათლების სფეროში

სტატიაში განხილულია განათლების სფეროში აფხაზური ენის ფუნქციონირების მოკლე ისტორია XIX საუკუნიდან დღემდე, აფხაზ და ქართველ მოღვაწეთა ბრძოლა ამ პრობლემის გადასაჭრელად. ნაჩვენებია, რომ ცარიზმისა და საბჭოთა ენობრივი პოლიტიკა ხელს უშლიდა ამ ენის სრულმასშტაბიან გამოყენებას, რამაც სერიოზული გავლენა მოახდინა აფხაზი ხალხის ეთნიკურ იდენტობაზე.

საკვანძო სიტყვები: აფხაზური ენა, სკოლა, ენობრივი პოლიტიკა.

 
 
 
 

ინდოევროპულ ენებზე მოსაუბრე ხალხების წინარესამშობლოს პრობლემა

წინამდებარე ნაშრომში განხილულია ე. წ. "პროტოინდოევროპული" ენობრივი სისტემის ფორმირების საკითხები, შემოთავაზებულია ინდოევროპული ენების თავდაპირველი გავრცელების არეალის სამხრეთ შუა აზიასა და ჩრდილოეთ ირანში  ლოკალიზების მცდელობა.

საკვანძო სიტყვები: “პროტოინდოევროპული”, წინარესამშობლო, არქეოლოგიური კულტურა, ჰიპოთეზა, ინდოევროპეისტიკა

 
 
 
 

კულტურათა დიალოგი: ცნებითი აზროვნების სტერეოტიპული მოდელები (არაბული და ქართული ანდაზების კორპუსის მაგალითზე)

სტატია მიზნად ისახავს ანდაზის - მოცემულ  მენტალობაში გარკვეულ ცნებად მოდელირებული  ფორმულის - განსხვავებულ კულტურათა კონტექსტში გააზრებას. კონკრეტულ აზრობრივ მოდელში -,,ყველა თავის შესაფერს პოულობს" - შესული არაბული და ქართული პარალელების შეპირისპირებითი კვლევის საფუძველზე გამოვლენილია, როგორ იქმნება მოცემული სტერეოტიპული სიბრძნე. 

საკვანძო სიტყვები: ანდაზა, ქართული, არაბული, ეთნოცნობიერება, მეტაფორა

 
 
 
 

საქართველოს სასაზღვრო სისტემა: ჩრდილოეთი საზღვრის პრობლემები ანტიკურ ეპოქაში

ნაშრომი ეხება საქართველოს ჩრდილოეთი საზღვრების ისტორიას. ანტიკურ ეპოქაში ჩრდილოეთის უსაფრთხოებას დვალეთისა და დარიალის კარების დაცვა უზრუნველყოფდა. საქართველოს ჩრდილოეთი საზღვრები, ქართული ქვეყნების გარდა, მსოფლიო იმპერიების თვალსაწიერშიც იყო მოქცეული.

საკვანძო სიტყვები: საქართველო, საზღვარი, ჩრდილოეთი, ანტიკური ეპოქა

 
 
 
 

ქართული ხელნაწერი უცხოეთის საცავებში (საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა)

საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკის  ქართული ხელნაწერების კოლექციაში დაცული ოთხი ხელნაწერის საფუძველზე  განხილულია ქართული სამწიგნობრო ტრადიციის მჭიდრო კავშირი ქრისტიანული აღმოსავლეთის სამონასტრო-სალიტერატურო ცენტრებთან.

საკვანძო სიტყვები: ხელნაწერი, ქართული, საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა

 
 
 
 

წავკისის ეკლესიის „სამშენებლო“ წარწერის შესახებ

სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობდა მოსაზრება, რომ წავკისის ეკლესია აშენებული იყო 1493 წელს სომეხი მღვდლის მიერ, რასაც ეკლესიის კედელზე არსებული სომხურენოვანი წარწერით ადასტურებდნენ. სტატიაში გამორკვეულია, რომ აღნიშნულიწარწერა გვიან, სავარაუდოდ, XVIII საუკუნის II ნახევარშია მოტანილი და კედელში  ჩასმული.

 

საკვანძო სიტყვები: წავკისის ეკლესია, წარწერა, სომხური

 
 
 
 

თრიალეთის კულტურის ცულების ქრონოლოგიის, განვითარების ეტაპებისა და ტიპოლოგიის საკითხები

ნაშრომში განხილულია თრიალეთის კულტურაში დადასტურებული ბრინჯაოს ცულები. ასევე, განხილულია ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილო კავკასიის ზოგიერთი ეგზემპლარი, რომლებიც მჭიდრო კავშირს ავლენს სამხრეთ კავკასიურ ნიმუშებთან. წინამდებარე სტატია წარმოადგენს მათი ქრონოლოგიის დაზუსტების, განვითარების ეტაპების გამოყოფისა და ტიპოლოგიის შემუშავების ცდას.

საკვანძო სიტყვები: თრიალეთის კულტურა, ცული, ქრონოლოგია, ტიპოლოგია

 
 
 
 

მიქელ თარხნიშვილის ქართველოლოგიური მოღვაწეობის რამდენიმე ასპექტის შესახებ

მიქელ თარხნიშვილი ქართული მეცნიერების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია უცხოეთში. მან ქართველოლოგიას შესძინა საყურადღებო შრომები და ხელი შეუწყო ქართული კულტურისადმი ინტერესის ზრდას ევროპაში.  წინამდებარე სტატიაში  მიმოხილულია მისი კვლევის ძირითადი საკითხები და  დამსახურება ამ სფეროში.

 

საკვანძო სიტყვები: ქართველოლოგია, საქართველოს ეკლესიის ისტორია, სასულიერო მწერლობა

 
 
 
 

რამდენიმე ქართული ანთროპონიმისა და ტოპონიმის ეტიმოლოგიის საკითხი

აწყურის ეტიმოლოგია უკავშირდება წყალს. მასში გამოიყოფა ა- პრეფიქსი და წყურ- ძირი, რომელიც მეცნიერთა მიერ დაკავშირებულია  ქართველურ სიტყვებთან: წყალი, წყარო, წყარ-, წყუ-, წყორ- და სხვა. ზოგიერთმა აზერბაიჯანელმა და სომეხმა მეცნიერმა გააყალბა აწყურის ეტიმოლოგა და ისტორია, რასაც ეხება ნაშრომი.

საკვანძო სიტყვები: ეტიმოლოგია, ქართველური სიტყვები, აწყურის საეპისკოპოსო

 
 
 
 

საქართველოს ''კავკასიური როლი'' და რუსეთი: 1918-21 წლები და დღევანდელობა

სტატიაში  განხილულია  საქართველოს  „კავკასიური როლისა" და კავკასიის მეზობელ  ერებთან   ურთიერთობების საკითხები; ნაჩვენებია  რუსეთის მიმართება შიდაკავკასიურ ურთიერთობათა  პრობლემისადმი; წარმოჩენილია კავკასიელ ერთა დასავლური მისწრაფებები; მოცემულია პარალელები 1918-1921 წლების პოლიტიკასა და დღევანდელ ვითარებას შორის.

საკვანძო სიტყვები: საქართველო, კავკასია, რუსეთი, 1918-21 წლები, საერთაშორისო ურთიერთობები

 
 
 
 

ძველი ქართული ენის ლექსიკიდან: მანდა

ძველ ქართულში მანდას ჰქონდა რო­გორც "მანდ", ასევე, შედარებით იშვი­ათად - "აქ" ზმნიზედის მნი­შვნელობა. ერთ სიტყვაში ჩადებული ორი ერთმა­ნეთის საპირისპირო შინაარსის გასამიჯნავად მანდა ძველი შინა­არსით შემო­რჩა ენას, ხოლო პირველი პირთან სიახლოვის მაჩვენებლად გამოიყენეს ენაში ოდითგანვე დამკვიდრებული სათანადო შინაარსის მქონე ზმნიზედა აქა.

საკვანძო სიტყვები: ძველი ქართული ლექსიკა, მანდ, აქ

 
 
 
 

წოვა-თუშები ქართულ სოციოკულტურულ სამყაროში

სტატიაში მოცემულია   წოვა-თუშების  ცხოვრების მოკლე ლინგვო-კულტუროლოგიური ანალიზი. წარმოჩენილია მათი ენის, ფოლკლორის,  ყოფის,  საქმიანობის  თავისებურებები, ისტორიული   წარსულისა  თუ დღევანდელობის მნიშვნელოვანი ასპექტები.

საკვანძო სიტყვები: წოვა-თუშები, ლინგვო-კულტუროლოგია, მეცხვარეობა, თვითშეგნება, საქართველო

 
 
 
 

ხელოვანის შეოქმედებითი თავისუფლების პრობლემა ტოტალიტარულ სახელმწიფოში (გრიგოლ რობაქიძის ''ჩაკლული სულის'' მიხედვით)

სტატიაში გაანალიზებულია ტოტალიტარული სახელმწიფოსა და ხელოვანის ურთიერთობის მარად აქტუალური პრობლემა, ტოტალიტარული რეჟიმის დამღუპველი გავლენა ხელოვანის შემოქმედებით თავისუფლებაზე გრიგოლ რობაქიძის რომანის, ''ჩაკლული სულის,'' მაგალითზე. 

საკვანძო სიტყვები: ტოტალიტარული რეჟიმი, ხელოვანი, გრიგოლ რობაქიძე

 
 
 
 

აბრევიატურისა და მოკლე შეტყობინებების ენის რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტის გამო თანამედროვე ინგლისურში

დღესდღეობით აბრევიატურა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ენა ძალიან განვითარდა.  მიუხედავად უამრავი პრობლემისა, რომლებიც დაკავშირებულია Sms ენისა და აბრევიატურის გამოყენებასთან, ისინი თანამედროვე ინგლისური ენის განუყოფელ ნაწილად იქცა. ეს  პროცესი გლობალიზაციის შედეგი და  ცივილიზაციის განვითარების  შემადგენელი ნაწილია. 

საკვანძო სიტყვები: SMS ენა, აბრევიაცია, ორთოგრაფია, თანამედროვე ინგლისური ენა

 
 
 
 

აფხაზური ენა და ქართული გრაფიკა

აფხაზური სალიტერატურო ენა 1938-1954 წლებში გადაყვანილი იყო ქართულ გრაფიკაზე. სტატიაში აქამდე უცნობ საარქივო მასალებზე დაყრდნობით დადგენილია აფხაზური სალიტერატურო ენის ქართულ გრაფიკაზე გადაყვანის ისტორია.

საკვანძო სიტყვები: აფხაზური სალიტერატურო ენის ისტორია, აფხაზური ენის გადაყვანა ქართულ გრაფიკაზე; აფხაზური დამწერლობის ისტორია

 
 
 
 

ახალგაზრდების დისკურსის მოდალობა

სტატიაში განხილულია ქართველი და გერმანელი გოგონებისა და ბიჭების ინტერაქციული მოდალობა აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით მოპოვებული ემპირიული მასალის ანალიზის მიხედვით. 

საკვანძო სიტყვები: დისკურსის ანალიზი, ახალგაზრდების ენა, გერმანელი და ქართველი გოგონები და ბიჭები, ინტერაქციული მოდალობა

 
 
 
 

დისკურსის პრაგმატული კოჰერენტულობის ფორმირების შესახებ

სტატიაში  განხილულია    ტექსტობრივი სქემების აგებისა და ინტერპრეტირების შემცველი გამონათქვამების ერთ კოჰერენტულ მთლიანობაში ინტეგრირების პრობლემასთან.

საკვანძო სიტყვები: დისკურსი, კოჰერენტულობა, პრაგმატულობა

 
 
 
 

ემოციური ცნება ბრაზის შედარებითი კვლევა ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებში

წინამდებარე ნაშრომში ფსიქოლოგიური და ენობრივი თვალსაზრისით განხილულია ემოცია, რომელიც ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებში სახელდება სიტყვებით anger/ბრაზი/гнев. 

საკვანძო სიტყვები: anger/ბრაზი/гнев, ემოცია, ენა, კულტურა

 
 
 
 

ზენა და ქვენა გრძნობებს შორის მოქცეული ადამიანის პრობლემა (ქართული ლიტერატურის მაგალითზე)

პუბლიკაციის თემაა დონჟუანური ლიტერატურული პერსონაჟის, კერძოდ,  ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობის" დათიკოს, როგორც ლიტერატურული ტიპის, გარდასახვის პრობლემა ქართულ ლიტერატურაში (იერემია წარბას, ტარიელ მკლავაძის, ტიტიკო დროიძის, საფარ-ბეგის, გაიოზ გადალენდიას მაგალითზე).

საკვანძო სიტყვები: ი. ჭავჭავაძის `გლახის ნაამბობი~, დათიკო, დონჟუანური ტიპი, ქართული ლიტერატურა

 
 
 
 

რა განსაზღვრავს ზმნის კონსტრუქციებს ქართულში?

ცნობილია, რომ ქართული ზმნა თავისი აგებულების მიხედვით  მრავალპირიანია. ზმნასა და აქტანტებს შორის გარკვეული სინტაქსური კავშირია, რის საფუძველზეც იქმნება მორფო-სინტაქსური კონსტრუქციები. ქართული ზმნის უღლების სისტემა ორ ძირითად კონსტრუქციას გვიჩვენებს: ცვლადს და არაცვლადს, რომლის საფუძველიც გარდამავლობაში უნდა ვეძებოთ.

საკვანძო სიტყვები: კონსტრუქცია, გვარი, ცვლადი/არაცვლადი, გარდამავალი/ გარდაუვალი

 
 
 
 

რამდენიმე უცნობი დეტალი ირანისა და ქართლ-კახეთის სამეფოს 1795 წლის დაპირისპირების შესახებ

საარქივო მასალამ  საშუალება მოგვცა, გარკვეულწილად გადაგვეფასებინა  კრწანისის ბრძოლასთან  დაკავშირებული ქართული ისტორიოგრაფიის მიერ გაზიარებული მოსაზრებები და დოკუმენტურ მასალაზე  დაყრდნობით  ნათელი მოგვეფინა  კრწანისის ბრძოლის საწყისი  ეტაპის აქამდე უცნობი დეტალებისათვის.

საკვანძო სიტყვები: კრწანისის ბრძოლა, ერეკლე II, არტილერია, XVIII საუკუნე

 
 
 
 

ფარული და ღია ენობრივი დაგეგმვის თავისებურებანი XIX-XX საუკუნეების საქართველოში

სტატიაში საქართველოს მაგალითზეა განხილული ენობრივი ცენზურის სხვადასხვა ასპექტი; ცენზურა სოციოლინგვისტურ ლიტერატურაში ე.წ. ფარული ენობრივი დაგეგმვის კონტექსტში შეისწავლება. 

საცენზურო სამსახურების საქმიანობა საქართველოში  შორეულ წარსულშივე დაჩნდება, და სახელმწიფო იდეოლოგიური ამოცანების ცვლის შესაბამისად სხვადასხვა ეტაპს გაივლის;  მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებში, როდესაც ქართული ენის ფუნქციონირების რეგულაცია უცხო ძალის  ხელში აღმოჩნდა და გარეშე სახელმწიფოს იდეოლოგიურ მიზნებს დაექვემდებარა, ცენზურის საქმიანობამაც  სრულიად სპეციფიკური სახე მიიღო.

საკვანძო სიტყვები: ღია ენობრივი დაგეგმვა, ფარული ენობრივი დაგეგმვა, ცენზურა, ქვეტექსტი

 
 
 
 

ქართული ტოპონიმები ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე (1944-1957 წლები)

სტატიაში დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით ნაჩვენებია XX საუკუნის 40-იან წლებში ათიოდე წლით საქართველოსათვის  ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიების მიერთება და ადგილობრივი ტოპონიმების ქართული სახელდებებით ჩანაცვლება; გაანალიზებულია ქართული ტოპონიმების ეტიმოლოგია-სემანტიკა.

საკვანძო სიტყვები: ჩრდილოეთ კავკასია, საქართველო, ადმინისტრაციული საზღვრები, ქართული ტოპონიმები

 
 
 
 

ადგილკუთვნილების აღმნიშვნელი ლექსიკის სოციალური მგრძნობიარობის საკითხი ქართულში

ადამიანის ადგილკუთვნილებითი დამოკიდებულება გარკვეულწილად იცვლება საერთო სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტის ცვლასთან ერთად.

გამოკითხვის შედეგებით დადასტურდა, რომ  ამ თვალსაზრისით მეტად სწრაფად   იზრდება ზღვარი ასაკობრივ ჯგუფებს შორის. ქართულ ენაში მკაფიოდ არის ასახული ადგილკუთვნილებისა და ამ ნიშნით კოლექტიური საზოგადოების  ერთიანობის დასუსტების პროცესი.

 

საკვანძო სიტყვები: ადგილკუთვნილება, პარტიტიულობა, იდეოგრაფიული ლექსიკონი, საცხოვრისის ლექსიკა, ადგილსამყოფლის ლექსიკის სემანტიკა

 
 
 
 

იაკობის ჟამისწირვისა და “წმინდა ჰაბოს წამების” ტექსტთა ურთიერთმიმართების საკითხისათვის

ქრისტეს წმინდა მოციქულების - ანდრიას, სვიმეონ კანანელისა და მატათას -  მიერ ქრისტიანობის გავრცელებას ჩვენს ქვეყანაში იმთავითვე განუსაზღვრავს ქრისტიანული საღვთისმსახურო პრაქტიკის ხასიათი. ჩვენში ქრისტიანობის გავრცელების ადრეულ პერიოდშივე უთარგმნიათ ქართულ ენაზე იაკობ მოციქულის ჟამისწირვის ტექსტი. იოვანე საბანის ძე "აბოს წამების" ერთ-ერთ ლიტერატურულ წყაროდ სწორედ მას იყენებს.

საკვანძო სიტყვები: ჟამისწირვა, იოვანე საბანის ძე, „აბო წამება”, წყარო

 
 
 
 

რეგიონალური იდენტობა: საქართველოს ცენტრი და პერიფერია (1900-1917)

სტატიაში განხილულია რეგიონალური იდენტობის, ცენტრისა და პერიფერიის ჩართულობა და როლი 1900-1917 წლების ქართველი ერის კონსოლიდაციის  პროცესში.

საკვანძო სიტყვები: ქართველი ერი, იდენტობა, ცენტრი, პერიფერია, 1900-1917 წლები

 
 
 
 

ათონელ ბენედიქტელთა კონფესიური კუთვნილების შესახებ

ნაშრომში განხილულია ქართული და ბერძნული ჰაგიოგრაფიული ძეგლების, ათონის მთის აქტებისა და ლეონ ოსტიელის „ქრონიკის" ცნობები ათონელ ბენედიქტელთა შესახებ. ავტორი უარყოფს ელენე მეტრეველის მოსაზრებას ათონელ ბენედიქტელთა კათოლიკობის შესახებ და ასაბუთებს, რომ ისინი მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ.

საკვანძო სიტყვები: ათონის მთა, ჰაგიოგრაფია, დიდი სქიზმა, კათოლიკობა, მართლმადიდებლობა

 
 
 
 

ხ–//ჰ– პრეფიქსის ფუნქციისათვის ი– პრეფიქსიანი ვნებითი გვარის ფორმებში ძველ ქართულში

ხანმეტ-ჰაემეტ წერილობით ძეგლებში ნორმას წარმოადგენს      ხ-//ჰ- პრეფიქსის არსებობა ი- პრეფიქსიანი ვნებითი გვარის სამივე პირის ფორმაში (ხჳქმენ, ხიქმენ, ხიქმნა...). ნაშრომის მიზანს წარმოადგენს ამ ფორმებში  ხ-//ჰ- პრეფიქსის ფუნქციის გარკვევა. 

საკვანძო სიტყვები: ი– პრეფიქსიანი ვნებითი, ხანმეტი, ჰაემეტი, ფონეტიკა, ასპირაცია.

 
 
 
 

ილია ჭავჭავაძის ერთი ლექსის ეპიგრაფის შესახებ

სტატიაში გამოკვლეულია, რომ ილია ჭავჭავაძის ლექსის, ,,მუშას“, ეპიგრაფი  აღებულია არა გამოჩენილი რუსი პოეტის, ნეკრასოვის, შემოქმედებიდან,   როგორც ეს დღემდე  იყო მიჩნეული, არამედ ცნობლი რუსი პოეტის,  რევოლუციონერ-დემოკრატის, ნიკოლოზ ოგარიოვის ლექსიდან ,,Российская империя“. 

საკვანძო სიტყვები: ილია ჭავჭავაძე, ლექსი ,,მუშას“, ეპიგრაფი, ნიკოლოზ ოგარიოვი.

 
 
 
 

კოლხური და ყობანური კულტურების ურთიერთმიმართების საკითხი სამარხ-კონსტრუქციათა და დაკრძალვის წესის მიხედვით (გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანა)

აღნიშნული სტატია ეხება გვიანი ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანის კოლხური და ყობანური კულტურების სამარხ-კონსტრუქციათა და დაკრძალვის წესის ურთიერთმიმართების ანალიზს, რაც დღემდე არ გამხდარა სპეციალური კვლევის საგანი. 

საკვანძო სიტყვები: კოლხური კულტურა, ყობანური კულტურა, კავკასია, სამარხი- კონსტრუქციები, დაკრძალვის წესი.

 
 
 
 

მოსმენა-აღქმის აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულში

სტატიაში წარმოდგენილია მოსმენისა და აღქმის აღმნიშვნელი ლექსიკის ანალიზი ქართულ ენაში, საანალიზო ცნებების მიმართება გაგება-აღქმისა და კომუნიკაციის საერთო პროცესთან. აღნიშნული ნეიტრალურ-ნომინაციური სიტყვების შესაბამისობა ქართველურ ენებთან და გააზრების ზოგადი სურათის შექმნის მცდელობა.

საკვანძო სიტყვები: მოსმენის, გაგებისა და აღქმის აღმნიშვნელი ლექსიკა, სემანტიკური ანალიზი, ლექსიკური ანალიზი.

 
 
 
 

სოცრეალიზმის ეპოქის ქართული სალიტერატურო ცხოვრება ლიტერატურული კომპარატივისტიკის თვალსაზრისით

საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი რესპუბლიკების ორიგინალური მწერლობის გვერდით საბჭოთა ლიტერატურის სპეციფიკას ნათარგმნი ლიტერატურაც განაპირობებდა.  საბჭოთა კავშირში  თარგმანი და ლიტერატურული ურთიერთობები ისევე, როგორც ორიგინალური ლიტერატურა, ხელისუფლების   მიერ კონტროლდებოდა და  სოცრელისტური კანონის დაცვა აქაც სავალდებულო მოთხოვნა იყო.

საკვანძო სიტყვები: სოცრეალიზმი; მხატვრული თარგმანი; ლიტერატურული ურთიერთობები; ქართული ლიტერატურა.

 
 
 
 

ქველმოქმედი ქალები მე-19 საუკუნის აშშ-სა და საქართველოში: ფილანტროპიის პარალელები

წერილში განხილულია მე-19 საუკუნის ცნობილი ამერიკელი ფილანტროპი ქალების  მოღვაწეობა და  წარმოჩენილია პარალელი ამავე პერიოდის ქართველ მოღვაწე ქალთა საქველმოქმედო და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობასთან.

საკვანძო სიტყვები: ქალთა მოძრაობა, ქალთა უფლებები, საქართველო, აშშ, ქველმოქმედება.

 
 
 
 

ზოგიერთი კერამიკული ფორმა აღმოსავლეთ საქართველოში (ახ.წ. I-IV სს.)

სტატია ეხება აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ, ახ.წ. I-IV სს-ით დათარიღებულ ზოგიერთ კერამიკულ ფორმას, რომლებიც ყურადღებას იპყრობენ თავიანთი განსხვავებული ფორმის თუ იშვიათობის გამო და აშკარად განსხვავდებიან ყოველდღიური ყოფისთვის განკუთვნილი ჭურჭლისგან. ამგვარი კერამიკული ნაწარმი დღემდე არ გამხდარა სპეციალური კვლევის საგანი.

საკვანძო სიტყვები: აღმოსავლეთ საქართველო, გვიანანტიკური ხანა, მოჭიქული ჭურჭელი, ამფორისკები, ასკოსები.

 
 
 
 

მოძრაობის ზმნები ქართულში

სტატიაში მოცემულია ქართულში მოძრაობის ზმნების, კერძოდ, გადაადგილების მანერის გამომხატველი ზმნების აღწერის ცდა კოგნიტიური ლინგვისტიკის მეთოდოლოგიის გამოყენებით. გამოყოფილია მოძრაობის ზმნათა ელექტრონული ლექსიკონის პარამეტრები.

საკვანძო სიტყვები: კოგნიტიური ლინგვისტიკა, სემანტიკური ანალიზი, მოძრაობის ზმნები, მოძრაობის მიმართულება, მოძრაობის მანერა.

 
 
 
 

ოთხთავის ათონური რედაქციის უძველეს ხელნაწერებზე დართული კოლოფონები და ათონური რედაქციის ჩამოყალიბების საკითხი

სტატიაში გახილულია ქართული ოთხთავის ათონური რედაქციის უძველეს ხელნაწერებზე დართული მთარგმნელის/რედაქტორის და გადამწერის ანდერძები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, პასუხი გავცეთ სახარების ქართული თარგმანის საბოლოო რედაქციის (გიორგი მთაწმიდლისეული ტექსტის) ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ მთელ რიგ კითხვებს. კერძოდ: როგორ ყალიბდებოდა ოთხთავის ათონური რედაქცია, სად და როდის დაიწყო მასზე მუშაობა გიორგი მთაწმიდელმა, როგორ აფასებდა თავად გიორგი მთაწმიდელი თავის საქმიანობას, რად მიაჩნდა მას თავისი ხელიდან გამოსული ტექსტი – ახალ თარგმანადD თუ ძველი თარგმანის ახალ ვერსიად.

საკვანძო სიტყვები: სახარება-ოთხთავი, გიორგი მთაწმიდელი (ათონელი), ოთხთავის ქართული თარგმანების ხელნაწერები, კოლოფონები.

 
 
 
 

ფოლკლორული იმაგოლოგია: ქართველის ეთნოსტერეოტიპი რუსულ მასკულტურაში

დისკურსული ბუნებიდან გამომდინარე ეთნიკური სტერეოტიპის დამკვიდრებისა და გავრცელების ერთ-ერთ წარმატებულ სფეროდ მასკულტურა, კერძოდ, ფოლკლორული იმაგოლოგია მოიაზრება. სტატიაში განხილულია ქართველთა ეთნოსტერეოტიპის რამდენიმე ტიპური მახასიათებლი ფოლკლორულ მასალაზე, ანეკდოტზე, დაყრდნობით.

საკვანძო სიტყვები: ეთნიკური სტერეოტიპი, ფოლკლორული იმაგოლოგია.

 
 
 
 

ქიოსის სავაჭრო აქტივობები ჩრდილოეთი აფრიკის ტერიტორიაზე ანტიკურ ეპოქაში (სატრანსპორტო ამფორებზე დამყარებული გამოკვლევა)

ბერძნების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული საკოლონიზაციო ქმედებები დაკავშირებულია ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიასთან, სადაც მათ დააარსეს სავაჭრო ნამოსახლარები. ამ ქმედებების გამო ბერძნული მოხატული კერამიკისა და სატრანსპორტო ამფორების აღმოჩენები საკმაოდ მრავალრიცხოვანია ამ რეგიონის ძეგლებზე. აქ აღმოჩენილი ქიოსური ამფორები ადასტურებს ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში ანტიკურ ეპოქაში ღვინოზე დიდი მოთხოვნილების არსებობას.

საკვანძო სიტყვები: ამფორა, ბერძნული კოლონიზაცია, დამღიანი ამფორების ყურები.

 
 
 
 

ცულები ანტიკურ და ადრეშუასაუკუნეების იბერია-კოლხეთში

ნაშრომში განხილულია ანტიკური და ადრეშუასაუკუნეების პირველი ეტაპის (ძვ.წ VI-ახ.წ VII სს.) საქართველოში გავრცელებული საბრძოლო თუ სამეურნეო ცულების ტოპოგრაფიის, ტიპოლოგიზაციისა და ქრონოლოგიის საკითხები. ცალკეული ტიპების წარმოჩენისას განხილულია უფრო ადრინდელი ნიმუშებიც. ნაშრომი ეფუძნება არა მხოლოდ არქეოლოგიურ წყაროებს, არამედ წერილობით წყაროებსაც.

საკვანძო სიტყვები: საბრძოლო ცულები, ანტიკური პერიოდი, ადრეშუასაუკუნეები, იბერია-კოლხეთი.

 
 
 
 

ახლადაღმოჩენილი ეკლესია ისტორიულ იმიერტაოში

სტატია შეეხება თურქეთის ტერიტორიაზე, საქართველოს ისტორიულ პროვინციაში, იმიერტაოში, საკულტო ხუროთმოძღვრების ახლადგამოვლენილ  ძეგლს. სავარაუდო რეკონსტრუქციისა და სტილისტური ანალიზის საფუძველზეც ძეგლი X საუკუნის ტრიკონქის ტიპის ეკლესიადაა მიჩნეული. 

საკვანძო სიტყვები: ტრიკონქი, იმიერტაო, რეკონსტურქცია, გეგმა.

 
 
 
 

ბიზანტიის „ქრისტიანული გეოპოლიტიკა”: ქართლის მაგალითი

ქრისტიანობის როლი რომაულ სამყაროში ფართო განხილვის საგანს წარმოადგენს. თუმცა, მკვლევრების უმრავლესობა არ ინტერესდება საკითხით, თუ როგორ იყენებდნენ ბიზანტიელი იმპერატორები ქრისტიანობას იმპერიის საზღვრების დასაცავად როგორც დუნაისპირეთში, ასევე – აღმოსავლეთში. ქართლის მაგალითზე ნაჩვენებია ის, რომ ბიზანტიის იმპერიის სამეზობლოს „გაქრისტიანება”, უმეტეს შემთხვევებში, არ წარმოადგენდა შემთხვევით პროცესს, არამედ კონსტანტინოპოლის მიზანმიმართული საგარეო პოლიტიკა გახლდათ.

საკვანძო სიტყვები: ქრისტიანობა, ქართლი, ბიზანტია, გუთები, სასანიანები.

 
 
 
 

ინდივიდუალიზმის პრობლემა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში

ნაშრომში განხილულია პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის პრობლემის ზოგიერთი ასპექტი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში, მწერლის დამოკიდებულება ინდივიდუალიზმის ეთიკურ კონცეფციასთან

საკვანძო სიტყვები: ვაჟა-ფშაველა, პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის პრობლემა, ინდივიდუალიზმი.

 
 
 
 

იოანე სინელის სათნოებათა კიბის ქართული თარგმანების ლოგიკური ტერმინოლოგია

იოანე სინელის სათნოებათა კიბე მრავალმხრივ საინტერესო ძეგლია. ქართულ ენაზე შემორჩენილია სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი პროზაული თარგმანები და ასევე, რამდენიმე პოეტური გადამუშავება. წინამდებარე სტატია წარმოადგენს განსხვავებულ გარემოში, განსხვავებული ლიტერატურული გემოვნებით შესრულებულ თარგმანებში  გამოყენებულ ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინების ანალიზის მცდელობას.

საკვანძო სიტყვები: იოანე სინელი, სათნოებათა კიბე, ლოგიკური ტერმინოლოგია.

 
 
 
 

ქართველური ენების ფონოსემანტიკასთან დაკავშირებული ტერმინები და ცნებები

პუბლიკაცია შეიცავს ქართველური ენების ფონოსემანტიკურ ფუძეებთან დაკავშირებული იმ ტერმინების ანალიზს, რომლებიც გვხვდება ქართულ თუ უცხოენოვან ნაშორმებში. სტატიაში განხილულია ამ ტერმინთა ურთიერთმიმართების საკითხები და დადგენილია მათი ზოგადი და კონკრეტული მნიშვნელობები, ძირითადი მახასიათებლები. საუბარია ქართულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებულ უცხოურ და ქართულ ყალიბს  მორგებულ ტერმინებსა თუ ცნებებზე.

საკვანძო სიტყვები: ფონოსემანტიკა, ხმაბაძვა, ბგერწერა, ბგერითი სიმბოლიზმი.

 
 
 
 

„საუნდ პოეზია“ ახალი სინკრეტიზმის კონტექსტში

სტატიაში ქართველი პოეტის, ზურაბ რთველიაშვილის, საუნდ პოეზიისა და ზოგადად მისი შემოქმედების მაგალითზე შესწავლილია თანამედროვე ხელოვნების უმნიშვნელოვანესი  მახასიათებელი, ახალი სინკრეტიზმი, რისი არსიც მდგომარეობს ჰიბრიდიზაციის მეშვეობით ჟანრების დამკვიდრებული საზღვრების რღვევაში, ხელოვნების ტრადიციული და არატრადიციული დარგების შერწყმაში.

საკვანძო სიტყვები: ახალი სინკრეტიზმი, საუნდ პოეზია, ხელოვნების ტრადიციული და არატრადიციული დარგების შერწყმა, ზურაბ რთველიაშვილი.

 
 
 
 

ამილახვართა ეპიტაფიები სამთავისიდან (XIX ს.)

წარმოდგენილ სტატიაში მოცემულია XIX საუკუნის იმ ამილახვართა საფლავების ეპიტაფიები, რომელთა შესახებ მოიპოვება საარქივო თუ სხვა სახის პარალელური ცნობები.

კვლევა ხელს შეუწყობს ამილახვართა საგვარეულოს ქრონოლოგიური და გენეალოგიური ცნობების დადგენასა და დაზუსტებას. 

საკვანძო სიტყვები: ამილახვრები, სამთავისი, ეპიტაფია, ჭალა

 
 
 
 

დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედია“, როგორც კ. გამსახურდიას „დიონისოს ღიმილის“ ინტერტექსტი

სტატია შეეხება ორი სხვადასხვა ეროვნებისა და სხვადასხვა ეპოქის მწერლის ნაწარმოებთა შორის ლიტერატურული პარალელის ძიებას. ეს ნაწარმოებებია – მე-16 საუკუნის იტალიელი მწერლის, დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედია“ და მე-20 საუკუნის ქართველი მოდერნისტი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას – „დიონისოს ღიმილი“. ლიტერატურული პარალელი განპირობებულია ნაწარმოებთა თემატური მსგავსებით. ორივე მწერალი ჯოჯოხეთში ჩასვლას იყენებს ნაწარმოების ძირითად ქარგად. გამომდინარე იქიდან, რომ კ. გამსახურდია კარგად იცნობდა ალიგიერის შემოქმედებას და კრიტიკულადაც აფასებდა მას, საქმე გვაქვს პრეცედენტული ფუნქციით ტექსტის გამოყენებასთან.

საკვანძო სიტყვები: ალიგიერი, გამსახურდია, ჯოჯოხეთი, არქეტიპი, პარალელი.

 
 
 
 

მაკაბელ მოწამეთა „ყრმობის“ გასააზრებლად

„მაკაბელთა წამება“ ბიბლიოლოგიური წიგნების საფუძველზე შექმნილი აგიოგრაფიული თხზულებაა. „მარტვილობის“ ტექსტი 1980 წელს გამოსცა პროფ. ივანე იმნაიშვილმა, თუმცა „წამება“, ლიტერატურული თვალსაზრისით, დღემდე არ ქცეულა მეცნიერთა ინტერესის საგნად. სტატიაში წარმოდგენილია თხზულების ერთ-ერთი საკვანძო საკითხის – მარტვილთა „ყრმობის“ გააზრების მცდელობა.

საკვანძო სიტყვები: მაკაბელები, არაკანონიკური, აგიოგრაფია, სახისმეტყველება, ყრმა

 
 
 
 

მოსე ხორენელისა და კორიუნის თხზულებათა შედარებითი შესწავლა

ნაშრომი ეხება V საუკუნის მოღვაწის მესროპ-მაშტოცის მიერ სომხური, ქართული და ალნაბური ანბანების შექმნას. სომეხი ავტორების კორიუნისა და მოსე ხორენელის თხზულებათა ტექსტოლოგიური ანალიზის   საფუძველზე წარმოდგენილია მათ შორის არსებული ფაქტობრივი განსხვავებანი. შედარებითი შესწავლის შედეგად დგას ხორენელის ცნობების სანდოობის საკითხი.

საკვანძო სიტყვები: კორიუნი, მოსე ხორენელი, მესროპ-მაშტოცი, ქართული ანბანი.

 
 
 
 

ჩეჩნური საგმირო „ილი“ და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ბალადები (მსგავსება, განსხვავება)

ჩეჩნური საგმირო „ილი“ და ქართული ბალადა ზუსტად და შთამბეჭდავად წარმოგვიდგენს ჩეჩნეთისა და საქართველოს მთიანეთის მეომრული საზოგადოებების მენტალიტეტს, გმირობის იდეალს, დღენიადაგ ბრძოლებში ჩართული ხალხის ფსიქოლოგიას. კომპარატივისტული კვლევის შედეგად გამოვლინდა ფოლკლორული შემოქმედების ამ ორი ჟანრის ტექსტებს შორის როგორც განსხვავება, ისე საერთო მხატვრული, სტრუქტურული და მსოფლმხედველობრივი ელემენტები.

საკვანძო სიტყვები: ფოლკლორი, ჩეჩნური „ილი“, ქართული ბალადა.

 
 
 
 

ძალადობის წარმოდგენის თავისებურებები ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს შემოქმედებაში

ლე კლეზიოს შემოქმედებაში ძალადობის თემას, პირველ რიგში, სივრცითი ერთეულების - ბუნებისა და ურბანული გარემოს დაპირისპირება ქმნის  და ამ ოპოზიციასთან დაკავშირებული სახეები და სიმბოლოები. თანამედროვე ქალაქი მწერლის აზრით, ადამიანის არსებობისთვის საშიში სივრცეა, რამდენადაც ის აყალიბებს ცხოვრების ყალბ ღირებულებებს. მისი უკიდურესად აბსტრაქტული არქიტექტურა სივრცის სულისშემხუთველ ხასიათს უსვამს ხაზს. ძალადობის ფორმებად განიხილება თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა ადამიანზე და მომხმარებლური პრინციპები, რომლებიც ყველაზე მკაფიოდ სწორედ ურბანულ გარემოში გამოვლინდებიან. ადამიანის არსებობა ამ სივრცის წიაღში ომად არის შეფასებული.

საკვანძო სიტყვები: წარმოსახვა, ძალადობა, ქალაქი, ბუნება, ომი.

 
 
 
 

ჭაში ჩავარდნილი კაცის იგავი „ვეფხისტყაოსანში“ და მისი მხატვრული ფუნქცია

„ვეფხისტყაოსანში“ გადმოცემულია ჭაში ჩავარდნილი კაცის იგავი, კომპოზიციურად აუცილებელი მხატვრული კომპონენტი, რომელიც პოემის პერსონაჟთა მომავალი ურთიერთობისა და დამოკიდებულების, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის განსაზღვრისათვის კონცეპტუალურია, რადგან იგი ალეგორიული და სახისმეტყველებითი თვალსაზრისითაა გასააზრებელი და წინასწარმეტყველური მისია აკისრია. ჭაში ჩავარდნილი კაცის ალეგორიით შემოდიან ავთანდილი, ტარიელი და ასმათი. იგავი წინასწარმეტყველებაა გამოქვაბულის სამყაროდან ტარიელის გამოყვანის, ანუ „მღვიმური ცნობიერებიდან“ გამოსვლის თაობაზე. სტატიაში მსჯელობაა ავთანდილის, ტარიელისა და ასმათის ჭაში ჩავარდნილი კაცის პარადიგმულ სახეებად წარმოდგენის შესახებ.

საკვანძო სიტყვები: იგავი, ჭაში ჩავარდნილი კაცი, მღვიმური ცნობიერება

 
 
 
 

კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები ცენტრალურ ამიერკავკასიაში (გრაკლიანი გორა)

გრაკლიანი გორის  ნამოსახლარი და სამაროვანი მდებარეობს საქართველოში,   სოფ. იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე. აქ მიკვლეული ძეგლები სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება: 1. პალეოლითი; 2. ენეოლითი; 3. ადრე ბრინჯაოს ხანა; 4. გვიანი ბრინჯაოს/ადრერკინის  ხანა; 5. განვითარებული რკინის ხანა (ძვ. წ. VIII-VII სს.); 6. ძვ.წ. VI ს.;  7. ძვ.წ. V-IV სს.;  8. ძვ. წ. IV-III სს.; 9. ძვ. წ. III-II სს.; 10. ძვ. წ. II-I სს.

საკვანძო სიტყვები: ნამოსახლარი, სამაროვანი, საკურთხევლები, მესოპოტამიური, აქემენიდური.

 
 
 
 

ამირანის ეპოსის ადიღური ვარიანტები

ადიღურ ზეპირსიტყვიერებაში "ამირანის" ეპოსი, ცნობილი მიჯაჭვული ბუმბერაზის სახელით, ერთობ მწირი, მხოლოდ ეპიზოდური სახით არის წარმოდგენილი. ჩრდილო კავკასიის ხალხებში არსებულ ანალოგიურ გადმოცემებს შორის შინაარსით ის ყველაზე ახლოს დგას ყაბარდოულ ვარიანტებთან, რომლებიც შედარებით უფრო ვრცელია. ადიღურ ფოლკლორში "ამირანიანიდან" შემორჩენილია მხოლოდ იალბუზზე მიჯაჭვის მოტივი, უცნობია გმირის სახელი, მისი დასჯის მიზეზი და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი ეპიზოდი.

საკვანძო სიტყვები: ამირანი, ეპოსი, ადიღე, იალბუზი, ბუმბერაზი.

 
 
 
 

სახარების ოშკური ხელნაწერის (ათონ. 62) კოდიკოლოგიურ-ტექსტოლოგიური ანალიზი მათეს სახარების მაგალითზე

სტატიაში მოცემულია  ოთხთავის XI საუკუნის ათონური ხელნაწერის (ათონ. 62) მათეს სახარების ტექსტის კოდიკოლოგიურ-ტექსტოლოგიური ანალიზი, რის საფუძველზეც დადგენილია მისი მიმართება  ოთხთავის ქართული თარგმანის დღეისათვის ცნობილ სხვა რედაქციებთან.

საკვანძო სიტყვები: სახარება, ოშკი, გიორგი მთაწმინდელი, ხელნაწერი.

 
 
 
 

მეგრულ - ქართული ინტერფერენციებისათვის

ნაშრომის მიზანია, წარმოაჩინოს ენობრივი კონტაქტის რამდენიმე ასპექტი ქართველური ენების მაგალითზე. წარმოდგენილია მეგრულ-ქართული ინტერფერენციები მორფოსინტაქსისა და პროსოდიის დონეზე. საკითხი განხილულია ინტრაეთნიკური კომუნიკაციის ფარგლებში და ეყრდნობა  ორენოვანი ავტორის ლინგვისტურ დაკვირვებებს.

საკვანძო სიტყვები: სოციოლინგვისტიკა, ბილინგვიზმი, დიგლოსია.

 
 
 
 

მთიელთა მიგრაციის დასაწყისი დასავლეთ საქართველოში წელთაღრიცხვების მიჯნაზე

ნაშრომში განვიხილავთ ჯერ სტრაბონისა და სხვა ისტორიკოსების მონაცემებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არ იცნობენ ან, ყოველ შემთხვევაში, არ ასახელებენ აფხაზურ-ადიღეურ ტომებს, ხოლო შემდეგ იმ ისტორიკოსების მონაცემებს მიმოვიხილავთ (პლინიუსი და არიანე), რომლებიც აფხაზურ-ადიღეურ ტომებს პირველები იხსენიებენ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.  ასევე, სტატიაში განვიხილავთ  სხვადასხვა მთიელი ტომის - აბასგების, აფშილების, ლაზების, სანების  - მიგრაციის მიზეზებს.

საკვანძო სიტყვები: კოლხეთი, ჰენიოხები, აფშილები, კერკეტები, აფხაზეთი.